დღეს "საგუშაგო კოშკის" საზოგადოებას ფსევდორელიგიურ, კომერციულ ორგანიზაციას ვუწოდებდით, რომელიც ნახევრადკომუნისტურ იდეებს ეყრდნობა წარმართობის ელემენტებით და გარკვეულ ქრისტიანულ წარმოდგენებს თუ კონცეფციებსაა ამოფარებული.
რუსეთში მოქმედ ტოტალიტარულ სექტათაგან იგი ყველაზე მეტად გვაგონებს კომპარტიას და შესაძლოა, სწორედ ამიტომაცაა ასე წარმატებული პოსტსაბჭოთა სივრცეში.
"იეჰოვას მოწმეთა" სტრუქტურა ძალზე წააგავს კომპარტიის სტრუქტურასა და მის "დემოკრატიულ ცენტრალიზმს". ღვთისმსახურების ნაცვლად იეჰოველები "პარტიული კრებების", "პარტიული სწავლებების" და "პარტიულ ყრილობათა" საკუთარ ვერსიებს ("იეჰოვას მოწმეთა" ყოველწლიურ კონგრესებს) ატრებენ, ესქატოლოგიურ პერსპექტივაში კი - კონკრეტულ მიწიერ სამოთხეს ელიან (გავიხსენოთ კომუნიზმი), სადაც უხვად იქნება საკვები, სამუშაო კი - ცოტა, სადაც ყველას "უნარების შესაბამისად" მოეთხოვება" და "საჭიროებისამებრ" მიეცემა, ამ მიწიერ სამოთხეში კი არც ღმერთისთვის (იეჰოვა) მოიძებნება ადგილი და არც - ქრისტესთვის.
იეჰოველები კიდევ ერთი თავისებურებით გამოირჩევიან - სისხლის გადასხმას ფანატიკურად უარყოფენ და ამგვარ აკრძალვას ლევიტელთა წიგნსა და "საქმე მოციქულთას" მეთხუთმეტე თავს უკავშირებენ, რომელშიც მოციქულთა კრება ახალმოქცეულ ქრისტიანებს ცხოველთა სისხლის საკვებად გამოყენებისაგან თავშეკავებას ურჩევს.
1961 წელს სექტის ლიდერებმა სისხლის გადასხმა მისი საკვებად გამოყენების ტოლფასად ცნეს და მომაკვდინებელ ცოდვად გამოაცხადეს.
ამ მიზეზით უამრავი ადამიანი, მათ შორის, ბავშვი, დაიღუპა. დიდია უგონოდ მყოფ იმ ადამიანთა რიცხვიც, რომელთა ნათესავებმაც მათთვის სისხლის გადასხმაზე უარი განაცხადეს.
სექტის თავკაცთათვის ადამიანის სიცოცხლე არასოდეს ყოფილა პრიორიტეტული. იეჰოველებს თავიდან აცრების გაკეთება ეკრძალებოდათ, რაც, ბუნებრივია, მძიმე სნეულებებს და ადამიანთა დაღუპვას იწვევდა. მხოლოდ 1952 წელს, მას შემდეგ, რაც მრავალმა სახელმწიფომ აკრძალა საკუთარ ტერიტორიაზე აცრებისა და შესაბამისი ვაქცინაციის გარეშე შესვლა, იეჰოველებმა ეს აკრძალვა გააუქმეს. სექტის თავკაცების ამ უაზრო ახირების გამო დაღუპულ უამრავ სიცოცხლეზე კი პასუხისმგებლობა არავინ იკისრა, სანაცვლოდ, აიკრძალა ორგანოთა გადანერგვა, რამაც უამრავ ადამიანს გადარჩენის უკანასკნელი შესაძლებლობა მოუსპო, თუმცა 1980 წლიდან ეს აკრძალვაც გააუქმეს და არც ამჯერად შეწუხებულა ვინმე უამრავ დაკარგულ სიცოცხლეზე. რისთვის დაიღუპა ან დაბრმავდა ამდენი ადამიანი? ეს კითხვა დღესაც ელის პასუხს... გამორიცხული არც ის გახლავთ, ახლო მომავალში სექტის თავკაცობამ იეჰოველებს სისხლის გადასხმის ნებაც დართონ, სექტანტები კი ისევ მორჩილად მიიღებენ ამ ცვლილებას და არც ამჯერად მოუვათ თავში კითხვა: - რისთვის დაიღუპა ამდენი ადამიანი?!
სექტის ადგილობრივი მმართველი ორგანოები დამოუკიდებლად არც ერთ გადაწყვეტილებას არ იღებენ და ოდენ გამტარი რგოლის ფუნქციას სჯერდებიან "ბრუკლინიდან მომდინარე განკარგულებისა და დირექტივებისა".
გთავაზობთ ციტატას პროიეჰოვური წყაროდან, რომელიც სექტის სტრუქტურას ახასიათებს და შინაგანი წინააღმდეგობებითაა აღსავსე:
"მოწმეებს არ ჰყავთ ანაზღაურებაზე მყოფი სასულიერო პირები, შესაკრებლებს უხუცესები მართავენ. ტიპური შესაკრებელი, დაახლოებით, ას მოწმეს აერთიანებს ექვსი ხუცესისა და ამდენივე მსახურის ჩათვლით. როდესაც შესაკრებელი რიცხობრივად იზრდება, ცალკეულ შესაკრებლებად იშლება.
იეჰოვას მოწმეთა ოცი შესაკრებელი ერთ რაიონს შეადგენს, ოცი რაიონი კი - ერთ ოლქს. სულიერ წინამძღვრობას რაიონული და საოლქო მეთვალყურენი ახორციელებენ (ბერძნული სიტყვა "ეპისკოპოს" სწორედ მეთვალყურეს ნიშნავს).
იეჰოვას მოწმეთა მეთვალყურენი ხშირად სტუმრობენ თავიანთი რაიონებისა და ოლქების შესაკრებლებს, თითოეულს, მინიმუმ, წელიწადში ორჯერ და იქ ერთ კვირას ატარებენ. სწორედ ამიტომ იხსენიებენ მათ "მოგზაურ მეთვალყურეებად".
სპეციალურ პენსიონერებს, მისიონერებსა და მოგზაურ მეთვალყურეებს ფინანსურად რელიგიური ორგანიზაცია უზრუნველყოფს.
1998 წელს საგუშაგო კოშკის საზოგადოებამ ამ უკანასკნელთა მხარდასაჭერად 64,4 მილიონი დოლარი გაიღო".
როგორც ხედავთ, მათი განცხადების მიუხედავად, მაინც არსებულან ანაზღაურებაზე მყოფი სასულიერო პირები.
ამერიკულ ბეთელებში დაახლოებით 5 ათასი ადამიანია დასაქმებული, მსოფლიოს მასშტაბით კი - 20 ათასზე მეტი, რომელთა უმრავლესობამ მომზადება სექტის მთავარ დაწესებულებაში გაიარა, სახელწოდებით "თეოკრატიული მსახურების სკოლა" (გალაადი, პენსილვანია).
ბრუკლინის ბეთელში განთავსებული მმართველი კორპორაცია სექტის მართვასა და განვითარებასთან დაკავშირებულ ყოველ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად და ანონიმურად იღებს.
რადგან იეჰოვას მოწმეები აბორტს ოფიციალურად არ ცნობენ, დაოჯახებულები კონტრაცეფციას ან ქირურგიულ სტერილიზაციას მიმართავენ. რამდენადაც ჯიბის ფულად "ბეთელელებისთვის" თვეში 100 დოლარი აქვთ გამოყოფილი (კვება - საერთო სასადილოში, სარეცხი კი საერთო სამრეცხაოში ეკუთვნით), კონტრაცეპტივები კი ძვირია, სავარაუდოდ, "საგუშაგო კოშკის" მსახურნი "სრულიად ნებაყოფლობით და ყოველგვარი ზეწოლის გარეშე" წვებიან საოპერაციო მაგიდაზე სტერილიზაციის გასაკეთებლად.
თვითმხილველნი მოგვითხრობენ "მსოფლიო თეოკრატიის" მწვერვალზე არსებული დაბეზღებისა და ცილისწამების უმძიმესი ატმოსფეროს შესახებ. თანამშრომელთა უმეტესობა ცდილობს, წუთით მაინც გაეთიშოს ასეთ ძაღლურ ცხოვრებას, ამიტომ ბეთელში გაუთავებლად ლოთობენ, ამასთან აქ სუფევს ის ატმოსფერო, რომელსაც მრავლისმთქმელი სიტყვა "ამორალური" შეესაბამება.
სპირტიანი სასმლის ბოროტად გამოყენება, ზოგადად, ყოველ საფეხურზე მყოფი მოწმის დიდი პრობლემაა.
"უხუცესთა ზედამხედველობის ქვეშ ცხოვრების გამო გამოვიფიტე, ვერაფერი და ვეღარავინ, თვით შვილებიც კი, რომლებიც წინათ ამდენ სიხარულს მანიჭებდნენ, ჩემს ცხოვრებას ვეღარ ავსებდნენ. მე და ჩემი ცოლი ხშირად ვსვამდით და ზომაზე მეტად ვთვრებოდით, რომ ცოტაოდენი შვება მაინც გვეგრძნო, მაგრამ ყოველივე მხოლოდ სიცარიელით ივსებოდა", - ჰყვებოდა ერთ-ერთი "ბეთელელი".
მსოფლიოში გაფანტულ ამ თეოკრატიას 6 მილიონამდე ქვეშევრდომი, ანუ სექტის აქტიური წევრი ჰყავს. ეს უკანასკნელნი რეგულარულად იხდიან საწევროს, რომელიც შეუდარებლად აღემატება იმ გადასახადს, რომელსაც ჩვეულებრივი მოქალაქეები იხდიან. ყოველივე ცხადყოფს, თუ რა შემოსავლის პატრონია მმართველი კორპორაცია.
ტიპოგრაფიული ცენტრი, რომელიც რუსეთს ემსახურება, გერმანიაშია. სექტის წევრები ვალდებულნი არიან, ეს გამოცემები გაავრცელონ. ეს უკანასკნელნი მათ საკუთარი თანხით ყიდულობენ და შემდეგ არიგებენ ან ყიდიან.
იეჰოვას მოწმეები თამამად შეიძლება განვიხილოთ როგორც კომერციული კულტი ან სავაჭრო-ფინანსური პირამიდა იდეოლოგიურ-ფსევდორელიგიური მინაშენით. თავადვე თხზავენ, თავადვე ქმნიან ილუსტრაციებს, აქვეყნებენ და თავიანთ არაკონკურენტუნარიან პროდუქციას მსოფლიოს მასშტაბით ავრცელებენ, რომლის გასაღებაც მძლავრი იდეოლოგიური მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია: ჯიხურში მას არავინ შეიძენს, სწორედ ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს მისი გასაღების უზრუნველსაყოფად, რომლის წყალობითაც ორგანიზაციას ასობით მილიონი დოლარის ოდენობის სუფთა შემოსავალი რჩება.
სწორედ ამ მიზეზით ევროპის სახელმწიფოთა აბსოლუტურ უმრავლესობაში იეჰოვას მოწმეები რელიგიურ ორგანიზაციად არასოდეს ითვლებოდნენ. 1999 წლის დასაწყისში საფრანგეთმა სექტას რელიგიური ორგანიზაციის სტატუსი ჩამოართვა და "მოწმეები" რამდენიმე წლის გადასახადის გადახდით დაავალდებულა, რაც 50 მილიონზე მეტს შეადგენდა. მანამდე კი სექტის ავლა-დიდებას ამ ქვეყანაში ყადაღა დაედო.
მათ ცნება "სიცრუის" ძალზე თავისებური, საყოველთაოდ მიღებულისგან ძალზე განსხვავებული გაგება აქვთ, რაც იმ ფაქტს უკავშირდება, რომ არაწევრთა მიმართ განსაკუთრებული სტრატეგია ხორციელდება და ისინი, ვისაც მათი სწავლების შეჭმარიტებაში ეპარება ეჭვი, მტრებად ითვლებიან და შესაბამისადაც ეპყრობიან.
"საგუშაგო კოშკის საზოგადოება" იეჰოველებს ფაქტების მიჩქმალვასა და თვალთმაქცობას ასწავლის, ამ ყოველივეს კი "თეოკრატიული ომის სტრატეგიას" უწოდებს.
საზოგადოება წევრებს მოუწოდებს მუდამ ახსოვდეთ, რომ "რადგან ქრისტეს მეომრები არიან, მუდმივად თეოკრატიული ომის მდგომარეობაში იმყოფებიან და, შესაბამისად, უნდა ფხიზლობდნენ, რამდენადაც საქმე ქრისტეს მტრებთან აქვთ. ასე რომ, წმინდა წერილიდან გამომდინარე, ღმერთის ინტერესების დაცვის მიზნით მისი მტრებისაგან სინამდვილე დაფარული უნდა იყოს".
ასე რომ, ზემოთ მოყვანილი მითითების შესაბამისად, ხსენებული საზოგადოების მთელი ლიტერატურა სავსეა ფაქტების გაყალბებითა და სიცრუით. აი, რა ამოვიკითხეთ წიგნში "დახმარება ბიბლიის გაცნობიერებაში": "როგორც წესი, სიცრუეში ტყუილი იგულისხმება, რომელსაც მას ეუბნებიან, ვისაც სიმართლის ცოდნის უფლება აქვს".
რასაკვირველია, სწორედ ბრუკლინის თეოკრატია გადაწყვეტს, თუ ვინ და როდის არის სიმართლის ცოდნის ღირსი.