ექვსფსალმუნება კრძალვით უნდა მოვისმინოთ. ამ დროს ღმერთს ცოდვათა შენდობას უნდა ვევედრებოდეთ. წმინდა მამები გვირჩევენ, ექვსფსალმუნებისას ჩვენი ყოფის ამაოება გავიაზროთ, სიკვდილი და საშინელი სამსჯავრო გავიხსენოთ.
სამი ფსალმუნის წაკითხვის შემდეგ მღვდელი საკურთხევლიდან გამოდის და დახურული აღსავლის კარის წინ მდგარი თორმეტ საიდუმლო საცისკრო ლოცვას კითხულობს, რომლითაც აკურთხებს ღამისთევის მსახურებას. ფსალმუნებისას მღვდლის მიერ საიდუმლო ლოცვების წარმოთქმა მიგვანიშნებს, რომ თუმცა მაცხოვარი 30 წლამდე ადამიანთა შორის ცხოვრობდა, ხალხმა არაფერი იცოდა მის შესახებ. თვით ექვსი ფსალმუნის კითხვა იოანე ნათლისმცემლის შენანების შესახებ ქადაგებას მოასწავებს. ამიტომაცაა, რომ ამ დროს ზოგიერთ ეკლესიაში ტაძარს ნაკლებად ანათებენ.
ექვს ფსალმუნს მოსდევს დიდი კვერექსი, რომლის შემდეგაც საზეიმოდ სრულდება მორწმუნეთა საცხოვნებლად განკაცებული ღმერთის - იესო ქრისტეს სადიდებელი: "ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა". ეს ადგილი ცისკრისა მოასწავებს მაცხოვრის ნათლისღებასაც და წმინდა სამების გამოცხადებასაც. ამ დროს ტაძარს უფრო მეტად ანათებენ.
"ღმერთი უფალის" შემდეგ იგალობება ტროპარი. აღდგომის ტროპარებში იდიდება მაცხოვრის მიერ ჯოჯოხეთის დათრგუნვა და ძლევა სიკვდილისა. ტროპარს მოჰყვება დავითის ფსალმუნები. მათი კითხვისას ძველად მორწმუნეებს დაჯდომის ნება ეძლეოდათ. ფსალმუნებში მოცემულია წინასწარმეტყველება ძველი აღთქმისა იესო ქრისტეზე. კანონის შემდეგ იკითხება სტიხოლოგიები. მათში უფრო ცხადად არის ასახული მაცხოვრის წამება და სიკვდილი. სტიხოლოგიებს მცირე კვერექსი მოსდევს.
ცისკრის ეს საზეიმო ნაწილი 134-ე და 135-ე ფსალმუნის გალობით იწყება - "აქებდით სახელსა უფლისასა..." და სახარების კითხვით სრულდება.
თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი სიმონი გვასწავლის, რომ საგალობლები, რომლებიც ამ დროს იგალობება, გვიამბობენ "ღვთის საკვირველ საქმეთა გამარჯვებასა და ამაღლებულობაზე", ჩვენი ცოდვილი სულების ეგვიპტიდან გამოსვლასა და ქრისტეს რწმენისკენ სვლაზე, განსაცდელთა დაძლევით - აღთქმული ქვეყნისა და ქრისტეს შეწევნით ზეციური სასუფევლის დამკვიდრებაზე. ამ დროს ხდება გახსენება მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომისა, მის მიერ სიკვდილის ძლევისა. წმინდა ეკლესია აქებს უფალს კაცთა მოდგმაზე მისი აურაცხელი წყალობისათვის.
იღება აღსავლის კარი. მღვდელმსახურნი აკმევენ მთელ ტაძარს. ამით მიანიშნებენ მენელსაცხებლე დედებზე, რომლებიც გამთენიისას მივიდნენ მაცხოვრის საფლავთან და ანგელოზისგან ქრისტეს აღდგომის ხარების შემდეგ ეს ამბავი მორწმუნეებს აუწყეს. სწორედ ეს არის ნათქვამი ტროპარში "ანგელოზთა დასი..." თუ კვირა დღეს დიდი დღესასწაული დაემთხვა, ამ ტროპარის წინ სადიდებელს გალობენ.
იწყება თეოდორე სტუდიელის (IX ს.) ცხრა აღსავალი. მათი რიცხვი ანგელოსთა ცხრა დასს შეესატყვისება, რომლებიც წმინდა სამებას უგალობენ. აღსავლები სინანულის გამომხატველი სიტყვებით გულს აღგვიმაღლებენ და სახარების მოსასმენად შეგვამზადებენ. მათ კიბის საფეხურებივით აჰყავთ ქრისტიანის სული მიწიდან ცისკენ, მწუხარებიდან სინანულისკენ.
დიაკონი ამბიონზე, მაცხოვრის ხატის წინ, კითხულობს ლოცვას: "აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი..."
კანონში ცხრა ძლისპირი შედის. თითოეული ძლისპირი, თავის მხრივ, ტროპარებისგან შედგება, რომლებშიც გადმოცემულია ეკლესიის ისტორია და ჩვენი პირადი ქება ღვთისა და წმინდანებისა. III, VI და IX ძლისპირების შემდეგ იკითხება მცირე კვერექსი. რადგან IX ძლისპირი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმია განკუთვნილი, ამიტომ მისი წარმოთქმის წინ დიაკონი აღამაღლებს საცეცხლურს ღვთისმშობლის ხატის წინ და ამბობს ასამაღლებელს: "ღვთისმშობელსა, დედასა ნათლისასა, გალობით ვადიდებდეთ". მგალობლები ყოვლადწმინდა დედას შემდეგი საგალობლით აქებენ: "ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა...", რომელსაც ჩაერთვის: "უპატიოსნესსა ქერუბიმთასა..."
ძლისპირების შემდეგ სამჯერ იგალობება: "წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი" და იკითხება განმანათლებელი, რომელიც მოგვიწოდებს, გონებით განნათლდეთ და განვსპეტაკდეთ უფალი ღმერთის ღირსეულად სადიდებად. ამას 148-ე, 149-ე და 150-ე ფსალმუნების კითხვა მოსდევს.
ცისკარი სრულდება დიდი ჩამოლოცვით - მღვდელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდანების შუამდგომლობით შესთხოვს მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარს მორწმუნეთა შეწყალებასა და ცხონებას. აღსავლის კარი და კრეტსაბმელი იხურება.
ცისკარს მოებმის I ჟამი, რითაც მთავრდება ღამისთევის ლოცვა.