"...მე მთელს ადამიანში ვხედავ ღვთაებრივობას"
თავი პირველი
ა. ეპოქის ზოგადი ყოფითი თავისებურებები
(გაგრძელება)
და აი, ბიზანტიის კიდევ ერთი თავისებურება: ევროპა თავისი ჯვაროსნებით, მუსლიმთა წინააღმდეგ წმინდა ომში, პირველად, XI საუკუნეში ჩაება, ხოლო ბიზანტია თავისი ისტორიის მანძილზე ხან სპარსელების, ხან არაბების, ხან მომთაბარე სკვითების, ხან "ირიბ და ხარბთვალება აზიელების" (აქ გაცილებით მეტი მრავალფეროვნების მოწმენი გავხდებოდით, საქართველოს მაგალითი რომ მოგვეყვანა, - რ. ჩ.), ხან კი ერეტიკოსებისა და ჭეშმარიტი რწმენისგან განდგომილების წინააღმდეგ წმინდა ომები ჰქონდა.
ეს მდგომარეობა ერთობ გამორჩეულად წარმოაჩენს ბიზანტიელების სულიერ ინტერესებს. აღმოსავლეთს ნაკლებად განვითარებული სამოქალაქო კეთილისმყოფლობის, წმინდა მიწიერი ცხოვრების არასაკმარისად მოწესრიგებულობის, საზოგადოებრივ ფენათა შორის ურთიერთობის დაულაგებლობის და სოციალური მოვალეობების შეუსრულებლობის გამო შეიძლება ვუსაყვედუროთ. სწორედ ეს არის იმ გაურკვეველი "ფსიქოლოგიური მონოფიზიტობის" შედეგი, რომელიც ასე გამორჩეულს ხდის აღმოსავლურ გონება-განწყობილებას. აღმოსავლელი ქრისტიანის კეთილზნეობრიობა, უმეტესწილად, მიწიერების საზიანოდ, ზეცისკენ არის მიმართული. აღმოსავლელი ხალხების ცხოვრება და ყოფა ასკეტიკური განწყობით არის განმსჭვალული, ანუ ფასეულობას არაამქვეყნიური ცხოვრება წარმოადგენს. ეს ყველაფერი განყენებულ აღმოსავლურ ბუნებასთან, მის მჭვრეტელობითობასთან და მეტაფიზიკურისადმი დიდ ინტერესთან არის დაკავშირებული. როგორც პიხლერი ბრძანებს: "რელიგიის გამო მიწიერის უგულებელყოფა ის თავისებურებაა, რომელიც ბერძნულ ეკლესიას ლათინურისგან განასხვავებს". აღმოსავლეთში ეკლესია მიწიერად მაღალორგანიზებული არასოდეს ყოფილა და ბიზანტიურ ნიადაგზე ვატიკანის აშენება სრულიად შეუძლებელი იქნებოდა. "ბიზანტინიზმისათვის დამახასიათებელი, - წერს ბიზანტიის სხვა მკვლევარი, - ის არის, რომ დედაქალაქისა და უახლესი პროვინციული ცენტრების გონებრივი ცხოვრება ეკლესიური საკითხებითა და ინტერესებით იყოს დაკავებული, ეს თავისებურება დასავლეთისათვის ყოველთვის უცხო იყო. მრავალი საუკუნის მანძილზე, ბიზანტია უმაღლეს ინტერესებს და თავის უმთავრეს ადგილს საეკლესიო ამოცანებში პოულობდა. რელიგია, ღვთისმეტყველება და ეკლესია ის სფეროები იყო, რითიც ყველაზე უკეთ არა მხოლოდ სულიერი მოთხოვნილებები, არამედ სამეცნიერო მისწრაფებებიც კმაყოფილდებოდა და სადაც პოლიტიკურის, სამართლის და აკადემიური ორატორული ხელოვნების ადგილს სამქადაგებლო მჭევრმეტყველება იკავებდა, სადაც უმაღლესი პატივმოყვარეობა ყველაფერზე უფრო თავისუფალი იყო და ამ პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად არც მაღალი სამოქალაქო და არც სამხედრო მდგომარეობა არ იყო საჭირო. ამავე დროს, საეკლესიო სფეროში მოქმედებდა ძლიერი საზოგადოებრივი აზრი... იქმნებოდა ატმოსფერო, რომელშიც საეკლესიო ბრძოლა და ამოცანები მთლიანად იპყრობდა მილიონობით განათლებული და გაუნათლებელი ორივე სქესის ადამიანების ყურადღებას, საეკლესიო საქმეები ძალიან სწრაფად ხდებოდა უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი საქმე. დიდ და მცირე საეკლესიო კრებებზე წამოჭრილი დოგმატური საკითხები გაცილებით უფრო მეტად აწუხებდათ ადამიანებს, ვიდრე ჯარის მძიმე ბრძოლები, რომლებიც მდინარე დუნაიზე, ბალკანეთში ან ძლევამოსილი მუსლიმანური რაზმების - ზოგადად ბარბაროსების წინააღმდეგ მიმდინარეობდა".
კვლავაც უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ თქმულიდან არ უნდა შევქმნათ განმაზოგადებელი დასკვნები. სულიერისა და ასკეტიკურისადმი სწრაფვა სულაც არ იყო იმის გარანტია, რომ ყველა ბიზანტიელი თავის პიროვნულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ ხატსა და მიზანს სრულად ემსახურებოდა. სახარებისეული სასუფევლის მიწაზე განხორციელება შეუძლებელია. იგივე გ. გერცბერგი წერს: "საკითხი ბნელი მხარის უკმარისობის შესახებ არასოდეს დამდგარა. დახვეწილი განათლებულობის გვერდით, ქრისტიანული მსოფლმხედველობისა და ჭეშმარიტი ჰუმანურობის მრავალ თავისებურებასთან ერთად, ბიზანტიურ საზოგადოებაზე გადიოდა ბნელი ბარბაროსობის მთელი ნაკადი... რომანელებსა და გერმანელებს აოცებდათ ბიზანტიის უმაღლესი საზოგადოება, რომელსაც პიროვნული უხეშობა სრულიად არ ახასიათებდა, რაც რაინდულ აზროვნებასა და პატივმოყვარეობის შეგრძნებაში ასე აშკარად იყო გამოკვეთილი". მაგრამ მიმანიშნებელი ბოროტება, ცოდვა და დაცემასთან დაკავშირებული მაგალითები კი ის იდეალია, რომელიც ყოველთვის ბიზანტიელს ედგა თვალწინ.
ყველა სფეროში ყოფიერება იყო შეჭრილი. ცხოვრება ღვთისმსახურების საზეიმო რიტუალად იყო ქცეული და ყველაფერი საეკლესიო წესს ემორჩილებოდა. რა თქმა უნდა, ადამიანური სისუსტეებისა და ცოდვისადმი მიდრეკილების გამო ეს რიტმი და კანონი საკმაოდ ხშირად ირღვეოდა. საზოგადოებრივი იერარქიის სხვადასხვა საფეხურზე, როგორც საიმპერატორო, ისე საპატრიარქო ტახტის წარმომადგენელი ცალკეული პირები, ამა თუ იმ პოლიტიკური გარემოებებიდან და სასახლის ინტრიგებიდან გამომდინარე, არსებულ ნორმებს მუდმივად არღვევდნენ; ამას აკეთებდნენ და შემდეგ, საკარო ოპორტუნიზმის მოულოდნელი გამოვლინების შემთხვევაში, სამართლის საძიებლად, კვლავ ეკლესიის უმაღლეს სინდისს მიმართავდნენ, რათა ეკლესიას დარღვეული ნორმა აღედგინა და ყველაფერი მამაპაპური გადმოცემის ფარგლებში მოქცეულიყო. ბიზანტიური ეკლესიურობის დაბადებიდან თანდაყოლილი სული, არ იძლეოდა დარღვევისადმი შემგუებლობის საშუალებას. ცოდვას ადვილად პატიობდნენ, რადგან ადამიანურ სისუსტედ მიიჩნევდნენ, ესმოდათ შემცოდესი, მაგრამ ეკლესიური მოწყობისა და გადმოცემისადმი გულგრილ დამოკიდებულებას ვერაფრით ვერ ეგუებოდნენ, რადგან ეს უკვე ეკლესიისა და მართლმადიდებლობისგან განდგომად მიიჩნეოდა. პატიობდნენ ცოდვას, მაგრამ არავინ აუქმებდა პრინციპებს.
იმპერატორმა მიხეილ პალეოლოგოსმა აღაშფოთა ეკლესიური ცნობიერება; მისმა საქციელმა მთელი მოძრაობა და "არსენიტების" განხეთქილებაც კი გამოიწვია. საერთოდ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ რიგორისტური (სიმკაცრე უპირატესად ზნეობრივ საკითხებში) მიმართულების მოძრაობა მხოლოდ ბიზანტიაში შეიძლება მოქმედებდეს. საეკლესიო გადმოცემა ასე მგზნებარედ და კატეგორიულად მხოლოდ იქ შეიძლებოდა დაცულიყო, სადაც ეს ეკლესიური გადმოცემა "ოქროზე და ტოპაზიაზე მეტად" უყვარდათ.
ყოფა და ცხოვრება, ცდილობდნენ, ეკლესიური და წმინდა ყოფილიყო. ამიტომ დიდებულ საეკლესიო-სამეფო რიტუალებში, მეფეებისა და პატრიარქების ყველა სახის გამოსვლაში, სადღესასწაულო ცერემონიებში, არაფრით შეიძლება მხოლოდ ცარიელი ფორმალიზმი დავინახოთ. ყველაფერი იმის მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ ცხოვრება მადლმოსილი სურდათ ყოფილიყო და ადამიანისათვის დამახასიათებელი ცხოველური ნიშნები, რომლებიც სახელმწიფოებრიობაში ვლინდებოდა, გაკეთილშობილებულიყო. "ბიზანტიური ფორმალიზმი, რომელსაც ცერემონიებისა და გარეგნულად განსხვავებული ტიტულების განვითარება მოჰყვა, თავისებურ შინაარსს არ იყო მოკლებული და როგორც ამ მოვლენის შესახებ საერთოდ ფიქრობენ, მხოლოდ ფორმალური სახეცვლილება არ იყო; სახელმწიფოს პოლიტიკურ მოწყობაში ყოველ ცერემონიას და ტიტულს თავისი ადგილი და მნიშვნელობა გააჩნდა". საერთოდ, მართლმადიდებლობისათვის კოსმოსური სიხარულია დამახასიათებელი; ჩვენი ლიტურგია, მით უმეტეს, კურთხევანი, მოწოდებულია პიროვნების ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს და ადამიანის მთელი ცხოვრება კურთხეული გახადოს. მეფედ კურთხევა, ღვთისმსახურებაში მისი მონაწილეობა, ქალაქის რომელიმე ეპარქის ხელდასხმა, ყველაფერი ეს ძველი აღთქმის დროინდელი თეოკრატიული იდეალის განხორციელების სურვილზე მიუთითებს. სამეფო ღირსებაში, ეპარქის წოდებაში გაცილებით მეტი იგულისხმებოდა, ვიდრე ამქვეყნიური ეკლესიური მსახურება და მიწიერი პატივი.
ამ სფეროში ზედმეტად გარეგნულ გადახრებს და მოჩვენებით რელიგიურობას თუ დავინახავთ, ეს სწორედაც, რომ საეკლესიო მოვალეობების ბიზანტიური გაგების ჩრდილოვან თავისებურებად უნდა მივიჩნიოთ. გარდა ამისა, ისტორიკოსების გამოკვლევებიდან ვხედავთ, რომ ქრისტიანობამ ბიზანტიელების მგზნებარე ბუნების ყველა უხეში მხარე ბოლომდე ვერ გარდაქმნა: პოლიტიკურ რყევებსა და დევნას ხშირად თან სდევდა დაუნდობლობა; ერთმანეთს ანაცვლებდა გადამეტებული სისათუთე, ბიწიერება, დავა და ლოთობა; ცხოვრებას პირქუშსა და უღიმღამოს ხდიდა: ღვთისმოსაობის გვერდით სახარების უცოდინრობით გამოწვეული ცრუმორწმუნოება, ჯადოქრობა და მოგვობა; საპატრიარქოს პალატებსა და ბერების კელიებში ვერცხლისმოყვარეობა იყო გაბატონებული; მიწიერი სიმდიდრითა და მფლანგველობით იყო გატაცებული საერო მთავრობა და მათ ხელი ხანდახან ეკლესიის ქონებაზეც კი წაუცდებოდათ; დაბოლოს, ზნეობრივმა დაცემულობამ და დაუოკებელმა გრძნობათა ღელვამ არაერთი პორფიროსანი და მათი ახლობელი, საეკლესიო წესის დარღვევამდე მიიყვანა (დიდ პარასკევს რომანოზ III-ის ქორწინება; იმპერატორ ლევის მეოთხედ ქორწინება და ა. შ.). მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ რამდენადაც უპრინციპო და გაუკუღმართებულიც არ უნდა ყოფილიყო ბიზანტიელი ძალაუფლების წარმომადგენელი, მას არც ერთ შემთხვევაში არ ჩაუდენია ისეთი საქციელი, რაც ფლორენციელმა ჩაიდინა, - მან ტაძარში კაცი მაშინ მოკლა, როდესაც ლიტურგიაზე პურისა და ღვინის გარდასახვის პროცესი მიმდინარეობდა...