წმინდა ნიკოლოზი დიდი სიყვარულით სარგებლობს ხალხში, მას სასოებით უხმობს ყველა გასაჭირისას და იგიც მსწრაფლ შეეწევა ხოლმე მათ. ამ წმინდანს პატივს მიაგებენ არა მარტო ქრისტიანები, არამედ წარმართებიც და მუსლიმებიც. წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდანს ქართული ეკლესია შეავედრა.
წმიდა ნიკოლოზი დაიბადა ახლანდელ ანთალიაში მდებარე სავაჭრო ქალაქ პათარში. მისი მშობლები, თეოფანე და ნონა, ღვთისმოსავი, ცნობილი და მდიდარი ხალხი იყო. გადმოცემით ცნობილია, რომ მათ დიდხანს არ ჰყავდათ შვილი, მაგრამ ბოლოს ლოცვით, ცრემლითა და მოწყალებით გამოსთხოვეს ღმერთს და ნიკოლოზი დაარქვეს.
მის დაბადებას არაჩვეულებრივი გარემოება დაერთო - დედა მშობიარობისთანავე გამოჯანმრთელდა. მეტი შვილი აღარ ჰყოლია.
დადგა დრო, როცა ყმაწვილს წმინდა წერილი უნდა ესწავლა. მან ყველა გააოცა თავისი მახვილი გონებით და სწრაფად აითვისა წიგნის სიბრძნე. ის თავს არიდებდა უსაგნო, უქმ საუბრებს, უბიწოებას იმარხავდა და სუფთა გონებით ჭვრეტდა ღმერთს.
მომავალი წმინდანის ბიძა, ასევე ნიკოლოზი, ქალაქ პათარის ეპისკოპოსი იყო. ის ხედავდა ყმაწვილის სულიერ ცხოვრებას და მშობლებს ურჩევდა, შვილის ნიჭი უფლისათვის მიეძღვნათ. მშობლები დათანხმდნენ. ბიძამ ნიკოლოზი მღვდლად აკურთხა. ხელდასხმის შემდეგ ეპისკოპოსმა წინასწარმეტყველური სიტყვებით მიმართა ტაძარში მყოფ ხალხს:
"ძმებო, მე ვხედავ ახალ მზეს, რომელიც ამოდის, ის იქნება ნუგეში მწუხარეთათვის. ნეტარია ის სამწყსო, რომელსაც ასეთი მწყემსი ეყოლება. ის დაიფარავს გზასაცდენილ სულებს და გულმოწყალე შემწე იქნება ჭირსა და მწუხარებაში.
წმინდანის შემდგომი ცხოვრება სწორედ ამ წინასწარმეტყველების აღსრულება იყო.
ქალაქ პატარაში ცხოვრობდა ერთი კაცი, რომელსაც სამი ულამაზესი ქალიშვილი ჰყავდა. თავდაპირველად ის ძალიან მდიდარი იყო, მაგრამ შემდგომში სამწუხარო გარემოებათა გამო, ყველაფერი დაკარგა და საშინლად გაღატაკდა. ქალიშვილების გამზითვება ხომ არ შეეძლო, პურის ფული არ ჰქონდა. საცოდავმა მამამ, რომელმაც თავისი მდგომარეობის გამოსწორების ყველანაირი იმედი დაკარგა, გადაწყვიტა, მსხვერპლად გაეღო შვილების ღირსება და მათი სილამაზით თავისთვის და მათთვისაც არსებობისთვის სახსარი გამოეძებნა. საბედნიეროდ, იმავე ქალაქში ცხოვრობდა წმინდა ნიკოლოზი, რომელიც ფხიზლად ადევნებდა თვალყურს სამწყსოს. საღმრთო გამოცხადებით შეიტყო ამ კაცის დანაშაულებრივი განზრახვა, გადაწყვიტა, იგი ხორციელი სიღატაკისაგან ეხსნა, რათა სწორედ ამითვე გადაერჩინა მისი ოჯახი სულიერი დაღუპვისაგან. როგორც ქრისტეს ჭეშმარიტმა მოწაფემ და მწყემსმა, ქველმოქმედება იდუმალ გასწია. ამგვარი ღრმა ქრისტიანული სიმდაბლით აღსავსე გადაწყვეტილება, რომელიც მაცხოვრის სიტყვებშია გამოხატული: "ეკრძალენით ქველის-საქმესა თქვენსა, რაითა არ ჰყოთ წინაშე კაცთა სახილველად მათა" (მათე 6:1).
შუაღამისას, როცა ყველას ეძინა, მათ შორის უბედურ მამას და მის ქალიშვილებს და, შესაბამისად, ვერავინ შეამჩნევდა მის ქველმოქმედებას, წმინდა ნიკოლოზმა აიღო ოქროთი სავსე დიდი ქისა, უჩუმრად მივიდა გაჭირვებულის სახლთან, სარკმელი გააღო, ქისა შიგნით შეაგდო, თვითონ კი სასწრაფოდ შინ დაბრუნდა. დილით საცოდავმა მამამ თვალი მოჰკრა ქისას. თავი სიზმარში ეგონა, ფიქრობდა, ნეტავ ვინ არის ჩემი კეთილისმყოფელიო. აზრი ვერავისზე შეაჩერა. ალბათ, თვით საღმრთო განგებულებამ გამომიგზავნა იდუმალი კეთილისმყოფელიო და მხურვალე სამადლობელი ლოცვა აღუვლინა უფალს. ნაჩუქარი ოქროთი უფროსი ქალიშვილი გაათხოვა.
წმინდა ნიკოლოზმა ნახა რა, რომ მისმა გაღებულმა სიკეთემ ნაყოფი გამოიღო, გადაწყვიტა, საქმე ბოლომდე მიეყვანა: ერთ-ერთ შემდგომ საღამოს სარკმელში კიდევ ერთი ქისა ოქრო შეუგდო. ამჯერად საცოდავ მამას აღარ უძებნია უცნობი კეთილისმყოფელი, მიწაზე დაემხო და მადლობა შესწირა გაჭირვებულთა შემწე უფალს: "ღმერთო, შენ ხარ წყარო მოწყალებისა, შენ აღაშენებ ჩვენს ცხონებას. უპირველეს ყოვლისა მე გამომისყიდე შენი სისხლით და ახლა კი ჩემი სახლეული, ჩემი შვილები დაიხსენი ეშმაკის მახისგან. მიჩვენე, თუ ვინ არის იარაღი შენი მოწყალებისა და კაცთმოყვარე სახიერებისა. მიჩვენე ის მიწიერი ანგელოზი, რომელიც გვიცავს, ჩვენ ცოდვით წარწყმედისაგან. დაე, ვიცოდე ვინ განგვათავისუფლებს ჩვენ დამთრგუნველი სიღატაკისგან".
ღვთის მადლიერმა მამამ მეორე ქალიშვილიც გაათხოვა და მტკიცედ სჯეროდა, რომ უფალი მის მესამე ქალიშვილზეც ამგვარადვე მოიღებდა წყალობას. ამასთან, გადაწყვიტა, რადაც უნდა დასჯდომოდა, შეეტყო, ვინ იყო მისი ფარული მოკეთე, რათა შესაფერისი მადლობა გადაეხადა მისთვის. დადარაჯებულს ღამეები არ ეძინა და მის გამოჩენას ელოდა. დიდხანს არ მოუწია ლოდინმა, ერთ ღამესაც ქრისტეს კეთილი მწყემსი მესამედაც მოვიდა და ოქროთი სავსე ქისა სარკმლიდან გადაუგდო, თვითონ კი სასწრაფოდ მოშორდა სახლს. ამჯერად ქველისმოქმედება ვეღარ დამალა. ღატაკს იატაკზე დაცემული ოქროს ხმა რომ მოესმა, მაშინვე დაედევნა იდუმალ ქველისმოქმედს. შეიცნო მასში წმინდა ნიკოლოზი, ფეხებში ჩაუვარდა, ეამბორა და მადლობდა ვითარცა მხსნელს ეგზომ დიდი განსაცდელისგან.
წმინდა ნიკოლოზმა ის წამოაყენა და ურჩია, რომ ამ მოწყალებისთვის უფრო მეტად ღმერთისთვის ეთქვა მადლობა და მის მიმართ ელოცა. ფიციც ჩამოართვა, რომ არავის ეტყოდა მის მიერ გაკეთებულ სიკეთეზე.
უშუალოდ ამის შემდეგ წმინდა ნიკოლოზმა სხვა სასწაულიც მოახდინა. ერთ-ერთი მეზღვაური, საქმის გამო ხომალდის ანძის წვერზე მოექცა, ჩამოსვლისას ფეხი დაუცდა, გემბანზე დაეცა და სასიკვდილოდ დაიმსხვრა. მეგობრის უსულო სხეულის დანახვამ მეზღვაურების სიხარული კვლავ მწუხარებამ შეცვალა. მაგრამ უფლის სათნო მართლის ლოცვამ კვლავ განაქარვა მათი საერთო მწუხარება. ვიდრე მეზღვაურნი თხოვნით მიმართავდნენ, თვითოვე შესთხოვა უფალს, და მანაც ადრინდელივით მსწრაფლშეისმინა მისი ვედრება. გარდაცვლილი ახალგაზრდა ყველას თვალწინ გაცოცხლდა და წამოდგა, თითქოს ღრმა ძილიდან გამოერკვიაო.
ღვთის წმინდანის ლოცვით დაცული ხომალდი განაგრძობდა ცურვას და მშვიდობიანად ჩაუშვა ღუზა ეგვიპტეში, დიდ სავაჭრო ქალაქ ალექსანდრიაში.
ვიდრე მეზღვაურები სურსათს იმარაგებდნენ, წმინდა ნიკოლოზმა ადგილობრივ მცხოვრებთა სნეულებათა კურნებაზე იზრუნა: ზოგი უკურნებელ ავადმყოფობისაგან განკურნა, სხვებისაგან მათი მტანჯველი არაწმინდა სული განდევნა და ზოგიერთი ანუგეშა სულიერი მწუხარებისას.
ალექსანდრიიდან ხომალდმა მშვიდობით მიაღწია წმინდა მიწამდე. წმინდა მომლოცველი პირველ ყოვლისა იერუსალიმისკენ გაემართა, სადაც ქრისტე ღმერთმა ჩვენი გამოხსნის საიდუმლოება აღასრულა და თაყვანისცა აქაურ წმინდა ადგილებს, კაცთა მოდგმის ღვთაებრივი მხსნელის ფერხთა მიერ განწმენდილს.
უფლის ღვთიური კაცთმოყვარებისადმი სიყვარულით ანთებულმა წმინდა ნიკოლოზმა, პალესტინაში დარჩენა მოისურვა, რათა კაცთაგან განშორებულს დაფარულად ემოღვაწევა ზეციური მამის წინაშე.
მაგრამ უფალს სათნო უჩნდა, რათა სარწმუნოების ამგვარი ლამპარი, წმინდა ნიკოლოზი, უდაბნოში არ ყოფილიყო დამარხული, არამედ გაებრწყინებინა ლუკიის ქვეყანა.
სურდა რა ამქვეყნიურ ამაოებას გასცლოდა, სამშობლოში დაბრუნებული ღვთის კაცი მშობლიურ ქალაქ პატარაში კი არ წავიდა, არამედ ეპისკოპოსი ბიძის მიერ დაარსებულ სიონის სავანეს მაშურა. აქ ის ძმებმა დიდი სიხარულით მიიღეს, ვითარცა ღვთის ანგელოზი, რომელიც წარმოიგზავნა მათდა დასამოძღვრად და თავისი სათნოებებით ღვთისმოსავ ცხოვრებაში სახელმძღვანელოდ. წმინდა ნიკოლოზი ფიქრობდა, რომ სამუდამოდ დარჩებოდა ამ მყუდრო განმარტოებულ კელიაში.
- თუ გინდა ჩემგან გვირგვინის მიღება, იღვაწე ადამიანთა ეკლესიური განათლებისათვის.
დააფიქრა ღვთის რჩეული ამ სიტყვებმა. მალე ისევ მოესმა ხმა:
- მონაზვნური განმარტოება, ის გზა არ არის, რომლითაც უნდა მემსახურო. წადი ხალხთან, ადიდე მათში ჩემი სახელი და ამრავლე ქრისტეს საუფლოს წევრთა რიცხვი.
მაშინ გადაწყვიტა ნიკოლოზმა ლუკიის მთავარ ქალაქში, მირონში, მისთვის უცხო ადგილზე წასვლა, რათა იქ ესწავლებინა ხალხისთვის უფლის გზა.
ასე ამზადებდა უფალი თავის რჩეულის გზას უმაღლესი მსახურებისათვის. სწორედ მისი მირონში ჩასვლისას გარდაიცვალა ამ ქალაქის მთავარეპისკოპოსი. ღამით შეიკრიბნენ მღვდელმთავრები ახალი ეპისკოპოსის ასარჩევად. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ მათ ლოცვით მიმართეს ღმერთს და შესთხოვეს, გამოეგზავნა მათთვის ღირსეული ადამიანი. ღმერთმაც ისმინა მათი და ერთმა უხუცესმა ეპისკოპოსმა იხილა უჩვეულო ნათლი, გარემოსილი კაცი, რომელმაც ამცნო, რომ დამდგარიყო ეკლესიის კართან ღამით და დალოდებოდა პირველ მომსვლელს:
- ვინც პირველი შემოვა ეკლესიაში, - უთხრა ღვთისმოსავმა ეპისკოპოსს, - ის იქნება ღვთის რჩეული. მისი სახელია ნიკოლოზი.
უხუცესმა ეპისკოპოსმა თავისი ხილვა ამცნო სხვებს, დადგა ეკლესიის კართან, სხვები კი ეკლესიაში ელოდნენ ღვთის რჩეულის გამოჩენას. ამ დროს ნიკოლოზმა ჩვეულებისამებრ ღამე ლოცვაში გაატარა და გამთენიისას გაეშურა ეკლესიისაკენ. კართან იგი დადარაჯებულმა ეპისკოპოსმა შეაჩერა და სახელი ჰკითხა. მან მშვიდად ამცნო თავისი სახელი. მაშინ ეპისკოპოსმა შეიყვანა იგი ტაძარში და განუცხადა ღვთის ნება. ეს ამბავი სწრაფად მოედო მთელ ქალაქს. ტაძარი გაივსო ხალხით. წმინდანი ჯერ უარზე იყო, მაგრამ მერე დათმო, რადგან ჯერ კიდევ ტაძარში მისვლამდე იხილა, როგორ უწვდიდა ღვთისმშობელი ომოფორს. მიხვდა, ეს მართლაც უფლის ნება რომ იყო და დათმო. მაშინ უხუცესმა ეპისკოპოსმა ასე მიმართა ხალხს:
- მიიღეთ მწყემსი, რომელიც გამოირჩია სულიწმიდამ და რომელსაც უფალმა უბრძანა ჩვენი სულების მართვა.
ხალხი გახარებული მადლობდა უფალს, მღვდელმთავრებმა აიყვანეს ნიკოლოზი ეპისკოპოსის ხარისხში.
- ეპისკოპოსმა ცხოვრება სხვაგვარად უნდა წარმართოს. სხვებისათვის უნდა ვიცხოვრო, ჩემთვის კი არა, - ეუბნებოდა თავს და იხსენებდა პავლე მოციქულის სიტყვებს ტიმოთესადმი:
- იყავ ნიმუში ერთგულთათვის სწავლაში, ცხოვრებასა და რწმენაში.
სწორედ ამ დროს აძლიერებდა წმინდა ნიკოლოზი თავის სამწყსოს. იგი მფარველი ანგელოზივით ეცხადებოდა ყველა დევნილს, თავისი სათნო სიტყვითა და ნუგეშით ამხნევებდა ყველას. ამისთვის იგი შეიპყრეს და სხვებთან ერთად დილეგში ჩააგდეს. იგი მხნედ იტანდა შიმშილს, წყურვილს, ტანჯვას. საპყრობილეშიც ქადაგებდა ღვთის სიტყვას, გასცემდა მოწყალებას. ანუგეშებდა იქ მყოფთ თავისი საუბრებით, ამტკიცებდა მათ, ასე, რომ საპყრობილეც საქადაგებელ ადგილად აქცია. 8 წელი გრძელდებოდა ასე. დევნა დროდადრო ნელდებოდა, მაგრამ ქრისტეს მდევნელნი ქრისტიანებს რომ აღმოაჩენდნენ, მათი სიძულვილი კვლავ იღვიძებდა და დევნა ძლიერდებოდა. ბოლოს დევნა შეწყდა, ტახტზე წმიდა მოციქულთა სწორი კონსტანტინე დიდი (306-337) ავიდა, რის შემდეგაც ნეტარი მწყემსთავარი თავის სამწყსოს დაუბრუნდა.
ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა. ქართველ ხალხში წმიდა ნიკოლოზი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს. საქართველოში მის სახელზე აგებული მრავალი ტაძარი არსებობს და ამ დღესასწაულს განსაკუთრებული სიხარულით აღვნიშნავთ.