კრიტიკული სიტუაციის გადალახვა შესაძლებელია. მისი გადალახვა შესაძლებელია ლოცვით. ძალიან ბევრი უნდა ვილოცოთ. გვჭირდება ადამიანები, რომლებსაც თავიანთი ლოცვით შეუძლიათ შემოაბრუნონ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, რადგან მხოლოდ ლოცვას ძალუძს მოვლენების მიმდინარეობის შეცვლა. ყველა სხვა ზომა ადამიანური საქმიანობაა. ესეც კარგია და სასარგებლო, მაგრამ ლოცვას ნამდვილად შეუძლია "ერთ წამში" (ლუკა 4: 5). ყველაფერი შეცვალოს და განაქარვოს განსაცდელი, რომელსაც, სხვათა შორის აქვს პოზიტიური მხარეც, რადგან ის ბევრ რამეს გვასწავლის.
მოდით, მოვინანიოთ ჩვენი ცოდვები, მთელი მსოფლიოს ცოდვები!
პანდემია გვასწავლის ჩვენს სისუსტეს. გვასწავლის ადამიანის ამაოებას. გვასწავლის, რომ ყველაფერი, რასაც გარშემო ვხედავთ, წარმავალია. უნდა გვესმოდეს, რომ ღვთის სასუფეველი უნდა იყოს ჩვენი მთავარი მისწრაფება. როგორც უფალი ამბობს წმინდა სახარებაში: პირველ რიგში ეძიეთ ღვთის სასუფეველი. დანარჩენი მოგცემათ უფლისა ჩვენის ქრისტეს მიერ. ღვთის სასუფეველი არის ის, რაც ნამდვილად გვჭირდება. სწორედ ამიტომ, ეკლესია მოგვიწოდებს ლოცვითი გმირობისაკენ, სინანულითა და თავმდაბლობით აღვლენილი ლოცვებისაკენ.
მაშ, მოდით, მოვინანიოთ ჩვენი ცოდვები, მთელი მსოფლიოს ცოდვები! მივაწვდინოთ უფალს მდაბალი და მონანული გულებიდან ამოთქმული ლოცვის ძალა. უფალიც შეისმენს და შეცვლის ისტორიის დინებას.
თუ ვლოცულობთ, მაშინ ყველაფერი იცვლება. თუ არ ვლოცულობთ, მაშინ ჩვენ მივყვებით ადამიანის გზას, რომელიც უცნობია, როგორი იქნება და სად მიგვიყვანს.
ეკლესიები ღიაა. მათში ღვთისმსახურება არ შეწყდება. ჩვენი მღვდლები და ჩვენ ყველანი იმ მდგომარეობაში ვართ, რომელშიც უფალმა დაგვაყენა. როგორც ეკლესიის მოძღვრები, ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს, მსახურებებს, საღვთო ევქარისტიას მთელი მსოფლიოსთვის. ვისაც სურს, მოვიდეს! ყველას, ვინც გრძნობს უხერხულობას, ძალის ნაკლებობას ან რაიმე სხვა რამეს, იმოქმედოს სიტუაციის საკუთარი გაგების შესაბამისად. ჩვენ არ გვაქვს უფლება, განვსაჯოთ რომელიმე ადამიანი. ჩვენ ვლოცულობთ მთელი მსოფლიოსთვის, მთელი "ადამისთვის", მთელი კაცობრიობისთვის.
ვიღაც იკითხავს: მაგრამ ჩვენ, ისინი, ვინც ეკლესიაში მოვალთ, ავად არ გავხდებით? ავად ჩვენც გავხდებით და ჩვენც გარდავიცვლებით. ვინ გითხრათ, რომ ჩვენ უკვდავები ვართ ამ წუთისოფელში. ნუთუ კორონავირუსი იყო საჭირო იმისათვის, რათა გვცოდნოდა ამის შესახებ, რომ ჩვენ გარდავიცვლებით? ნუთუ კორონავირუსი იყო საჭირო იმისათვის, რათა გვცოდნოდა, რომ ჩვენ ავად გავხდებით?
გვქონდეს სიკვდილის ხსოვნა, რომლის შესახებაც ჩვენმა წმინდა თანამემამულემ ნეოფიტემ თქვა, რომ ღვთისადმი შიში, სიკვდილის ხსოვნამდე აღყვანილი, ყველაზე დიდი მადლია, რადგან ის გვახსენებს, რომ ჩვენ დავუტევებთ ამ ამაო სამყაროს და დავდგებით უფლის წინაშე.
სიკვდილის არავის უნდა შეეშინდეს: ამ შიშისგან უფალმა თავისი სიკვდილით გამოგვიხსნა
რას გვაძლევს ეკლესია? უშიშრობას. სიკვდილის შიშზე გამარჯვებას. ჩვენ ყველას, გამონაკლისის გარეშე, გველის ბიოლოგიური სიკვდილი. მაგრამ არა სულიერი: ადამიანს, რომელსაც სწამს ღმერთი, სიკვდილი არ ემუქრება. "ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე", - ამბობს უფალი. ანუ ის, ვისაც ღმერთის სწამს, სიკვდილს არასდროს იხილავს. ბიოლოგიურად - კი, სულიერად - არა. სწორედ ეს არის, რაც გვაშინებს - სულიერი სიკვდილი, ჩვენი მარადიული განშორება ქრისტესგან. ის გვაშინებს. ჩვენ გვსურს, რომ ეს არ დაგვემართოს, რადგან ბიოლოგიური სიკვდილი - დროებითი, ხოლო სულიერი სიკვდილი - სამუდამო განშორებაა!
ასეთი რწმენით უნდა გავიაროთ ჩვენთვის გამოგზავნილი განსაცდელი - პანიკის, შიშის, ადამიანური მოსაზრებების გარეშე. მოვუხმოთ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სიყვარულს დასახმარებლად.

ჩვენ ვიცით, რომ ამ ქვეყნად ჩვენს ცხოვრებას აქვს გარკვეული "ვადა". მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, რომ სიკვდილი არის ამქვეყნიური საგნებიდან მარადიულობაში გადასვლა, ღვთის მარადიულ სასუფეველში. დღევანდელი კრიზისი არის ჩვენი რწმენის, ჩვენი ცხოვრების, ჩვენი აზრების განსჯა, ღმერთთან - მამასთან კავშირის ხარისხის მაჩვენებელი.
ეკლესია კვლავაც ლოცულობს და ემსახურება ცოცხალ ღმერთს, ყოველგვარი ადამიანური გათვლებისა და ანგარების გარეშე. იგი იმედოვნებს, რომ ღმერთი ყველაფერზე მაღლა დგას. არა იმისათვის, რომ უგულებელვყოთ ადამიანთა მცდელობები, არამედ იმისათვის, რომ დავამარცხოთ სიკვდილის შიში. მას კი სიყვარული ამარცხებს. სრულყოფილი სიყვარული განაგდებს შიშს. ღვთის მოყვარულს არაფრის ეშინია. მას ამქვეყნად არც ერთი განსაცდელი არ აშინებს. რადგანაც ღვთის სიყვარული ჭარბობს შიშს და ანიჭებს მარადიულ სიცოცხლეს.
ჩვენს საეპისკოპოსოში, საკათედრო ტაძარში, ისევე როგორც სხვა ეკლესიებში, ყოველ ხუთშაბათს დიდი მწუხრის წინ ან მის შემდეგ, აღესრულება ზეთის კურთხევა სულისა და სხეულის საკურნებლად. ეკლესია განკურნების საშუალებას გვაძლევს საუკუნო ცხოვრებისთვის. ადამიანის მიერ დამზადებულ, ბიოლოგიურ და ქიმიურ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, ეკლესია გვაძლევს სწავლებას ზეთისცხების საიდუმლოზე, რათა მომადლოს ძალა სულსა და სხეულს, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, რაც არ უნდა შეგვემთხვეს.
მაშასადამე, ყველას, ვისაც ქრისტე გვწამს და მის წმიდა სახელს მოვუხმობთ, უნდა მივანიჭოთ იმედი, სიხარული, სიმშვიდე, სიმამაცე - ჩვენი ძმების გულებს, მოვუხმოთ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სიყვარულს დასახმარებლად.
წყარო: Πεμπτουσία