ათეისტ კომუნისტებს, არაერთი სასწაულის გასაბათილებლად, დიდმოწამეთა წმინდა ცხედრების შეურაცხყოფა მოუნდომებიათ, რომლის მომსწრე და თვითმხილველი იყო 90 წელს მიღწეული მოწამეთის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი თორნიკე მოსაშვილი, რომელიც გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე ჩავწერეთ.
- მამა თორნიკე, რა ცნობები შემოინახა მონასტერმა დავით და კონსტანტინე მხეიძეების შესახებ?
შუაში მამა თორნიკე (გაგი)
წმინდანთა ძვალთშესალაგს დღესაც იცავენ ქვის ლომები. სხვაგან ვერსად შეხვდებით ლომების ქანდაკებაზე მდგარ წმინდანთა სამარხებს, ეს იმის აღსანიშნავად არის შემორჩენილი, რომ როდესაც არგვეთის მთავართა ნაწამებ ცხედრებს ჩოჩიალა ურმით ქუთაისიდან წყალწითელას ხეობისკენ მოასვენებდნენ, ტყიდან ორი ლომი გამოვარდნილა. მემატიანეთა ცნობით, ლომების გამოჩენამ ურემში შებმული ხალხი დააფრთხო, ლომებმა კბილები ჩაავლეს ურმის უღელს, ცხედრები აღმართზე ამოიტანეს, თვითონ კი, იმ ადგილას გაქვავდნენ, სადაც წმინდანები დაკრძალეს და მოგვიანებით ეკლესია აშენდა. აი, ასეთი გადმოცემაა და ამის ანალოგიით არის ქვის ლომები წმინდანთა სამარხის მცველად.
ის, რომ საუკუნეების მანძილზე კურნავდა დავით და კონსტანტინეს წმინდა, უხრწნელი ცხედრები მძიმე ავადმყოფებს, ამის დამადასტურებელი ნიშანია კოშკი, რომლიდანაც მონასტრის ეზოში შემოდიხართ, მის საძირკველში, VI საუკუნის ჯვარიც არის ჩატანებული. ეს კოშკი, ზემო სვანეთის მთავარს, ვინმე დადეშქელიანს აუშენებია მას შემდეგ, რაც მისი შვილი, წმინდანებთან შეხების შემდეგ განკურნებულა ფსიქიკური დაავადებისაგან.
ასწლეულების მანძილზე კაცობრიობა თაყვანს სცემდა წმიდა ნაწილებს, კომუნისტებმა კი დაარბიეს აქაურობა და გაიტანეს მონასტრის მთელი ქონება. დავითსა და კონსტანტინეს დააგლიჯეს თავები, ხელები, ფეხები, კიდურები, ქუჩაში დარბოდნენ და აჩვენებდნენ ხალხს - "ესეც თქვენი წმიდანები, დაინახეთ, თუ რაიმე ძალა აქვთო". ეს მე ვარ, მაგის მომსწრე, ჩემ გარდა, უკვე აღარავინ არის დარჩენილი, ვინც ამ ამბავს შეესწრო (საუბარი ჩაწერილია 2003 წელს).
ყოველ 15 ოქტომბერს, ქუთაისიდან და იმერეთის სოფლებიდან მრავალი მორწმუნე ჩამოდის მოწამეთაში დავითისა და კონსტანტინეს წმიდა ნაწილების მოსალოცად და თაყვანისსაცემად.