კურთხევაა, იცოდე გზა
რომ არ ჩამოვთვალო ცდუნებისა და წამების ყველა ის ფორმა (რისი ჩამოთვლაც პრაქტიკულად შეუძლებელია), რაც ქრისტეს მოსაგრეს შეიძლება შეხვდეს, ღირსი ბერი სილუანეს შესახებ ჩემ მიერ დაწერილი წიგნიდან ფრაგმენტებს გავიხსენებ და ძრწოლვით მოვიყვანთ "მტრის გონთან" ბრძოლის მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდს: "ადამიანისათვის ღმერთთან ყოფნა ყოველთვის ადვილი არ არის. როდესაც ცოდვების გამო ადამიანს მადლი წაერთმევა (ეს მდგომარეობა, შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს), ადამიანს ღმერთი შეიძლება დაუნდობელ მტანჯველად მოეჩვენოს. ამის შემდეგ, როდესაც მიუხედავად უკიდურესად დიდი ღვაწლისა, ადამიანი ღვთის წყალობას ვეღარ ღებულობს, ისე ძლიერად იტანჯება, რომ ცხოვრებაზე უარის თქმაც კი უნდება...
რა არის მისი ტანჯვის მიზეზი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ადვილი არ არის.
ღმერთის შეგრძნებისა და ყოფიერების მისსავ ნათელში დანახვის შემდეგ, ადამიანის სამშვინველი ამქვეყნიურობაში ვეღარც სიმშვიდეს და ვეღარც კმაყოფილებას ვეღარ გრძნობს, მას ინტერესი არაფრის მიმართ აღარ გააჩნია და გარშემო ყველაფერს უღმერთოდ ხედავს. ყველაფერი, რაც ადამიანის პიროვნულმა სულმა, როგორც ბოროტება და სიბნელე შეიცნო, მას რაღაც დემონური ძალით ეუფლება; გრძნობათა მტკივანი ღელვა დროდადრო ბოლო წერტილსაც კი უახლოვდება; ადამიანს ექმნება შთაბეჭდილება, თითქოს ღმერთმა მას ზურგი შეაქცია და მის მუდარას ყურს არ უგდებს. ადამიანი გრძნობს თავის სრულ უსუსურობას და ღმერთს უხმობს ბნელ უფსკრულში ჩაკიდებული, მისი მცდელობა უშედეგოა. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ეს ტანჯვა და ტანჯვის ამოძახილი ღმერთს არ ეხება... მაგრამ ამის შემდეგ ღმერთის სამართლის შეგრძნება იწყება, თუმცა ტკივილი მაინც არ ნელდება. უღმერთობის სასიკვდილო საბურველით შემოსილის ძახილს ღმერთი წარმოდგენაში კი არა, სინამდვილეში არ უსმენს - გაუსაძლისი ტანჯვა აღარ მთავრდება. (ასეთი უღმერთობით დამძიმებულ დღეებს მტერი უდავოდ გამოიყენებს). ჩნდება შეკითხვა: რისთვის ხდება ეს ყველაფერი?...
ასეთ ძალვასა და მტეხიარებაში ადამიანის პიროვნულ სულს არ შეუძლია ღვთის მადლი, მისდამი ღმერთის ნდობა, სიწმინდესთან მიახლოვება და ღვთაებრივ ყოფაში ჩართვის პროცესი დაინახოს. სამშვინველმა მხოლოდ ერთი იცის: ღმერთმა ის მას შემდეგ მიატოვა, რაც მან ღვთაებრივი ნათელი იხილა, და ისიც იცის, რომ ამის შემდეგ მისი ტკივილი და ტანჯვა უზომოდ გაიზარდა. და როდესაც ღონემიხდილი, გულმოწყალე ღმერთს ვერ ხედავს, მას ისეთი აზრები და გრძნობები ეუფლება, რომელთა გამოც დუმილი გვმართებს".
აი, ახლა ჩემ წინაშე ჩემი ნამოღვაწარია და კითხვა მიჩნდება: მივენდო ჩემი თანამედროვეების მოწიფულობას და მათთან, როგორც ჭეშმარიტად ღვთის მაძიებლებთან ვისაუბრო, თუ მათი ჩვილობა გავითვალისწინო? მე მინდა ვთხოვო ყველას, ვინც ამ ფურცლებს გაეცნობა, ჩემთვის ილოცოს, რათა სიკეთის ნაცვლად უნებურად ვინმეს ზიანი არ მივაყენო.
ასეთ მძიმე წუთებში მტერი ადამიანში ღმერთის წინააღმდეგ ამბოხის სურვილს აღძრავს. მას - მტერს, ჩვენი მოდგმის დაცემის დღიდან ძალა შესწევს ყოველი ჩვენგანის სულის სიღრმეს ჩაწვდეს და სამყაროს ყველა ტკივილის გამო იქ დაიწყოს უფლის მტყუნება და შეწამება, მთავარ არგუმენტად კი იმას იყენებს, რომ უფალია ამ სამყაროს შემომქმედი. ადამიანური გაუგებრობა ბორკილებად გადაიქცევა და როგორც გულს, ისე გონებას, შფოთი ეუფლება. მაცდური ცდილობს ადამიანი უკიდურესობებისკენ მიმართოს: ყველაფერი ღვთის წინააღმდეგ აკეთებინოს.
აქ შევჩერდეთ. ზოგიერთი მტრული ქმედება ლორწოვან გარსზე მჟავის მოქმედებას მოგვაგონებს, სხვები - გამჭოლ, ცივ ან ცხელ ქარებს ემსგავსებიან; დროდადრო, ყოველგვარი ქარებისაგან დაცულობას ვგრძნობთ და მფრინავ ღრუბლებს ჩვენი საფარიდან შევცქერით. ეს გვაიმედებს, რადგან ქარი ძლიერია, მაგრამ ვერ გვწვდება, ჩაიქროლებს და გადაივლის ძლიერი ქარი. ჩვენ ასეთ შემთხვევაში, როგორც ატმოსფეროში მოძრავი ჩვენი აზრების თავისუფალი დამკვირვებლები საკუთარ თავს ისე შევიგრძნობთ; მოძრავი აზრები ჩვენ არ გვერჩიან. ეს შეგრძნები მათ ეუფლება ვინც მოახლოვებული, ღვთაებრივი მარცვლებით გაჯერებული მადლის ძალას შეიგრძნობს. დანარჩენები იმ პროფანებს ემსგავსებიან, რომლებიც საგამოფენო დარბაზში ან მუზეუმში იმყოფებიან და ვერ გაუგიათ, რომელი ნაწარმოები რა შინაარსის მატარებელია. ხშირად ისინი ყველაზე უვარგისს ირჩევენ.
"ჩვენი ბრძოლა უფროსობის, ძალაუფლების, ამ საუკუნის ბნელეთის მმართველების და ამქვეყნიური ბოროტი სულების წინააღმდეგაა მიმართული" (შეად. "რამეთუ არა არს ბრძოლა? ჩუენი სისხლითა მიმართ და ხორცითა, არამედ მთავრობათა მიმართ და ხელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროისათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე" (ეფეს. 6:12)). ცის ქვეშეთის ყველა ეს ბოროტი ძალა უტევს და თავს ესხმის აღსარებით მოლბობილ გულებს და არ ასვენებს ღმერთზე მოფიქრალთ. ეს ბოროტი სულები ჩვენში შემოდიან და იქ ისე მოქმედებენ, რომ მტრის მიერ ჩვენში შემოტანილი გრძნობა და აზრი ჩვენი გვგონია. დაცემის შემდეგ მართლაც არის ჩვენში დემონურთან შეხამებული შეგრძნებები. აღსარებას კი ისეთი ძალა აქვს, რომ ჩვენს სულს ხანდახან ამქვეყნიურობიდან გონებრივ უსასრულობაში გადაანაცვლებს, "იქ" საკუთარ სიშიშვლესთან და სიწრფელესთან მარტო ვრჩებით და ჩვენი დაცემისა და ღმერთის მარადიულობის შესახებ ნამდვილ ცოდნას უსიტყვოდ ვიღებთ.
ქრისტიანული ეკლესიის ყოფილ მდევნელს და მორწმუნეთა მკვლელობების მონაწილე პავლეს, რა თქმა უნდა, ბევრი ჰქონდა აღსარებაში მოსაგონარი. მიმაჩნია, რომ არ იქნება უპასუხისმგებლობა თუ ვიტყვი, რომ ფარისევლობიდან მისი გასვლის ან ექსტაზის წყაროს სასოწარკვეთილი აღსარება წარმოადგენდა. ამ მოვლენის შესახებ მოციქული თავად ასე წერს: "ვიცი კაცი ქრისტეს მიერ უწინარეს ათოთხმეტისა წლისა, გინა თუ ხორცითა, არა ვიცი, გინა თუ თუინიერ ხორცთასა, არა ვიცი, ღმერთმან იცის, აღიტაცა ესევითარი კაცი ვიდრე მესამედ ცადმდე. და ვიცი ესევითარი კაცი, გინა თუ ხორცითა გინა თუ გარეშე ხორცთასა, არა ვიცი, ღმერთმან იცის, რამეთუ მიიტაცა სამოთხედ და ესმნეს უთქუმელნი სიტყუანი, რომელ არა ჯერ-არიან კაცთა სიტყუად" (2 კორ. 12:2-4). რომაელთა მიმართ წერილში კი ვკითხულობთ: "ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშლოებამან ანუ ურვამან ანუ მახვილმან? ვითარცა წერილ არს: რამეთუ შენთუის მოვწყდებით ჩუენ მარადღე და შევირაცხებით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი. არამედ ამას ყოველსა ზედა ვსძლევთ ჩუენ მის მიერ, რომელმანცა-იგი შემიყუარნა ჩუენ, რამეთუ მრწამს მე, ვითარმედ არცა სიკუდილმან, არცა ცხორებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან, არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხუამან დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყუარულსა ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესუის მიერ უფლისა ჩუენისა" (რომ. 8:35-39).