წმინდა წერილის წიგნებიდან ნაწილი ქრისტეს შობამდე დაიწერა, ხოლო ნაწილი - ქრისტეს შობის შემდგომ. ქრისტეს შობამდე დაწერილ წიგნებს ძველი აღთქმის წიგნებს ვუწოდებთ, ხოლო შობის შემდეგომ დაწერილებს - ახალი აღთქმის წიგნებს.
ქრისტიანული ეკლესია აღრიცხავს ძველი აღთქმის 51 წიგნს, აქედან 39 კანონიკურად ითვლება, დანარჩენი 12 კი არაკანონიკურად.
ახალ აღთქმაში შედის 27 წიგნი, მათ შორის ყველა კანონიკურია. ახალი აღთქმის წიგნებია:
ა) სახარებები:
1) მათესი (მთ.)
2) მარკოზისა (მკ.)
3) ლუკასი (ლკ.)
4) იოანესი (ინ.)
ბ) წმინდა მოციქულთა საქმეები (საქ.);
გ) წმინდა მოციქულ პავლეს 14 ეპისტოლე;
დ) 7 ეპისტოლე სხვა მოციქულთაგან;
ე) აპოკალიფსი ანუ გამოცხადება წმიდა მოციქულისა იოანესი (გამოცხ.)
სახარებაში აღწერილია უფალ იესო ქრისტეს მოსვლა ამქვეყნად, მისი ცხოვრება, ქადაგება, ღვაწლი და ვნება, აგრეთვე ყოველივე ის, რაც მან თავს იდვა ჩვენისა ცხონებისათვის. სიტყვა "ევანგელე" - ბერძნულია და "ხარებას" ნიშნავს, რამეთუ ქრისტეს მოძღვრება - არის შერიგება ადამიანისა ღმერთთან და საუკუნო ნეტარება - არის უდიდესი ნუგეში.
მოციქულთა საქმეებში მოთხრობილია მოციქულებზე სულიწმიდის მოფენის, ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებაში მათი ღვაწლის და მოწამეობის შესახებ, რომლის გემოსხილვაც მოუხდათ მოციქულებრივი ღვაწლის აღსრულებისას პირველმოწამეთა - სტეფანესა და იაკობს, მოციქულთა კრებისა და პირველ ქრისტიანთა ცხოვრების შესახებ. მოციქულთა საქმენი დაიწერა დაახლოებით 64 წელს.
ეპისტოლეები - არის წერილები, რომლებსაც წმინდა მოციქულები სხვადასხვა, მათ მიერ დაარსებულ სამწყსოებს სწერდნენ. წერილებში ისინი განმარტავენ ქრისტიანულ სარწმუნოებას და მიუთითებენ ადამიანებს, როგორ მოაწყონ თავიანთი და სამწყსოს ცხოვრება სარწმუნოებასთან თანხმობით.
აპოკალიფსში აღწერილია ხილვა, რომელიც მიეცა წმინდა მოციქულ იოანეს ეკლესიის მომავალზე, ანტიქრისტეს საქმიანობა, მისი წარწყმედა და ქვეყნიერების აღსასრული.
მიუხედავად იმისა, რომ ძველი აღთქმის წიგნები დაწერილია ქრისტეს შობამდე, მასში იგრძნობა მესიის მოსვლის მოლოდინი; გვახსოვს, რას დაჰპირდა ღმერთი პირველ ადამიანებს მათი სამოთხიდან განდევნის დროს: მისი სიტყვებიდან გამომდინარე, თავად ადამი და ევა ცხოვრობდნენ იმედით, რომ მოვიდოდა მესია და სამოთხის დახშულ კარს კვლავ გაუღებდა კაცთა მოდგმას.
წინასწარმეტყველთა გამორჩევა ხდებოდა არა შემთხვევით, არამედ მათი წმინდა გულისა და ცხოვრების საფუძველზე. წინასწარმეტყველობა იყო განსაკუთრებული მადლი, რომლითაც ეს ადამიანები ხალხში ღვთის სწავლებისა და ნების მქადაგებლები ხდებოდნენ. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა მოღვაწეობა და შესაბამისად მათ მიერ დაწერილი წიგნები მიზნად ისახავდნენ ხალხში ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და ზნეობის კანონების დაცვას და, რაც ყველაზე მთავარია, კაცობრიობის მომზადებას იესო ქრისტეს მისაღებად.
ახალ აღთქმაში ასახულია ქრისტეს განკაცების შემდგომი მოვლენები და ის ახალი სწავლება, რომელიც თავად უფალმა მოუტანა ადამიანებს. მართალია, ეს სწავლება ბოლომდე არ აუქმებს ძველს და შეიძლება ითქვას, რომ ეფუძნება კიდეც მას. ახალ აღთქმას იმიტომაც ეწოდება ახალი, რომ ის მუდამ აქტუალურია, მასში დაწერილი არც ერთი სიტყვა არ დაძველებულა, არამედ, პირიქით, ღვთის მადლით განუწყვეტლივ ახლდება.
პირველი ენა წმინდა წერილის წიგნებისა
ძველი აღთქმის ყველა წიგნი დაწერილია ებრაულად, რადგანაც ამ ენით ლაპარაკობდნენ დამწერნიც და ისინიც, რომელთათვისაც იყო განკუთვნილი წიგნები. ახალი აღთქმის წიგნები, გარდა მათეს სახარებისა, დაწერილია ბერძნულად.