როდესაც გურამ შარაძის მიერ რუდუნებით ნაგროვებ ქართველ ემიგრანტთა მიმოწერას გავეცანი, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.
ეს სისხლითა და ცრემლით ნაწერი გზავნილები საკუთარ თავზე თავადვე ღაღადებენ, ამიტომ მხოლოდ იმას დავძენთ, რომ ისინი 1924 წლის ქართულ ამბოხებას ეხმიანებიან.
ორი თოფიანი კაცი შემოვიდა ეზოში. ჩუმად მომიახლოვდნენ და მომესალმნენ: გოგის გაუმარჯოს! ღმერთმა გაგიმარჯოთ! - მეც მივესალმე და იქვე კაკლის ქვეშ გრძელ ქვის სკამზედ დასაჯდომად მივიწიე. ვერც ერთი ვერ ვიცანი. "სიფრთხილეა საჭირო, ხალხი სანდო არ არის", - გავიფიქრე. წელში გავიმართე, თავი ამაყად დავიჭირე და დავიწყე: უკაცრავად, ამხანაგებო, რაშია საქმე, რით შემიძლიან გემსახუროთ, მზადა ვარ სამსახურისათვის! ერთმა მათგანმა მწარედ გაიცინა და მითხრა: თუ კაცი ხარ, რომელ ამხანაგობაზე მეუბნები, კომსომოლის კარებზედ ხომ არ გგონია თავი, წესიერად ვილაპარაკოთ, სჯობია, დრო ძალზე ცოტა გვაქვს. აი, გოგი, - და მან პატარა ბარათი გამომიწოდა. სასწრაფოდ სახლში შეველი. პატარა ქაღალდი გავშალე. თითქმის მთლად ცარიელი, მხოლოდ ხელის მოწერაა. ხელის მოწერა ვიცანი - ო...ძე. ქაღალდი სასწრაფოდ დავხიე. იქვე კერაზედ დავყარე და სტუმრებთან დავბრუნდი. ყველაფერი გასაგებია, - მივამრთე და მათ წინ კოინდარზედ მოვიკეცე.
ბატონებო, ვინ ბრძანდებით? - შევეკითხე მათ დაუფიქრებლივ. მიცნობდეთ: მე გახლავარ გრიგოლ მდინარაძე და ეს ახალგაზრდა ჭიათურელი ს. ვაშაძე გახლავსთ. ბ-ნო გრიგოლ, საითგან მობრძანდებით? ჭიათურითგან. ჭიათურამ აჯანყება უკვე წააგო უთანასწორო ბრძოლაში, მტერმა გაიმარჯვა. თითქმის მთელი აჯანყებულები დააპატიმრეს. მხოლოდ ათიოდე კაციღა დავრჩით, რომლებმაც თავს ვუშველეთ. დაპატიმრებულია 223 კაცი, მათში რამოდენიმე ქალიც არის. დღეს გავიგეთ, რომ ყველანი მეტეხში უნდა გადაიყვანონ. ჭიათურის აჯანყება დაეცა, მაგრამ აქ როგორ არის საქმე, გოგი? ჩვენ გვინდა აქაურებს დავეხმაროთ, მაგრამ აქაც არ არის მგონი მდგომარეობა ჭიათურაზე უკეთ.
მის ლაპარაკში არ იყო შიში და ყოყმანი ბრძოლის გაგრძელებისა. მას მხოლოდ ბრაზი ახრჩობდა, რომ ბრძოლა მიზანს ვერ ახწევდა და მტრის უხეშ ხელს მეტი ძალა ჰქონდა, რასაც ვერ ურიგდებოდა ვაჟკაცის გული.
გ. მდინარაძემ მძიმედ ამოიოხრა და განაგრძო: იცი, რა გითხრა, გოგი? მართალია, არ გიცნობდი, მაგრამ როდესაც ჩხარში წამოსვლა გადავწყვიტე, მეგობრებმა მითხრეს შენზედ: იქ ერთი ახალგაზრდა არისო და იმის მეტს ვერავის ნახავო, ვინაითგან ყველას თოფი ექნება ხელში და ის ჯერ კიდევ ისე ახალგაზრდაა, რომ მას თოფს არ მისცემენო. მითხრეს, რომ ყოფილხართ ქუთაისის გიმნაზიის ერთ-ერთი მენშევიკური ორგანიზაციის ხემძღვანელი. ეს ყოველივე სასიამოვნოა, მაგრამ იცოდეთ, იაფათ არ დაუჯდება ეს აჯანყება საქართველოს. კაცო, ამდენი სიცრუე და სივერაგე გაგონილა? ჟორდანია ბათომში ჩამოვიდაო, მთავრობას დიდი ძალა აქვს ხელშიო. მხოლოდ შიგნით არის პატარა აჯანყება საჭირო და ყველა რიგზედ იქნებაო. ვერ გამიგია: რა საჭიროა ასე ხალხის გაბრუება! ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ "მთავრობას" და მათ დანაპირებებს. ტყუილად არის გავრცელებული ბრმა ფანატიკოს პროპაგანდისტების მიერ "მთავრობის" ჩამოსვლაზედ და ტყვია-წამლის მიწოდებაზედ. არაფერი ამის მსგავსი არა იქნება რა. ეს სოციალ-დემოკრატიული პარტია არც აროდეს ყოფილა სამშობლოს მოყვარული და არც მის განთავისუფლებისთვის შეაკლავს თავს. ჟორდანიას მთავრობას რომ საქართველო დამოუკიდებელი სდომებოდა, ის კიდეც დაიცავდა აქ ყოფნის დროს. ახლა სადღაც ჯანდაბაშია გაქცეული, და იქიდან ფიქრობს გაანთავისუფლოს ჩვენი ქვეყანა რუსების ხელითგან და ისიც ბოლშევიკებისგან, როდესაც თვითონ ბოლშევიკია, მათმა თავის გახეთქვამ!..
მე წინდაწინვე ვგრძნობ, რომ ქართველი აჯანყებულები, რომელნიც მოტყუებულნი დარჩნენ ამ საძაგელ "მთავრობის" მიერ, განაგურებული იქნებიან რუსების ხელით, და ამით საქართველო დაცარიელდება მეთაურ მხედრებისაგან და საერთოდ ამოსწყვეტენ ნამდვილ მამულიშვილებს, საქართველოს გულს გაუპობენ, ლახვარს ჩასცემენ მის მომავალს. მე ვიშობ, ეს აჯანყება არ გახდეს საბაბი საქართველოს დასამარების!
მენშევიკების მთავრობა კი, იცოცხლე, ბევრს ისარგებლებს საქართველოს უბედურებით. საფრანგეთში მოკალათებული დიდ ბაქი-ბუქობას დაიწყებს ევროპიელების გასაგონად: ქართველი დემოკრატია იბრძვის კომუნისტების ოკუპანტების წინააღმდეგ, რასაც ამოწმებს ეს აჯანყება, რომ საქართველოს დემოკრატიას ისევ ჩვენი დაბრუნება სურსო, და სხვა ამგვარი მენშევიკური ენით დაწერილი მზაკვრობანი და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ფული გამოსცინცლონ ტანჯულ საქართველოს სახელით მარქსიზმის და ინტერნაციონალიზმის გასაძლიერებლად, რასაკვირველია, არა ნამდვილი და თავის მუქთახორების გასაძღომად და არა საქართველოს დასახმარებლად. აი, ამ პოლიტიკის წყალობით ჩავცვივდით ასეთ დღეში. ეს კარგად იცოდე, ძმაო გოგი, რომ მენშევიკური პარტიის მეთაურები ხალხს და ერის ინტერესებს ნაკლებ ფასსა სდებს და მხოლოდ თავის პარტიულ იდეებს სწირავს ყოველივეს.
მე შეიძლება, გოგი, დიდხანს ვერ ვიცოცხლო, ამ თოფს ვეღარ გავაგდებ ხელიდგან და შენ გაგახსენდება ჩემი სიტყვები!
გამომშვიდობებამდის მითხრეს: გააფრთხლე ყველანი ჩვენები, თოფი არავინ აიღოს. უკვე ყოველივე გათავდა. ბრძოლა წავაგეთ. ჭიათურა აიღეს, სამეგრელო საშა გეგეჭკორის რაზმმა და რუსის ჯარმა აიღო, დარჩა ჩხარისა და ეწერის აჯანყებულები, ეს სულ ჩვენი იმედი, რაც არავითარ საყრდნობ წერტილს არ წარმოადგენს. მაშ, ასე, გოგი, გისურვებთ ყოველივე კარგს და ჩვენ გზა დაგვილოცე. თუ გადაურჩით მაგ ძაღლების ხელს - კარგია. ხელი მაგრად ჩამომართვეს, ორივენი უხმოდ გავიდნენ ეზოთგან, მე თვალი გავაყოლე. მათმა ვაჟკაცურმა, ლამაზმა შეხედულებამ და მკაცრმა გამომეტყველებამ აღფრთოვანება გამოიწვია ჩემში. შინ შევბრუნდი. მომაგონდა, რომ ნაშუადღევის 3 საათზედ ზესტაფონში უნდა წავსულიყავ. დატუსაღებული მამის შესახებ იქნებ რაიმე მომეგვარებინა.
მივუახლოვდი ზესტაფონს. ლიანდაგის გადასასვლელზედ რუსის ჯარისკაცი წინ და უკან დადიოდა, მეც გაუბედავად ვუახლოვდებოდი. მან შემამჩნია, თოფი მოიმარჯვა და შემომძახა: "კტო ტამ, ტავარიშჩ, იდიტე ნაზად! ინაჩე ბუდუ სტრელიატ". მეც გადაუხვიე მარცხნით. ჯარისკაცს თვალით მოვეფარე და იქვე სარწყავ არხი ჩავეშვი და ზესტაფონის მიმართულებით თითქმის ხოხვით გავეშურე. ამ არხით თითქმის ერთი კილომეტრი გავიარე. არხითგან ჩუმათ ამოვედი, გადაუხვიე ქვემოდ, მივადექ რკინის გზის სადგურის ქვიტკირის კედელს. არავინ სჩანდა. ერთი წუთიც და კედლის მეორე მხარეს მოვექეცი. ლიანდაგის ფუტები სავსე იყო საბარგო და სახალხო რონოდებით. მეც შეუმჩნევლად რონოდების კედლებს მივყვებოდი. ერთ საბარგო რონოდას მივაქციე ყურადღება. ის თითქმის ერთ მხარეს იყო გადაწოლილი. რონოდის კედლები გადაჭრილი იყო ტყვიისმფრქვეველით. კარები ღია იყო. შიგ შევიხედე. გულმა ცემა დამიწყო, დავინახე საშინელება. ვიგრძენ უბედურება. ვიგრძენ ჯერ კიევ თბილი სისხლი ძვირფას ქართველთა. ვინ იცის, ვისი სისხლი არ ექცია ამ დაწყევლილ რონოდის იატაკზედ. მუხლები ამიკანკალდა, სუნთქვა შემეკრა. ეხლა მივხვდი, წუხანდელი სროლის მიმართულებას. ეხლა მივხვდი, თუ ვის სისხლში გამისვრია ხელები და ვისი სისხლი შევურაცხვე და გავიარე ჩემი ცოდვილი ფეხებით. ხელებზედ დავიხედე. თითებს კიდევ აჩნდა გამხმარი სისხლის კვალი. ხელები წინ წავწიე და ზიზღით და შიშით დავუწყე ცქერა. უნებლიეთ მეც მონაწილე გავხდი ამ უბედურების? ჩემი ფეხებით გავთელე წმინდა სისხლი! ჩემი ხელები გაისვარა დახვრეტილ მამულიშვილთა სისხლში! სული მეხუთება. გულის ძგერა მინელდება. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი... მეორე რონოდა. იგივე სანახაობა... რონოდაში 3-4 სანტიმეტრი სისხლი სდგას, ადგილზედ შედედებული. სისხლი აშლილია, ეტყობა გვამები უთრევიათ. ადგილზედ ასახულია ხელების და ტანის ტანჯული მოხაზულობა. რონოდის კედლებზედ, რომელიც მთლად დახვრეტილია ტყვიისმფრქვეველით, მიჭრილია დახვრეტილთა ხორცის ნაგლეჯებით. სურათი შემზარავია. წმინდა სისხლით შეღებილია რონოდის კედლები, შიგნით და გარედ. ღია კარებითგან წვეთს ჯერ კიდევ შეუდედებელი სისხლი, ხელები თვალებში ამოვისვი, წამოსული ცრემლები ამოვიწმინდე. ერთი კიდევ შიშით გადავხედე წყეულ რონოდებს ფეხებ მოდუნებულმა და თავს ბრუდახვეულმა დავტოვე ეს გულშემზარავი ადგილი.
იმ დღეს მამის ნახვის ნება არ მომცეს, მხოლოდ საჭმლის შეგზავნა მოვახერხე. ნაშუადღევის 4 საათი იქნებოდა, როდესაც გაბოროტებულმა ათასნაირი აზრებით და ფიქრებით დავტოვე ზესტაფონი.
მეორე დილით მთელმა სოფელმა, მთელმა საქართველომ იცოდა მომხდარი ამბავი, არა მარტო ჩვენი მხარის, არამედ მთელი საქართველოსი.
იმ დროს, როდესაც ბაქრაძე და ვაშაძე ტყვიის ცეცხლით ანადგურებდნენ იმერეთის აჯანყებულებს, სამეგრელოში საშა გეგეჭკორი დაფარფაშებდა მაუზერით ხელში და სპობდა სიცოცხლეს მისას, ვინც მას თვალში არ მოეწონებოდა. არც ერთ ტუსაღს არ მიუღწევია ციხემდის. სენაკისა და მარტვილის ახლო-მახლო თითქმის ყველ ნაბიჯზედ შეხვდებოდით გვამს, ტყვიით განგმირულს, მწარე ღიმილშერჩენილს, ან ტანჯვით სახემოქცეულს და დამახინჯებულს მტრის ხელითგან.
დახვრეტები გაგრძელდა პარასკევ საღამომდის. ზესტაფონის ციხე სავსეა ტუსაღებით. უკვე გადაბმულია ერთიმეორეზე ოთხმოცამდე სასაკლაოზე გასაყვანად. გაისმა ხმა: დახვრეტები შეჩერებულია!.. გადაბმულებს ხელები დაუხსნეს. ყველას სახეზე უცვლელი სიმწუხარეა მხოლოდ. აქა-იქ ისმის კმაყოფილი წამოძახილი: მადლობა ღმერთს, სიკვდილი ციმბირით შეიცვალა!
ღირსეულმა მამულიშვილებმა მტერს თავი შეაკლეს. რუსებმა და ქართველ მოღალატეებმა დახვრიტეს ხელ-ფეხ შეკრული პატრიოტნი. მენშევიკების აგენტები და პროვოკატორები კი თავს უფრთხილდებოდნენ, როგორც ჟორდანია-რამიშვილის ინსტრუქცია ამას უთითებდა: აქტიური სოციალ-დემოკრატები არ ჩაებან ბრძოლაში, ეცადეთ ბოლშევიკების მიერ უკმაყოფილო ხალხი გაახელოთ, რომ მტერზედ ანგარიშმიუცემლად ზედ მივიდესო, და სხვა ასეთი ბევრი უსინდისო ინსტრუქციები ჰქონდა პარტიას, რომელიც დეზერტირობის სულით იყო გაჟღენთილი. თვითონ თავი გადაირჩინეს და საქართველო რუსის დათვს პირში მისცეს. ვაი, რომ საბედისწერო შეიქმნა ჩვენთვის ამ გახრწნილი პარტიის რეგვენ ხელმძღვანელთა ავანტურა!..
მენშევიკებს ალბათ ის უნდოდათ, რომ რუსებს მოესპოთ ნამდვილი პატრიოტები, ქართველი მამულიშვილნი, რადგან ისინი იყვნენ სწორედ, რომ მათ საქმეს უჭირვებდნენ და ხელს უშლიდნენ მათი ბოროტი საქმის განხორციელებას.
აჯანყება "მოაწყვეს" მენშევიკებმა, მაგრამ ეს აჯანყება სრულიად მოუწყობელი იყო: არც იარაღი, არც ტყვია-წამალი, არსაიდან დახმარება, ხელცარიელი ხალხი მიუსისინეს და მიუსიეს ძლიერს, კბილებამდე შეიარაღებულ მტერს. მერე ვინ ხელმძღვანელობდა და ქადაგებდა ამხედრებას კომუნისტების (და არა რუსების) წინააღმდეგ? მენშევიკები, რომელთაც მარქსიზმისათვის თავდადება და ბრძოლა კარგად ეხერხებოდათ, ხოლო ერის განმანთავისუფლებელი ბრძოლის წინამძღოლობა ისე შეშვენოდათ, როგორც ვირს კრიალოსანი. აჯანყება სისხლში ჩაიხრჩო, მაგრამ ამავე სისხლში დაიბადა გადაწყვეტილება, დღეს რომ ქართველი ერის გულში ღრმად ბუდობს: მენშევიკ-ბოლშევიზმს საქართველოს ნიადაგიდან ძირიან-ფესვიანად ამოაგდებს და მტკიცე ეროვნულ, თეთრ-გიორგულს საქართველოს შექმნის.
დამასკო, 1936 წლის ოქტომბერი