ერთ ბრძენს ჰკითხეს: მუდმივად რატომ კითხულობ წიგნებს, სადაც ღვთის შესახებ სწავლება და ადამიანის მოვალეობებია გადმოცემული შენ ხომ ეს უკვე რამდენჯერმე წაიკითხეო. ბრძენმა მიუგო: - დღეს რატომღა ითხოვ საჭმელს? გუშინ ხომ ჭამე? იმიტომ, რომ ვიცოცხლოო, - უპასუხა მან. მეც სწორედ იმიტომ ვკითხულობ, რომ ვიცოცხლოო, - უპასუხა ბრძენმა. ბრძენის აზრით, როგორც სხეულს სჭირდება ყოველდღიური საზრდელი, რათა იცოცხლოს, ასევე სულს ესაჭიროება ყოველდღიური საზრდელი სიცოცხლისათვის.
ღირსმა პახომი დიდმა, ძველი დროის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მეუდაბნოე მამამ, ზეპირად იცოდა მთელი სახარება და ღვთის მითითებით, თავის მოწაფეებსაც აუცილებელ პირობად უყენებდა მის შესწავლას.
დღესაც ბევრი მორწმუნე ყოველდღე თითო თავს კითხულობს სახარებიდან და თითო თავს სამოციქულოდან. სახარების ჩვენთვის გაუგებარი ადგილების სწორად გაგებისათვის წმინდა მამების განმარტებები შეგვიძლია დავიხმაროთ. ამბა პიმენი ამბობს: "ნუ დაგეზარება ხშირად იკითხო იგი, მიუხედავად იმისა, გესმის სიტყვების ძალა თუ არა, ვინაიდან ხშირი სწავლება ადრე გაუგებარს უკვე აშკარას გახდის. ხშირად მას, რაც დღეს არ გვესმის, ხვალ გავიგებთ, ღვთის მადლით, რომელიც უხილავად განხსნის ჩვენს გონებას წმინდა წერილის შესამეცნებლად".
მოგვეცა უდიდესი შესაძლებლობა: შეგვიძლია, მოვუსმინოთ თვით განხორციელებულ სიტყვას, უფლის იმ სიტყვას, რომლის მოსმენაც სურდათ წინასწარმეტყველებსა და მეფეებს, მაგრამ ვერ მოისმინეს: "ხოლო გეტყვი თქუენ, რამეთუ: მრავალთა წინაისწარმეტყველთა და მეფეთა უნდა ხილვაი... და ვერ იხილეს, და სმენად... და ვერ ესმა" (ლკ. 10, 24).
წერილს წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვის სიტყვებით დავასრულებ: "ნუ დასჯერდები სახარების უბრალო კითხვას, ეცადე, მისი მცნებები შეასრულო, ეცადე, შენი საქმეებით იკითხო იგი. სახარება ცხოვრების წიგნია და მას თვით ცხოვრებით უნდა კითხულობდე".