(1 კორინთ. 5,16).
პეტრეს თვით ქრისტემან უწოდა კლდე. შენ ხარ კლდე, - ჰრქვა მას უფალმან, - და კლდესა ამას ზედა აღვაშენო ეკკლესია ჩემი... კლდე იყო სარწმუნოება მისი; მას აქვნდა სარწმუნოება მტკიცე და შეურყეველი, ვითარცა კლდე.
პავლე იყო ზღვა სიყვარულისა; ყოველნი მისნი წერილნი ცხად ჰყოფენ, თუ ვითარი საუნჯე იყო გული მისი, ვითარი განუსაზღვრებელი სიყვარული ჰქონდა მას ყოველთა თვისთა მოწაფეთადმი.
აჰა, ორნი უმთავრესნი ღირსებანი წმიდათა ამათ თავთა მოციქულთა. ამათ ორთა სათნოებათა ზედა დამყარებულ არს ეკკლესია და სჯული ქრისტესი. შეურყეველი სარწმუნოება და სრული სიყვარული უნდა ჰქონდეს ყოველსა კაცსა, რომელსა ჰსურს, რათამცა იყოს ნამდვილი და ჭეშმარიტი ქრისტიანე.
ახლა ვიხილოთ, რა სახით გამოსჩნდნენ ცხოვრებასა შინა პეტრესსა და პავლესა ეს ორნი თვისებანი; რა აქმნევინა სარწმუნოებამან პეტრეს; ვითარი ნაყოფი გამოიღო დიდმან სიყვარულმან პავლესმან ცხოვრებასა შინა მისსა. დღეს წარკითხული სამოციქულოითგან გვესმა ჩვენ, ვითარი იყო ცხოვრება პავლესი. ცხოვრება მისი იყო გაუთავებელი შრომა, ჭირი, განსაცდელი. ყოველნი მოციქულნი და უმეტესად პეტრე და პავლე იყვნენ ქვეყანასა ზედა, ვითარცა ცხოვარნი მგელთა შორის, ყოველს წამს მომლოდნელნი და მომზადებულნი დათხევად სისხლისა თვისისა და შეწირვად ცხოვრებისა; გარნა არმიმხედველნი ესოდენისა ჭირისა, პეტრე სარწმუნოებითა თვისითა ყოველს წამს მოაქცევდა და განაცოცხლებდა და ნუგეშსცემდა სიყვარულითა თვისითა მრავალთა პირთა. ორთავე განავრცელეს პირსა ზედა ქვეყანისასა საღმრთო სჯული და დაამყარეს მრავალნი ეკკლესიანი.
რა განამტკიცებდა და რა აძლევდა ძალასა და ღონესა ორთა ამათ მოციქულთა ესოდენთა ჭირთა შორის და დევნულებათა? როგორ არ მოეწყინათ მათ და როგორ გასძლეს ქვეყანასა ამას შინა, მოკლებულნი ყოვლითა ნუგეშითა და ყოვლითა სოფლიურითა წარმატებითა? მათი სიმტკიცე და მათი ნუგეში იყო იგივე სარწმუნოება და სიყვარული. პეტრე არათუ ითმენდა სულ-გრძელად ყოველსა დევნასა და განსაცდელსა, არამედ უხაროდაცა, ოდეს მიიღებდა ქრისტეს გულისათვის განსაცდელსა; პავლე, აღვსებული სიყვარულითა, თვით ამ სიყვარულსა შინა ჰპოვებდა თვისსა ნუგეშსა.
აჰა, დიდი მაგალითი შენთვის, ძმაო! ეცადე და შეიძინე ესოდენი სარწმუნოება და სიყვარული, რათა ყოველი შენი ნუგეში მდგომარეობდეს აღსრულებასა შინა ქრისტეს მცნებათა. შენ უნდა სრულიად მიანდო თავი შენი ღმერთსა. ბუნებასა კაცისასა აქვს ის თვისება, რომელ კაცი ყოველთვის ეძიებს რომელსამე ბედნიერებასა და ნუგეშსა. გაუძნელდება ქვეყანასა ზედა ცხოვრება იმ კაცს, რომელსაც არა აქვს არცა ერთი ნუგეში და ბედნიერება ამ სოფელში; გარნა შენ, ძმაო ჩემო, ეცადე, რომ შენი ნუგეში და ბედნიერება იყოს სარწმუნოება, ღვთისა და მოყვასის სიყვარული, სიმართლის აღსრულება. ფრიად საჭირო არის და საშიშო, უკეთუ არა-ოდეს ესენი არ გაჰხსოვს, ანუ სრულიად გავიწყდება და ნაცვლად მისა ჰხედავ ბედნიერებასა შენსა სხვათა რომელთამე სოფლიურთა ნივთთა, ანუ მოქმედებათა შინა. სადაცა არს საუნჯე შენი, მუნ იყოს გული შენი, გვეტყვის უფალი: უკეთუ საუნჯე შენი არ არის ღმერთი და ღვთის სჯული, არამედ სხვა რაიმე, მაშინ გული შენი განეშორება ღმერთსა. მოციქულთა, პეტრემ და პავლემ, საუნჯე თვისი დასდვეს ღმერთსა შინა; ამისათვის გულიცა მათი ჰპოვებდა განსვენებასა საქმეთა შინა ღვთისათა. ნუ გგონია, ძმაო ჩემო, რომ იგინი იყვნენ მოკლებულნი რომლითამე ნუგეშითა და კმაყოფილებითა, ვგონებ, რომ თვით ის კაცი, რომელიც ეძიებს და კიდეც შეიძინებს ამ სოფლის ბედნიერებასა და ნუგეშსა, ვერ იქმნება თვით ამ სოფელში ისრეთ ნეტარ და ბედნიერ, როგორც იყვნენ, ვითარცა ვსთქვით, დევნულნი და დამძიმებულნი ყოვლითა ამ სოფლის უბედურებითა; გარნა სულიწმიდა, რომელი ჰსუფევს გულსა შინა მართალთასა, ყოველთვის მისცემს მათ ისრეთსა ნეტარებასა, სიხარულსა და ბედნიერებასა, რომლისა მსგავსსა ვერაოდეს ვერ იგრძნობს ცოდვილის კაცის გული. იმავე სამოციქულოსა შინა, დღეს წარკითხულსა, პავლე მოციქული მოგვითხრობს ჩვენ, ვითარ იგი იყო აღტაცებული სულითა მესამე ცად და მუნ ესმა სიტყვანი, რომელთა ვერ გამოსთქვამს ენა კაცისა. ესრეთსა ნუგეშსა აძლევს ყოველთვის სულიწმიდა მართალსა და ღვთის-სათნოსა კაცსა. რომელი სიხარული ანუ რომელი სოფლის ნუგეში დაემსგავსება იმ სიხარულსა და მოსვენებასა, რომელსა ჰგრძნობს კაცი ღვთის მოშიში? ყოველი ამ სოფლის სიხარული და ნუგეში არის მოკლე და აქვს ყოველთვის მწარე ბოლო, გარნა სიხარული სულისა წმიდისა გააცხოველებს კაცსა. ამას ვეძიებდეთ, ძმანო ჩემნო, და ამას მოვითხოვდეთ მარადის ღვთისაგან მადლითა და შეწევნითა წმიდათა უმთავრესთა მოციქულთა პეტრესითა და პავლესითა. ამინ.