ხატის წინ დანთებული სანთელი ღვთისადმი სითბოსა და ცეცხლოვანი სიყვარულის სიმბოლოა; ეს არის გამოხატულება რწმენისა და წმინდანების სახელზე აღვლენილი სავედრებელი ლოცვისა.
ცვილის სირბილე და მოქნილობა სინანულის, ღვთის მორჩილებისთვის მზადყოფნის სიმბოლოა, სანთლის სისუფთავე კი მისი შემწირველის სისუფთავისა და წაუბილწაობის გამომხატველია.
სასანთლე ცვილს ფუტკარი სხვადასხვა სახის ყვავილებისა და მცენარეებისაგან ამზადებს, რაც სიმბოლურად ყველა მორწმუნე ადამიანის ერთ ეკლესიად შეკრებასა და ღვთაებრივ ცეცხლად ანთებას, აგრეთვე ყველა ქმნილების მიერ თავისი შემოქმედისთვის მირთმეულ ძღვენს ნიშნავს. ამ თვისებათა გამო ცვილი საუკეთესო შესაწირია; მისგან სანთლებს უკვე III საუკუნიდან ამზადებდნენ.
ანთებული სანთელი მიწიერი ადამიანის ღვთის სიყვარულისა და მისი უსაზღვრო მადლის მეშვეობით ახალ ქმნილებად ქცევის სიმბოლოა. ჩვენი ამქვეყნიური სიცოცხლეც ანთებულ სანთელს უნდა წააგავდეს, რომელიც თვითონ იწვის და სხვას გზას უნათებს.
სანთელი სიმხურვალისგან დნება და იკარგება. ასე იფერფლება ჩვენი მიწიერი ცხოვრებაც ჟამთა სიავის გამო. ზოგიერთი ჩვენგანის ცხოვრება უკვალოდ ქრება, ზოგიერთისა კი ანათებს, სითბოს იძლევა და ცამდე მაღლდება, სადაც მის მფლობელს ჭეშმარიტი სიმდიდრე ელის.
მორწმუნე ანთებულ სანთელს უნდა ბაძავდეს. არც ერთი მისი ფიქრი, სიტყვა და საქმე არ უნდა იყოს დაფარული უფლისგან და მას ერთადერთს ეძღვნებოდეს.
დაბოლოს, ანთებული სანთელი სიმბოლოა ჯოჯოხეთზე გამარჯვებული ეკლესიისა, მისი მარადიული ზეიმისა.
სასანთლეს, შანდალს სანთლების რაოდენობის მიხედვით სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. ერთსანთლიანი იესო ქრისტეს ან იმ წმინდანს აღნიშნავს, ვის სახელზეც ანთია, ორიანი მაცხოვრის ორბუნებიანობაზე მიანიშნებს, სამიანი წმინდა სამების სიმბოლოა, შანდალი კი, რომელზეც სანთლები წრიულადაა განლაგებული - მარადისობისა.
ხატის წინაშე კანდელი იმიტომაც ინთება, რომ რწმენა ჩვენი სინათლეა. უფალმა იესო ქრისტემ თქვა: "მე ვარ ნათელი სოფლისა" (იოან. 8,12). კანდელის შუქი იმ შუქს მოგვაგონებს, რომლითაც მაცხოვარი ჩვენს სულებს ანათებს.
ამასთანავე, კანდელი შეგვახსენებს იმ წმინდანის ნათელი ზნეობის შესახებ, ვისი ხატის წინაშეც ვანთებთ, რამეთუ წმინდანები "ძედ ნათლისად" (იოან. 12,36) იწოდებიან.
მას იმისთვისაც ვანთებთ, რათა მცირედი მსხვერპლი შევწიროთ უფალს, რომელმაც თავი გასწირა ჩვენთვის; მცირედით გამოვხატოთ უდიდესი მადლიერება და ნათელი სიყვარული მისდამი, ვისაც ჩვენს ლოცვებში სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ხსნას შევთხოვთ - ყველაფერ იმას, რისი ბოძებაც მხოლოდ უსაზღვრო ზეციურ სიყვარულს შეუძლია.
კანდელის ნათელი ბოროტ ძალებსაც აფრთხობს, ლოცვისას თავს რომ გვესხმიან, ყურადღებას გვიფანტავენ და ჩვენს ფიქრებს შემოქმედს აშორებენ. რადგანაც ბოროტ ძალებს წყვდიადი უყვართ, სინათლის დანახვაზე თრთიან, განსაკუთრებით კი იმ სინათლისა, ღმერთს და მის წმინდანებს რომ ემსახურება.
გარდა ამისა, ანთებული კანდელი თავგანწირვისკენ ლტოლვას აღგვიძრავს - როგორც იწვის კანდელში ჩვენს ნებას დამორჩილებული ზეთი და პატრუქი, დაე, ასევე იწვოდნენ ყველა სატანჯველისას სიყვარულის ალით ანთებული და შემოქმედის მორჩილი ჩვენი სულებიც.
დაბოლოს, კანდელს იმ მიზნითაც ვანთებთ, რათა შეგვახსენოს, რომ როგორც მისი ანთებაა შეუძლებელი ჩვენს დაუხმარებლად, რაც უნდა სათნოებით აღსავსე იყოს სული, მისი - ჩვენი შინაგანი კანდელის - ანთებაც წარმოუდგენელია თვინიერ ღვთიური წყალობის წმინდა ცეცხლისა - ჩვენი სათნოებანია ის საწვავი, რომელსაც უფალი თავისი ცეცხლით აღანთებს.