ჩემო პატარა, სწორედ ფერი განაპირობებს ბუნების მშვენიერებასა და მომხიბვლელობას. თოვლი თეთრია, მაგრამ მზის სხივებით აბრჭყვიალებულ სითეთრეს შეიძლება მოლურჯო, მოვარდისფრო ანდა მონაცრისფრო ელფერმა დაჰკრას.
საოცარია ზღვის სილურჯე, ზოგჯერ მომწვანო, ზოგჯერ კი მუქი შეფერილობით.
ჩამავალი მზის შუქით ანთებული ფოთლები ხან წითლად, ხან ყვითლად, ხანაც ნარინჯისფრად იწყებენ "ციმციმს". ცისარტყელას ფერები ხომ ბუნების საოცრებაა!
ჩემო საყვარელო, აბა, გაიხსენე, ფერის რამდენნაირი დასახელება გსმენია: ვარდისფერი, ყაყაჩოსფერი, ქარვისფერი, ზღვისფერი, იისფერი, ცისფერი... ბუნებაში, მართლაც, უამრავი ფერი არსებობს. თუმცა სამი ძირითადი ფერი ვიცით. ესენია: წითელი, ყვითელი და ლურჯი. ყველა დანარჩენი ფერი მათგან მიიღება. ასეთ ფერებს შედგენილს ვუწოდებთ. თუკი წყლის საღებავებით ხატვა გიყვარს, ეს ჩემზე უკეთ შენ გეცოდინება. ასე მაგალითად: წითელი და ყვითელი ნარინჯისფერს წარმოქმნიან, წითელი და ლურჯი - იისფერს, ლურჯი და ყვითელი კი მწვანეს.