ბეთლემში შობის ტაძრის რესტავრაციისას მფარველი ანგელოზის უძველესი ფრესკა აღმოაჩინეს
02.07.2016
პალესტინაში, ქალაქ ბეთლემში, შობის ტაძრის რესტავრაციისას იტალიელმა რესტავრატორებმა თაბაშირის ფენის ქვეშ დაფარული უძველესი მოზაიკა აღმოაჩინეს. მასზე მფარველი ანგელოზია გამოხატული.
მოზაიკა ოქროს, ვერცხლის, ფერადი მინისა და ფერლამუტრისგან (ე.წ. მარგალიტის დედა) არის შექმნილი. მოზაიკა წლების განმავლობაში სანთლის ჭვარტლითა და მტვრით დაიფარა. ამჟამად ტაძრის ყველაზე ძველი ნაწილის რესტავრაცია მიმდინარეობს.
რეასტავრაცია რამდენიმე წლის წინ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლები, რომლებიც ტაძარში მორიგეობით ატარებენ ღვთისმსახურებას, ვერ შეთანხმდნენ რემონტის თაობაზე. საბოლოოდ რემონტი 2013 წელს დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ქრისტეს შობის ეკლესია, რომელიც მაცხოვრის შობის ადგილას არის აგებული, წმინდა მიწის ერთ-ერთ უმთავრეს ტაძარს წარმოადგენს ქრისტეს საფლავის ეკლესიასთან ერთად.