სამოელმა გამოუცხადა შეკრებილთ, რომ აასრულებდა მათ სურვილს, დაიმედებული ხალხი დაიშალა. მალე უფალმა თვითონ უჩვენა სამეფო კაცი ისრაელთათვის. ერთ ებრაელს სახედრები დაეკარგა, საძებნელად გაგზავნა თავისი შვილი საული და თან მოჯამაგირეც გაატანა. დიდხანს ეძებეს, ბევრი ადგილი დაიარეს და ბოლოს მივიდნენ იმ ქალაქში, სადაც სამოელი იყო, მოჯამაგირემ უთხრა საულს: აქა ცხოვრობს კაცი ღვთისა, ყოველი იმისი სიტყვა მართლდება, მივიდეთ მასთან და იქნება გვითხრას, სად უნდა ვეძებოთ ჩვენი დანაკარგი. საულმა გაუგონა მოჯამაგირეს და გზას გაუდგა. გზაზე მათ სამოელი შეხვდათ. ამ დროს უფალმა უთხრა სამოელს: აი, მომავალი მეფე ისრაელისა. სამოელი დაპატიჟებული იყო და მიდიოდა საზოგადო სადილზე, რომელიც დღესასწაულის გამო ხალხსა ჰქონდა მომზადებული. ვერ მიმასწავლი წინასწარმეტყველსა? - ჰკითხა საულმა სამოელს. მე თვითონ ვარ წინასწარმეტყველი, - მიუგო სამოელმა და დაუმატა, - დღეს ჩემთან სადილად წამოდი, ხვალ გეტყვი, რაც საჭიროა, სახედრების ჯავრი სულაც ნუღარ გექნება, ისინი ახლა ნაპოვნი ჰყავთ შენს შინაურებს. სადილზე სამოელმა საული დასვა პირველ ადგილზე და უბრძანა, რომ თავი საჭმელი მისთვის მიერთმიათ. საულს უკვირდა ამისთანა პატივი. სადილის უკან სამოელმა წაიყვანა თავისთან საული ღამის გასათევად და მეორე დილას გასაცილებლად გაჰყვა.
საულის მეფედ მირონცხება
საული გახდა ცხებული უფლისა. მის თავზე დასხმული მირონი ნიშნავდა, რომ სულიწმიდა აძლევს მას მეფობის უფლებას და მიანიჭებს ძალას და გონებას ხალხის სამართავად. საული რომ შინ დაბრუნდა, არავის ეუბნებოდა, რაც გადახდა. არც სამოელმა გამოამჟღავნა ეს ამბავი. მას სურდა, ხალხისათვის ცხადად დაენახვებინა, რომ მან კი არ ამოირჩია თავისი ნებით მეფე, თვით ღმერთი იყო ამომრჩეველი. ამიტომ შეკრიბა ხალხი და ყარა წილი. წილში მეფობა ერგო საულს. საული ამ დროს იქ არ იყო. იპოვეს და მოიყვანეს ხალხის წინაშე. როცა წარმოსადეგი ვაჟკაცი ისრაელთ დაინახეს, სიხარულით აღივსნენ და შესძახეს: - გაუმარჯოს ჩვენს მეფეს! ჩქარა ყველას დაუმტკიცა, რომ ღვთის შეწევნით, მას ხალხის მართვაც კარგად შეეძლო და მტრებისათვის პასუხის გაცემაც. მალე საული გახდა ხალხის საყვარელი მეფე. მაგრამ საუბედუროდ, საულმა თავისი ბედნიერება ვერ შეიშნოვა, და გაამპარტავნდა, ხალხზე ზრუნვის მაგიერ თავის ნებას აჰყვა. მაშინ სამოელმა გამოუცხადა საულს: როგორც შენ უარჰყავ ნება ღვთისა, ისე იგი უარგყოფს შენა. იგი გართმევს შენ მეფობას და აძლევს შენზე უკეთესს. მაგრამ საული ამის შემდეგ არამც თუ არ შეიცვალა, უფრო კერპი და თავმოყვარე შეიქმნა, ამიტომ მადლმა ღვთისამან სრულიად დასტოვა იგი.
ებრაელებისთვის მეფის კურთხევის შემდეგ მსაჯულმა სამოელმა ასეთი სიტყვებით მიმართა ღვთის რჩეულ ერს: "ამიერითგან, აჰა, მეფე, რომელიც აირჩიეთ, რომელსაც მოითხოვდით, აჰა, დაგისვათ უფალმა მეფე. თუ გექნებათ უფლის შიში, თუ ემსახურებით მას, თუ შეისმენთ მის სიტყვას და წინ არ აღუდგებით მის ნაბრძანებს, მაშინ დაგიფარავთ უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენცა და მეფესაც, თქვენზე რომ მეფობს. თუ არ შეისმენთ უფლის სიტყვას და წინ აღუდგებით უფლის ნაბრძანებს, უფლის ხელი იქნება თქვენს წინააღმდეგ, როგორც თქვენი მამა-პაპის წინააღმდეგ იყო" (I მეფ. 12: 13-15). ვფიქრობ, ეს სიტყვები კარგად მეტყველებს იმაზე, რომ ერსა და ღმერთს შორის ურთიერთობა განისაზღვრება არა რომელიმე თუნდაც მირონცხებული მონარქის ან პოლიტიკური სისტემის არსებობით, არამედ რწმენითა და უფლის მცნებათა შესრულებით. ისრაელის პირველივე მეფეების - საულის, დავითისა და სოლომონის ისტორიიდან ნათლად ჩანს, რომ არც ერთი მეფე არაა დაზღვეული მძიმე ცოდვებში დაცემისგან, რასაც მოჰყვება ღვთის მადლის დაკარგვა და სასჯელი, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, მთელ ერზეც ვრცელდებოდა ხოლმე.
მირონცხება არის საიდუმლო, რომელშიც სულიწმინდის სახელით სხეულის ნაწილებზე ნაკურთხი მირონის ცხებით მორწმუნეს სულიერ ცხოვრებაში ამაღორძინებელი და განმამტკიცებელი ნიჭი გადაეცემა". საბედნიეროდ, ჩვენი ერის ცხოვრებაში ბევრი ისეთი მირონცხებული მეფე იყო, ვინც სულიწმიდის ეს ნიჭი მართლაც განამტკიცა და ერის მატერიალურ და სულიერ ცხოვრებაშიც თავისი დადებითი კვალი დატოვა. მირონის ცხება მეფეს აკისრებს კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას უფლის წინაშე, ღვთის მცნებების დაცვით ატაროს ერი სწორ გზაზე. საქართველოს ისტორიაში ბევრმა მირონცხებულმა სიცოცხლეც კი ანაცვალა ღვთის მცნენების დაცვას. ამის კარგი მაგალითია მოწამე მეფე არჩილი.
არჩილი გამეფდა და იბერიის დამოუკიდებლობა აღადგინა, ხანმოკლე დროის მანძილზე მან მიიღო "ქართველთა მეფის" ტიტული, რომელსაც აღარ ატარებდნენ საქართველოს მთავრები VI ს-დან - VIII ს-მდე. ამავე დროს მომხდარა დასავლეთ საქართველოს განთავისუფლებაც არაბთა მფლობელობისგან.
უფლის შეწევნითა და ნეტარი მეფე არჩილის ღვაწლით, ორმოცდაათი წლის განმავლობაში მშვიდობა სუფევდა საქართველოში. არაბი ხალიფები ერისთავებისგან მხოლოდ ხარკს ჯერდებოდნენ. მაგრამ ქართველების მოშენება და სარწმუნოებრივი განმტკიცება მოსვენებას უკარგავდა მაჰმადიანებს. მათ განიზრახეს საქართველოს სრული განადგურება და ქართველი ერის სრული გამაჰმადიანება. ამ მიზნით ქართლში შემოიჭრა მუჰამედის ნათესავი, უსჯულო ასიმ-ჭიჭნაუმი. მანაც ააოხრა და შემუსრა ქართლის სიმაგრეები, დაარბია ეკლესიები და კახეთისკენ აიღო გეზი. შიშმა მოიცვა მთელი კახეთი, და რადგანაც წინააღმდეგობის გაწევის ძალა აღარ გააჩნდათ, დაუყოვნებლივ მიუვალ მთებში გაიხიზნენ. მურვან-ყრუსაგან იავარქმნილი ქვეყანა ჯერ მყარად ვერ დამდგარიყო ფეხზე.
მეფე არჩილმა განიზრახა ხლებოდა ასიმს და დიდი მეუფის მსგავსად, თავისი სული მსხვერპლად შეეწირა ქრისტიანებისათვის. ეთხოვა ქვეყნის მშვიდობა, ეკლესიების დაცვა და სჯულის შენარჩუნება. წინააღმდეგობის შემთხვევაში, მზად იყო მოწამებრივი გვირგვინი დაედგა და წმინდა სისხლით გაემშვენებინა ქრისტეს ეკლესია. "უმჯობეს არს სიკუდილი ჩემი, ვიდრეღა კუალად განრყვნად ეკლესიათა ქრისტესთა და ოხრებად ქუეყანისა ამის", - ბრძანა ნეტარმა და ეახლა ასიმს...
ამ დროს ასიმის წინაშე წარდგა ერთი გარდაბნელი მთავარი, რომლის ბიძის მკვლელები არჩილის პაპას, ადარნასე მეფეს შეუწყალებია, რის გამოც შურისძიებით ალესილმა უკეთურმა მოახსენა ჭიჭნაუმს: დიდო მთავარო, არ იცი, ვინ არის ეს არჩილი? იგი სტეფანოზ მეფის ძეა, დიდი ვახტანგ მეფისა და მირიანის შთამომავალი; იგი თან ახლდა მამას, როდესაც სამეფოს განძს მალავდა და ისიც ეცოდინება, სად არის დაფლული მეფე ჰერაკლეს განძი. ეს რომ გაიგო ასიმმა, იხმო არჩილი და პირფერობით მიმართა: შევიტყვე, რომ დიდ ფარნავაზიანთა შთამომავალი ყოფილხარ და უფრო მეტად განგადიდებ, თუ შეისმენ ჩემსას. ქართლის სამეფოსა და მამა-პაპათა საგანძურს შენ გიბოძებ, ოღონდ მაჩვენე ჰერაკლე მეფის მიერ საქართველოში დაფლული განძი, მოიქეცი ჩემს სჯულზე, სპასალარად დაგნიშნავ და ქართლის მეფედაც დაგამტკიცებო. წმინდა არჩილმა უპასუხა: ეს იცოდე, მძლავრო, რომ არ უარვყოფ ქრისტეს სახელს, არც მარადიულ დიდებას გავყიდი წარმავალ დიდებაზე, არც ამ საწუთროზე გავცვლი საუკუნო ცხოვრებას და ჟამიერ მეფობაზე - უჟამოდ ქრისტესთან ერთად სუფევას.
მაშინ უსჯულომ მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. მეფემ მცირე დრო მოითხოვა სალოცავად. მოიდრიკა მუხლი, ხელები ზეცას აღაპყრო და მადლობა შესწირა უფალს, ასეთი პატივის ღირსი რომ გახადა; შეავედრა ეკლესიათა დაცვა და ქრისტიანთა გაძლიერება ქართლში. ილოცა მეუღლისა და შვილებისათვის, მტკიცედ რომ დაეცვათ თავიანთი სჯული. ლოცვის დასრულების შემდეგ მტარვალებმა მახვილი მოუქნიეს და თავი მოჰკვეთეს მირონცხებულ მეფეს.
ეს მოხდა 718 წლის 20 მარტს.