4. ღვთაებრივი გამოცხადება და ეკლესია
ეკლესია არ არის გარკვეულ ადამიანთა საზოგადოება, ის ღმერთისა და კაცის ერთობლივი ორგანიზმია. ეკლესიის თავი იესო ქრისტეა და მასთან, როგორც საკუთარ საწყისთან გაერთიანებული მორწმუნეები, ერთიან სულიერ სხეულს ქმნის, ცალკ-ცალკე ყოველი მორწმუნე ამ სხეულის ნაწილებს წარმოადგენენ.
"თქუენ ხართ ხორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანნი" (1 კორ. 12:27), - გვასწავლის მოციქული პავლე.
ამიტომ წმინდა გადმოცემის შემნახველი არა მხოლოდ იერარქი და სწავლული ღვთისმეტყველი, არამედ "ყოველი ჭეშმარიტი მორწმუნეა". "აღმოსავლეთის პატრიარქთა ცირკულარში" (1848 წ.) ვკითხულობთ:
"ჩვენთან ვერც პატრიარქები და ვერც კრებები ახალს ვერაფერს შემოიტანდნენ, რადგან სარწმუნოების სიწმინდის დამცველი არის თვით ეკლესიის სხეული, ანუ ხალხი, რომელიც ყოველთვის საკუთარი რწმენის, მამების რწმენის შესაბამისად შენახვის სურვილს ავლენს..."
რა თქმა უნდა, სწავლების სიწმინდის შენახვა ეკლესიის გარეთაც არის შესაძლებელი, მეტიც, შეიძლება შეეცადო, მთელი შენი ცხოვრება სწავლებას შეუსაბამო, მაგრამ ეკლესიის მიღმა არც მადლის მიღება და არც კურთხევაა შესაძლებელი, ამის გარეშე კი სწავლების სწორად გაგებაც და სულიერი ცხოვრების ნამდვილი გამოცდილების მიღება ადამიანისთვის შეუძლებელია, "რამეთუ წიგნი მოაკუდინებს, ხოლო სული აცხოვნებს" (2 კორ. 3:6). ამიტომ, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ეკლესიას გააჩნია ის საშუალებები, ანუ საიდუმლოებები, რომლითაც მადლი გადაიცემა.
"ეკლესია არა მხოლოდ ადგილია, სადაც ღვთაებრივი სახარება და სამოციქულო რწმუნებულება ინახება; ეს არის ადგილი, სადაც თავად ქრისტე განაგრძნობს თავის გამომხსნელ მოქმედებას, ხოლო ნუგეშინისმცემელი, სული ჭეშმარიტებისა, "რომელი მოავლინოს სახელითა ჩემითა მამამან, მან გასწაოს თქუენ ყოველი და მოგახსენოს თქუენ ყოველი, რაოდენი გარქუ თქუენ", - ბრძანებს უფალი (იოან. 14:26).
ვ. ლოსკი წმინდა გადმოცემას "ჭეშმარიტების აღქმის ერთადერთ საშუალებას უწოდებს", რადგან გადმოცემაა სულიწმიდას ცხოვრება ეკლესიაში, ეს ცხოვრება ყოველ მორწმუნეს ჭეშმარიტების მისსავ ნათელში შესმენის, მიღების და შეცნობის საშუალებას ანიჭებს, ამგვარი შეცნობა ადამიანის მიერ ჩვეულებრივად, გონით შესმენას არ წარმოადგენს".
ამიტომ ბრძანებს პავლე მოციქული: "არს ეკლესიაი ღმრთისა ცხოველისაი, სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაი" (1 ტიმ. 3:15).
სულიწმიდა "ყოველთვის საიმედოდ მოღვაწე მამებისა და ეკლესიის მასწავლებლების საშუალებით მოქმედებს, ამიტომ ეკლესია დაცულია ყოველგვარი ცდომილებისაგან".
"რადგან მიზეზი ერთისა და მეორისა სულიწმიდაა, ჩვენ გვწამს, რომ კათოლიკე ეკლესიას ღვთაებრივ წერილზე ნაკლები ძალა არ გააჩნია, ამიტომ სულერთია, წერილი იქნება შენი განსწავლის წყარო თუ მსოფლიო ეკლესია... "
ეკლესიას თავისი სწავლება თავისთავად გააჩნია და ის უშუალოდ წმინდა წერილიდან არ მომდინარეობს, ამიტომ ჭეშმარიტებას ეკლესიური კაცი ეკლესიაში ეზიარება. ეკლესია თავად არის წყარო. თუ რაიმე დოგმატის განხილვის პროცესში ეკლესია ბიბლიის ამა თუ იმ ფრაგმენტს იყენებს, ეს არა დოგმატის დასადგენად, არამედ დოგმატის განმარტებისათვის, მისი ნამდვილობისა და შეურევნელობის მტკიცებულებად ხდება.
ბიბლია - საეკლესიო წიგნია, ის ეკლესიის მიერაა შექმნილი და მისი არსებობა მხოლოდ ეკლესიაშია შესაძლებელი.
"წმინდა წერილში შემავალი წიგნები, ერთ-ერთ იმ საშუალებას წარმოადგენს, რომლის დახმარებითაც ეკლესიაში მორწმუნეებზე ღვთაებრივობით მადლმოსილი ძალა გადმოედინება. ღვთის მადლი მხოლოდ ეკლესიურ სხეულს ასაზრდოებს, ამიტომ მხოლოდ ეკლესიურ სივრცეში შეიძლება ხორციელდებოდეს წმინდა წერილის აზრი და დანიშნულება", - წერდა ეპისკოპოსი ილარიონი (ტროიცკი). ეკლესიის მიღმა დარჩენილი ბიბლია უბრალოდ ისტორიული დოკუმენტების კრებულის სახეს იღებს. რაც შეეხება ბიბლიის წიგნების წმინდა სტატუსს, ის მხოლოდ ეკლესიურ სივრცეში დაცულ წმინდა გადმოცემასთან ერთად მოქმედებს.
"რომ არ მაგულიანებდეს კათოლიკე ეკლესიის ავტორიტეტი - მე სახარებას ვერ შევიგონებდი, - წერდა ნეტარი ავგუსტინე" (ციტატა ა. ვედერნიკოვის მიხედვით).
სხვაგვარად: გამოვა ისე, რომ ჩვენ შევისწავლით "არა თავად მდინარეს, არამედ იმ, თუნდაც ოქროს ქვიშებს, რომელსაც მდინარის წყალი თავის კალაპოტში ტოვებს".
წმინდა გადმოცემა მხოლოდ მასში მიმდინარე სულიერი ცხოვრების პროცესში შეისწავლება. იმისათვის, რათა გადმოცემა შეისწავლო, აუცილებელია მოქმედი გადმოცემის მსვლელობაში, ანუ ეკლესიაში მკვიდრობდე.
"მთელი თავისი სისრულით გადმოცემის მტვირთველს, კათოლიკე ეკლესია წარმოადგენს. იმისათვის, რათა ჩაწვდე და გაითავისო გადმოცემა ან უნდა იყო ეკლესიაში, ან მთლიანად უნდა უნდა ცხოვრობდე ეკლესიურად", - წერდა დეკანოზი გიორგი ფლოროვსკი.
ქრისტიანის ცხოვრების მიზანი გადმოცემის შეთვისებაა, ეს კი ნიშნავს, იყო გადმოცემის ცოცხალი მატარებელი და წარმოადგენდე ღვთივგანცხადებული ჭეშმარიტების უწყვეტი ჯაჭვის ცოცხალ რგოლს.
შემდეგ: რწმენის სიმბოლოს, ანუ მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება