1. დიდი გამოსვლა;
2. მორწმუნეთა მომზადება წმინდა ძღვნის კურთხევისთვის;
3. წმინდა ძღვნის კურთხევა;
4. მორწმუნეთა მომზადება საზიარებლად;
5. ზიარება;
6. მადლობის შეწირვა და განტევება.
ამ მღვდელმოქმედებას "დიდი გამოსვლა" ეწოდება და გაგვახსენებს იესო ქრისტეს ნებსით მსვლელობას გოლგოთაზე - ტანჯვისა და ჯვარცმისთვის. ამ დროს მორწმუნენი თავდახრილნი უნდა იდგნენ და სთხოვდნენ უფალს, მოიხსენიოს ისინი და მათი ახლობლები ცათა სასუფეველში.
ასამაღლებელზე "კარნი, კარნი, სიბრძნით, მოხედენ" იხსნება კრეტსაბმელი და აღსავლის კარი და იგალობება ან იკითხება მრწამსი - სიმბოლო სარწმუნოებისა. ძველად სიტყვები "კარნი, კარნი" მეკარეებს შეახსენებდა, არავითარ შემთხვევაში არ დაეშვათ ტაძარში კათაკმეველნი.
ამ დროს მღვდელი საიდუმლოდ ლოცულობს - სამადლობლის შეწირვას განაგრძობს და ბოლოს ხმამაღლა ამბობს: "მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი, მისატევებელად ცოდვათა".
შემდგომ წარმოთქვამს: "შენი შენთაგან, შენდა შემწირველნი, ყოველთა და ყოვლისათვის". მგალობლები განგრძობილად გალობენ: "შენ გიგალობთ, შენ გაკურთხევთ, შენ გმადლობთ, უფალო, და გევედრებით შენ, ღმერთო ჩვენო".
ღმრთისმსახური საიდუმლო ლოცვაში სთხოვს უფალს, წმინდა ძღვენი ქრისტეს სისხლად და ხორცად შეცვალოს. აკურთხებს პურსა და ღვინოს, მათ სისხლად და ხორცად გარდაქცევის ლოცვას წარმოთქვამს საიდუმლოდ და ბოლოს მოუხმობს უფალს: "შესცვალე სულითა შენითა წმიდითა". დიაკონი სამგზის პასუხობს: "ამინ!" ღვთისმსახური დიდ მეტანიას აღასრულებს უფლის წინაშე - ეს ლიტურგიის უმნიშვნელოვანესი წუთებია. ამის შემდგომ მღვდელი საიდუმლოდ ლოცულობს მაზიარებელთათვის, იხსენიებს მათ, ვისთვისაც იწირება წმინდა მსხვერპლი, ყოველთა წმიდათა, უმეტესად კი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისთვის.
ღვთისმსახური აღამაღლებს წმინდა ძღვენს და ხმამაღლა ამბობს: "წმიდა წმიდათა", ანუ სიწმინდეს მხოლოდ ის ეზიარება, ვინც თავი ლოცვით, მარხვითა და სინანულით განიწმინდა. გუნდი გალობს: "ერთარს წმიდა, ერთარს უფალი იესო ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა, ამინ!"

მორწმუნეები გულზე გადაჯვარედინებული ხელებით მიდიან ბარძიმთან. ზიარების შემდეგ მაზიარებელნი იღებენ მდუღარებას (წყლით განზავებულ ღვინოს), რათა პირის ღრუში წმინდა ძღვნის უმცირესი ნაწილიც კი არ დარჩეს. ზიარება უმნიშვნელოვანეს მოვლენას - საიდუმლო სერობას მოგვაგონებს.
ზიარების შემდეგ წმინდა ძღვენი კიდევ ერთხელ გამობრძანდება მორწმუნეთა თვალწინ. დიაკონი წარმოთქვამს: "ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე".
მღვდლის ასამაღლებელი გვახსენებს უფლის ამაღლებას და მის აღთქმას, რომ "ვიდრე აღსასრულამდე ქვეყნისა" განუშორებლად წმინდა ეკლესიასთან იქნება.
მღვდელი აკურთხებს მრევლს, რასაც მოსდევს მღვდლის განტევების ლოცვა. ლიტურგია ღმრთისმსახურის ქადაგებით სრულდება.