ქორეორგრაფიული ანსამბლების "ქართული გენის" და "გორდას" წევრების მშობლები შვილების საქართველოში უსაფრთხოდ დაბრუნებას ითხოვენ
16.07.2016
ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები "ქართული გენი" და "გორდა" ბულგარეთში 10-დღიან გასტროლებზე იმყოფებოდნენ.
15 ივლისს ისინი ბულგარეთიდან ავტობუსით წამოვიდნენ და ამჟამად თურქეთში, სტამბოლიდან 70 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ სილივში იმყოფებიან. როგორც მშობლები აცხადებენ, ბავშვებს ამოეწურათ საკვებისა და წყლის მარაგი, ერთ-ერთ მოზარდს ბულგარეთში მიღებული ფეხის ტრამვის გამო სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, ასევე ორ მოზარდს ნერვიულობის ნიადაგზე ტემპერატურის აწევა აღენიშნება. ავტობუსში 10-დან 12 წლამდე 34 ბავშვი იმყოფება, ასევე მათი მშობლების ნაწილი და პედაგოგები, სულ დაახლოებით 50-მდე ადამიანია.
საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ქორეორგრაფიული ანსამბლების "ქართული გენის" და "გორდას" წევრების მშობლები შვილების საქართველოში უსაფრთხოდ დაბრუნებას ითხოვენ.
საქართველოს საკონსულო დეპარტამენტის საინფორმაციო საკონსულო სამმართველოს უფროსის გრიგოლ მაგრაქველიძის განცხადებით, სტამბოლის საკონსულოს თანამდებობის პირები ქართული ქორეგორაფიული ანსამბლების "ქართული გენის" და "გორდას" წევრებს სტამბოლში დახვდებიან.
როგორც გრიგოლ მაგრაქველიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ჟურნალისტებს განუცხადა, თურქეთში არსებული ვითარების გამო გზები იყო გადაკეტილი და გადაადგილება შეზღუდული, რის გამოც ავტობუსებმა საქართველოსკენ გამოგზავრება ვერ შეძლეს.
"თურქეთში გზების ჩაკეტვასთან დაკავშირებით ვითარება დარეგულირდა. გზები გახსნილია, რის შესახებაც ჩვენი საკონსულოს თანამდებობის პირი დაუკავშირდება მძღოლს, ავტობუსში მყოფ პიროვნებებს და ვითარებას აცნობებს. სტამბოლის მისადგომებთან ჩვენს მოქალაქეებს საკონსულოს თანამდებობის პირი დახვდება", - განაცხადა გრიგოლ მაგრაქველიძემ.
მისივე თქმით, ავტობუსში მყოფებს საკვებს და წყალს მიაწვდიან. მაგრაქველიძემ საუბრისას აღნიშნა, რომ საკონსულოს წარმომადგენელი სამედიცინო დახმარების აუცილებლობის შესახებაც ინფორმირებულია.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე მშობლებმა განაცხადეს, მათ უკვე დაუკავშირდა ერთ-ერთი ქორეოგრაფი თურქეთიდან, რომელმაც აცნობა, რომ ავტობუსი საქართველოსკენ უკვე დაიძრა და მალე სტამბოლში შევლენ. მათივე ინფორმაციით, საქართველოს ელჩი თურქეთში თავად უკვე ელაპარაკა ტელეფონით ამ ქორეოგრაფს და ვითარებას გაეცნო.