თავი მეორე
ცოდვის გამო შეწირული მსხვერპლი თუ ღმერთის სიყვარულისა და საქმის ერთგულების გამომხატველი კეთილი ნიჭი და საბოძვარი
აბელსაც და კაენსაც კარგად ესმოდათ, რას ნიშნავდა დაკარგული სულიერი ცხოვრება, რა იყო ამ მარცხის მიზეზი, რას წარმოადგენდა მდგომარეობის გამოსწორების საშუალება, დაბოლოს, რას მოელოდა უფალი ადამიანისგან. წმინდა წერილი გვასწავლის, რომ, ერთი მხრივ, "ყოველი კეთილი საბოძვარი და ყოველი კეთილი ნიჭი ზეგარდმო გადმოდის ნათელთა მამისგან, ვისთვისაც უცხოა ცვალებადობა და ცვლილებების ჩრდილი" (იაკ. 22:17) და "ვინც ამბობს, რომ შეიცნო იგი, მაგრამ არ იმარხავს მის მცნებებს, ცრუა და ჭეშმარიტება არ არის მასში" (1 იოან. 2:4), ხოლო, მეორე მხრივ, მიგვითითებს: "მაშ, იყავით სიტყვის აღმსრულებელნი და არა მხოლოდ მსმენელნი თავის მოსატყუებლად" (იაკ. 2:22). თუ ცოდვით დაცემამდე ადამს ქვეყნისათვის, როგორც მხოლოდ კარგ პატრონს, უნდა მოევლო, დაცემის შემდეგ ადამიანს ღვთისა და მოყვასის სიყვარულით საკუთარ პიროვნებასთან ერთად დედამიწის დაზიანებული ბუნების გაჯანსაღებაზეც უნდა ეზრუნა.
ლევიტური თვალსაზრისით, როგორც აბელის, ისე კაენის მიერ გაღებული მსხვერპლი უფლისათვის მისაღები უნდა ყოფილიყო, მაგრამ აბელის მიერ მირთმეული ნათავარი უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა (დაბ. 4:4). დაწერილია: "და გახდა აბელი ცხვრების მწყემსი, ხოლო კაენი იყო მიწათმოქმედი. და გავიდა დღეები და მიართვა კაენმა მიწის ნაყოფთაგან ძღვენი უფალს. და აბელმაც მიართვა თავისი ცხვრების პირმშოთაგან და მათი ცმელიდან. და გადმოხედა ღმერთმა აბელს და მის ძღვენს, ხოლო კაენს და მის მსხვერპლს არ მიხედა. და დაღონდა კაენი ძლიერ და შეეჭმუხნა სახე" (დაბ. 4:2-5). წმინდა მამათა განმარტებებში ტრადიციულად მიჩნეულია, რომ ძღვენი კაენმა უგულოდ შეარჩია და ღმრთისადმი მის დამოკიდებულებაშიც ასეთივე უგულისყურობა გამოვლინდა. გული პიროვნების ბუნების სარკეა, ამიტომ უფალიც არა ძღვენს, არამედ გულს უმზერს, "რადგანაც ღმერთმა ჩაუდო გულში, აღასრულონ მისი ნება" (გამოც. 17:17). მიუხედავად ამისა, გამოვლენილი დამოკიდებულების გამო ღმერთს კაენი არ დაუსჯია, არ დაუწყევლია და არ განუდევნია. შეწირული ძღვნისადმი თავისი დამოკიდებულებით უფალმა კაენი გააფრთხილა და აგრძნობინა, რომ ასეთი უგულისყურობით იგი ვერც საკუთარი დაცემული პიროვნებისა და ვერც სამყაროს განწმენდის საქმეში დადებით როლს ვერ შეასრულებდა, ამიტომ მის მიერ ამგვარად გაღებულ მსხვერპლს ღმერთისათვის ყოველგვარი მნიშვნელობა დაკარგული ჰქონდა.
აბელის მსხვერპლის უპირატესობას მოციქული პავლე მის რწმენაში ხედავს: "რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს უკეთესი მსხვერპლი, ვიდრე კაენმა; რწმენით მიიღო მოწმობა, რომ მართალი იყო, როგორც უმოწმა ღმერთმა მის მსხვერპლს" (ებრ. 11:4). აბელს უფალი იესო ქრისტე მართალს უწოდებს (მათ. 23:35), ასევე იხსენიებს აბელს მოციქული პავლეც (ებრ. 11). მეორე მხრივ, ისიც ნათელია, რომ არც აბელი და არც კაენი თანამედროვე ადამიანები არ იყვნენ, რომ მათ ღმერთის არსებობაში ეჭვი შეჰპარვოდათ, ამიტომ საინტერესოა, რას გულისხმობენ წმინდა მამები აბელის რწმენაში:
* უწინარეს ყოვლისა, აბელს გაცნობიერებული ჰქონდა და ესმოდა, რომ ცოდვის გამო სამყაროს თავისი ნამდვილი სახე დაკარგული ჰქონდა და ადამიანის სულსა და ღმერთს შორის ცოდვა, ანუ გველის შთამომავლობა იდგა;
* აბელს ესმოდა, რომ მას გველის თესლთან, ანუ ცოდვის შედეგებთან ბრძოლა და სამყაროს ცოდვისაგან განწმენდა დაუყოვნებლივ უნდა დაეწყო;
* აბელი საკუთარ ცოდვიანობასაც გრძნობდა; მან იცოდა, რომ კაცთა მოდგმა ღვთისა და ქვეყნის წინაშე დამნაშავე იყო; იცოდა ღმერთის აღთქმა, რომ გველის თესლსა და აბელის შთამომავლობას შორის მტრობა იყო და გრძნობდა ღმერთის სიტყვის ჭეშმარიტ შინაარსს, ხედავდა, რომ გველი საბოლოოდ უნდა განადგურებულიყო;
* ქრისტიანულ ეგზეგეტიკაში აბელი იესო ქრისტეს (ტყპოს) პირველსახეა, ის პირველი ადამიანია, რომელმაც ქვეყნის გაჯანსაღება და ღმერთთან შესახვედრად განმზადება დაიწყო. იცოდა აბელმა, რომ ღმერთი სიყვარულია და კაცთა მოდგმას მხსნელი მოევლინებოდა. აბელს ესმოდა მისი სიტყვები: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვართა... ვინც ჩემით შევა, ცხონდება...";
* აბელმა იცოდა, რომ სამყაროში ჯერ მაცდური იყო გამეფებული და აბელს, როგორც ცოდვით დაცემულს, ბოროტთან საბრძოლველად ძალისხმევა უნდა გამოეჩინა, სიკეთის ძალა მოეკრიბა და ქვეყანას ღვთისაკენ გასძღოლოდა: "მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის...";
* აბელი იცნობდა ღმერთს და მისთვის ყველაფერზე უმნიშვნელოვანესი ღმერთის ნების აღსრულება იყო: "მე ვარ მწყემსი კეთილი... როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას...";
* აბელი ღვთის სიტყვით ცათა სასუფეველში შესვლას ელოდა: "ეს მცნება მიმიღია მამაჩემისგან";
* აბელმა იცოდა, რას ნიშნავდა მისი პიროვნული სული, რომელმაც ადამის დაცემის შედეგად ღმერთთან ერთიანობა დაკარგა. მას ესმოდა, რომ თავისი სული უნდა დაეთმო და ღვთის სასუფეველში კვლავდაბადებული შესულიყო: "იმიტომ ვუყვარვარ მე მამას, რომ დავდებ ჩემს სულს, რათა კვლავ დავიბრუნო იგი...";
* ასეთი მცნებებით უნდა ყოფილიყო აბელი განმსჭვალული, რადგან მაშინ, როდესაც "შვების სამოთხის პირდაპირ" ცხოვრობდა, არ შეიძლებოდა მისი გული სამოთხეში დაბრუნების მოლოდინით და მაცხოვრის სიყვარულით არ ყოფილიყო აღვსილი. ამ მცნებების შესახებ საუბარია იოანეს სახარებაში (იოან. 10:7-18).
ერთმა ბატონმა შორს გამგზავრებისას მონები დაიბარა და თავისი მონაგები ჩააბარა. ლუკას იგავის მიხედვით, ყველა მონა ერთნაირი რაოდენობის ვერცხლს ღებულობს, მათი მონაგები კი განსხვავებული აღმოჩნდა, ამიტომ ყოველმა მათგანმა იმის შესაფერისი ჯილდო მიიღო, რაც შეიძინა. იგავი გვასწავლის, რომ უფლის ქონების არც ერთი ნაწილი არ უნდა დარჩეს გამოუყენებელი, თორემ მას ეშმაკი დაეპატრონება. იმან, ვინც უფლის მიერ ბოძებული სიკეთის გასამრავლებლად და განსაკარგავად უფლის მსგავსად შემოქმედებითად არ იღვაწა, იმისათვის, რათა უფლის საქმე კარგად განხორციელდეს, თავისი წილიც მას უნდა გადასცეს, ვინც უფლის ნება აღასრულა და კარგად იღვაწა. "ვინც მიიღო ნიჭი სიყვარულისა და სწავლებისა სხვათა სიკეთისათვის, და არ ასარგებლებს მათ, იგი თავად ღუპავს ნიჭიერებას... იმისათვის მოგვცა ღმერთმა ნიჭი სიტყვისა, ხელი, ფეხი, სიძლიერე სხეულისა და გონება, რათა ყოველივე ეს საკუთარი ხსნისათვის და მოყვასის სასიკეთოდ გამოვიყენოთ. სიტყვა და ძალა გვჭირდება ჩვენ არა მხოლოდ გალობისა და მადლიერებისათვის, არამედ სხვათა სწავლებისა და ნუგეშისათვის. თუ სიკეთით ასე ვსარგებლობთ, მაშინ მივემსგავსებით უფალს, ხოლო თუ პირიქით, - ვემსგავსებით ეშმაკს", - გვასწავლის წმინდა იოანე ოქროპირი.
როდესაც კაენის მიერ განხორციელებულ მსხვერპლშეწირვას წმინდა მამების განმარტებით ვსწავლობთ, მათეს და ლუკას სახარებაში წარმოდგენილ ზარმაც მონას ვხედავთ, რომელიც თავს იმით იწონებს, რომ ვერცხლს მთლიანად უბრუნებს ბატონს. დაწერილია: "მოვიდა ისიც, ვინც ერთი ტალანტი მიიღო, და უთხრა: ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ შენ: იმკი, სადაც არ დაგითესავს და კრებ, სადაც არ დაგიბნევია; და შემეშინდა, წავედი და დავფალი შენი ტალანტი მიწაში; აჰა, შენი შენთან არის. მიუგო მისმა ბატონმა და უთხრა მას: ბოროტო მონავ და ზარმაცო, იცოდი, რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს და ვკრებ, სადაც არ დამიბნევია. ამიტომ უნდა მიგეცა შენ ჩემი ვერცხლი ვაჭრებისთვის, და როცა მოვიდოდი, ავიღებდი ჩემსას მონაგებითურთ. ამიტომ წაართვით მაგას ეგ ტალანტი და მიეცით, ვისაც აქვს ათი ტალანტი. რადგან ყველას, ვისაც აქვს, მიეცემა და მიემატება; ხოლო ვისაც არა აქვს, რაც აქვს, წაერთმევა მას. და ეგ ურგები მონა გააგდეთ ბნელ გარესკნელში; იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭიალი" (მათ. 25:24-30). იმისათვის კი არ გვაძლევს ღმერთი ნიჭს, რომ შემოვინახოთ, არამედ იმისათვის, რომ გავამრავლოთ, კეთილი მოყვასს გავუნაწილოთ და ამ მხრივ გავამრავლოთ ღმერთის დიდება, ანუ იმისათვის კი არ ვღებულობთ უფლისაგან გონებას, სიტყვას, ძალასა და ნიჭიერებას, რომ ადამიანმა არაფერი გააკეთოს, არამედ იმისათვის, რომ ყველაფერი სასიკეთოდ გამოიყენოს და ამ გზით ეს ღვთაებრივი სიკეთე ღვთისავე დიდებისათვის, საკუთარი თავისა და მოყვასის გადარჩენისათვის კიდევ უფრო განამტკიცოს.
რაში გამოიხატა ის, რომ აბელი "კარგი და სანდო მონა" აღმოჩნდა, ხოლო კაინი "უკეთური და მცონარა", ამის შესახებ მომდევნო ნაწილში ვისაუბრებთ.