პეტრე მოციქულს იმდენად უყვარდა თავისი მოძღვარი, რომ განუშორებლად მასთან სურდა ყოფნა. მოწაფეთაგან მხოლოდ ერთი, პეტრე, გამოექომაგა უფალს გეთსიმანიის ბაღში. იგი გაჰყვა უფალს კაიაფა მღვდელთმთავრის სახლამდე, მასთან ერთად შევიდა ეზოში, იდგა იქ და ცეცხლთან თბებოდა. მაგრამ როცა მასაც დაადეს ხელი, როგორც ქრისტეს მოწაფეს, შეშინებულმა პეტრემ სამგზის უარყო თავისი ღვთიური მოძღვარი: "არა ვიცი კაცი ესე"; და როდესაც მესამედ უარყოფდა, დაინახა, რომ უფალი უმზერდა მას. შეწუხებული და შერცხვენილი პეტრე გავიდა ეზოდან და მწარედ ატირდა. ერთ-ერთი წმინდა გადმოცემით, მას მერე ყოველთვის, როცა კი მოესმოდა მამლის ყივილი, თავისი შეცოდება აგონდებოდა თურმე და მწარედ ატირდებოდა ხოლმე. ხშირი ტირილისაგან თვალის უპესთან სისხლიანი ღარები გაუჩნდა. პეტრეს სინანული იმდენად ძლიერი და ღრმა იყო, რომ აღდგომის შემდეგ უფალი მოწაფეთა შორის პირველად მას ეჩვენა. სამჯერ დაეკითხა იგი პეტრეს: გიყუარ მეა? და სამგზის მიიღო პასუხად: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ამგვარად აღადგინა იესო ქრისტემ იგი კვლავ მოციქულის ღირსებაში.
უფლის ამაღლების შემდეგ, სულთმოფენობისას, პეტრე პირველქრისტიანული თემის წინამძღოლი გახდა. მისი ქადაგებები იმდენად ცოცხალი და გულშიჩამწვდომი იყო, რომ ათასობით ადამიანი ხდებოდა ქრისტეს მიმდევარი. პეტრე მოციქულის ქადაგებებს უამრავი სასწაული ახლდა თან: მკვდრები აღდგებოდნენ, კოჭლნი და დავრდომილნი იკურნებოდნენ, დანაშაულში მხილებულნი სულს განუტევებდნენ.
წმინდა მოციქული მოწამებრივად აღესრულა რომის სისხლიანი იმპერატორის, ნერონის ზეობისას. ქრისტიანებმა წინასწარ აუწყეს პეტრეს მოსალოდნელი საფრთხე და სთხოვეს, დაეტოვებინა რომი. ისიც დამორჩილდა მვედრებლებს, მაგრამ როცა ქალაქიდან გადიოდა, იხილა ქრისტე, "შემომავალი ჰრომედ". პეტრემ იკითხა: "აქ ვიდრე ხუალ, უფალო?" მაცხოვარმა მიუგო: "შევალ ჰრომედ ჯუარ-ცუმად". მოციქულს გაუკვირდა: "კუალად ჯუარს-ეცუმია, უფალო ჩემო?" როცა გაოცებისგან გამოერკვა, უფალი უკვე ზეცად მაღლდებოდა. პეტრემ ეს ჩვენება მიიღო ნიშნად იმისა, რომ "მოწევნულ იყო ჟამი მისი" და უკანვე გაბრუნდა.
მტარვალებმა წმინდანს ჯვარცმა გადაუწყვიტეს. პეტრემ ითხოვა: "ამას გლოცავ თქუენ ერისაგანთა მაგათ, ესრეთ ჯუარს-მაცუთ მე თავ-დამოქცევით და ნუ სხუად, რათა არა მსგავს ვიყო მე უფლისა ჩემისა".
ჯვარზე თავდაღმა მიმსჭვალულ უფლის რჩეულს სულის ამოხდომამდე არ შეუწყვეტია ქადაგება.
წმინდანის ცხედარი მისმა მოწაფემ, მარკოზმა გარდამოხსნა, რძითა და ღვინით განბანა, სურნელოვანი ნელსაცხებლებით შემურა, რჩეული თაფლით სავსე მარმარილოს ლუსკუმაში ჩაასვენა და საკუთარ საფლავში დაფლა.
პეტრე მოციქულმა დაგვიტოვა ორი ეპისტოლე, რომლებიც ახალი აღთქმის წიგნებშია ჩართული. პეტრეს მოწაფის, მარკოზის სახარებაც მის მიერ არის მოწონებული და ნაკურთხი.
სავლეს ისე სძულდა ქრისტიანები, რომ "ფრიად მავნებელ იყო ეკლესიათა მიმართ, სახლებსა შევიდოდა და ითრევდა მამებსა და დედებსა და მისცემდა საპყრობილედ" (საქმე 8,3).
იერუსალიმში აღძრული დევნის გამო ქრისტიანები პალესტინის სხვადასხვა ადგილებში გაიხიზნნენ. ბევრმა დამასკოს შეაფარა თავი. გულისწყრომით აღსავსე სავლემ მღვდელთმოძღვრისგან გამოითხოვა ქრისტიანთა დატყვევების ნებართვა და დამასკოში გაემგზავრა, რათა ქრისტეს მიმდევარი "მამები, ანუ დედები, კრულნი მოიყვანნეს იერუსალემდ" (საქმე 9,2). დამასკოს მიახლოებულმა სავლემ ზეციდან გარდამოსული ნათელი იხილა, ზეციური ხილვით გაოგნებული და შეშინებული "დაეცა ქუეყანასა ზედა და ესმა ხმა, რომელმან ჰრქუა მას, საულ, საულ, რასა მდევნი მე?". კითხვაზე: "შენ ვინ ხარ, უფალო?" - ნათლით გამო მოისმა: "მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი!" (საქმე 9,3-5). იესომ უბრძანა სავლეს, ქალაქში შესულიყო და დანარჩენი იქ გაეცხადებოდა. სავლე წამოდგა, მაგრამ დამოუკიდებლად წასვლა ვეღარ შეძლო - იგი ვერაფერს ხედავდა. განცვიფრებულმა მხლებლებმა სავლე დამასკოში შეიყვანეს. სამი დღის შემდეგ უფლისმიერი კურთხევით მოციქულთა მოწაფემ, ანანიამ სავლე მონათლა და ამის მერე მას მხედველობაც დაუბრუნდა.
ამ დღიდან უწინდელი ფარისეველი და ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი მტკიცე აღმსარებელი და უფლის გამორჩეული მოციქული გახდა. ნათლისღების შემდეგ მან არაბეთს მიმართა, სადაც, გადმოცემით, სამი წლის განმავლობაში თავად მაცხოვარი ეცხადებოდა, სჯულს ასწავლიდა და ქრისტიანობის საქადაგებლად ამზადებდა. არაბეთიდან წმინდა პავლე იერუსალიმში ჩავიდა პეტრე, იაკობ და იოანე მოციქულებთან, იქიდან კი ქალაქ ტარსუში, სადაც ბარნაბა მოციქულთან ერთად მთელი წელიწადი გაატარა საეკლესიო საქმეების მოწყობაში. სულიწმინდის ბრძანების თანახმად, პავლე მოციქული, მარკოზისა და ბარნაბას თანხლებით, წარმართთა შორის ქრისტეს სჯულის საქადაგებლად გაემგზავრა. მან მოიარა სელევკია და კუნძული კვიპროსი. მისგან ქადაგებული სჯულის ჭეშმარიტება მრავალი სასწაულით მტკიცდებოდა. ეს იყო წმინდა პავლე მოციქულის პირველი მოგზაურობა. ამის შემდეგ იგი ლუკასა და შილას თანხლებით კვლავ გაემგზავრა ქრისტეს სწავლების გასავრცელებლად. გაიარა სირია, კილიკია და ლიკაონია, გადავიდა ევროპაშიც - მაკედონიაში, იყო საბერძნეთშიც. პავლე წელიწადნახევარი ცხოვრობდა კორინთოში, შემდეგ კი უკან დაბრუნდა და გზად ეფესოსა და კესარიაში გაჩერდა. მცირე შესვენების შემდეგ წმინდა მოციქული მესამედ გაემგზავრა საქადაგებლად: დააარსა ახალი ეკლესიები და განამტკიცა ძველნი. წმინდა მოციქულის ეს მოგზაურობა უკანასკნელი იყო. ქრისტეს არც ერთ მოწაფეს არ დაუთმენია იმდენი ვნება, ტანჯვა და წვალება, რამდენიც უფლის ამ რჩეულმა ჭურმა დაითმინა. თავად წერს: "ჰურიათაგან ხუთ-გზის ორმეოცსა ერთი მოკლებული ცემა მოვიღე. სამ-გზის კუერთხითა ვიეც, ერთ-გზის ქვითა განვიტვინე, სამ-გზის ნავი დამექცა, ღამე და დღე უფსკრულთა შინა დავყავ. გზისა სლვანი მრავალ-გზის, ჭირნი მდინარეთანი, ჭირნი ავაზაკთანი, ჭირნი ნათესავთაგან, ჭირნი წარმართთაგან, ჭირნი ქალაქთა შინა, ჭირნი უდაბნოთა ზედა, ჭირნი ზღუათა შინა, ჭირნი ძმათა-მტყუვართაგან" (2 კორ. 11,24-26).
ტკივილებითა და განსაცდელებით დამძიმებული პავლე ღვთის ნებით ამ სოფელშივე გახდა ღირსი ენით აუწერელი ნეტარებისა: იგი მესამე ცაზე იქნა ატაცებული, სამოთხის სიტკბოება იგემა "და ესმნეს უთქმელნი სიტყუანი, რომელ არა ჯერ-არიან კაცთა სიტყუად" (1 კორ. 12,2-4).
უფლის სათნომყოფელი მოციქული მტარვალებმა კესარიაში შეიპყრეს, აქედან კი რომში გააგზავნეს, სადაც 67 წელს იმპერატორი ნერონის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს: "წარუპყრა ქედი თვისი წმიდამან პავლე მეხრმლეთა მათ სიხარულითა. და ვითარცა მოჰკუეთა თავი მეხრმლემან მან, მეყსეულად მადლითა ღმრთისათა სძე გამოხდა სისხლისა წილ ქედისაგან წმიდისა პავლესა". ამ სასწაულის მხილველებმა ადიდეს უფალი. რომში დღესაც უჩვენებენ ადგილს, სადაც წმინდა მოციქული სიკვდილით დასაჯეს.
პავლე მოციქულმა დაგვიტოვა 14 ეპისტოლე, რომლებიც "ახალი აღთქმის" წიგნებში შედის. ერთ-ერთი სახარებისა და "საქმე მოციქულთას" ავტორი - ლუკაც მისი მოწაფე იყო.
მოციქულებმა მთელ ქვეყანაზე იქადაგეს: "ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი". თუ რა სახით უნდა შეეწიოს რიგითი ქრისტიანი ქვეყანაზე ღვთის სასუფევლის გავრცელებას, ამის შესახებ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ბრძანებს: "რასაკვირველია, ყოველ კაცს არ შეუძლია წავიდეს სხვა ქვეყანაში და იქადაგოს ქრისტიანობა; მაგრამ რა საჭიროა შორს წასვლა! მახლობლად შენდა არიან მრავალნი, რომელთა არ მიუღიათ ჯერეთ ღვთის სიტყვა. იმოქმედე მათზედა, რომ მოიქცნენ და მოინათლონ. გარნა მათგანნიცა, რომელნიც მონათლულნი არიან და ქრისტიანედ უწოდებენ თავის თავს, მრავალნი არიან სახელით, და არა საქმით ქრისტიანენი. ადვილად შეგიძლია იმოქმედო მათზედა და განამტკიცო იგინი. თუ სიტყვიერად არ შეგიძლია ამ საქმის აღსრულება, ნაყოფისაგან შენისა შესწირე რაიმე ამ საქმეს. მოეხმარე ფულით ან რაიმე ნივთის შეწირვით მათ, რომელნი შრომობენ და ჰქადაგებენ ქრისტეს სახარებასა ურწმუნოთა შორის. ბოლოს, თუ არც ეს შეგიძლია, ერთი საქმე მაინც შეგიძლია, და იმაზე უარს ვეღარ იტყვი. შენს თავს მაინც კარგად მოუარე, შენს გულში და სულში გაავრცელე და გაამაგრე ქრისტეს სახარება, რომ შენ მაინც იყო ჭეშმარიტი, საქმიანი ქრისტიანე. ესეც დიდი რამე იქნება! ნეტაი ამას მაინც აღასრულებდნენ ყოველნი მონათლულნი ქრისტიანენი! მაშინ ქრისტიანობა ფრიად განმტკიცდებოდა და თავის თავად გავრცელდებოდა ქვეყანაზე".
თავთა მოციქულთა ლოცვით ღმერთმა მოგვმადლოს სიმტკიცე სარწმუნოებისა და სიყვარული ღვთისა და ადამიანისა!