დაიბადა აზნაურის ოჯახში. მამამისი იყო სანქტ-პეტერბურგის სატყეო ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი. დედა დაიბადა და გაიზარდა სტაროვერების ოჯახში.
სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ალექსანდრეს ლიცეუმის იურიდიულ ფაკულტეტზე. მოხალისედ მონაწილეობდა სამოქალაქო ომში, 1920 წელს ემიგრაციაში ჯერ კონსტანტინოპოლში, შემდეგ სერბეთში იყო. 1922 წელს დაამთავრა ბელგრადის უნივერსიტეტის იურიდიული, ხოლო 1925 წელს - საღვთისმეტყველო ფაკულტეტი. არის საეკლესიო მეცნიერებათა დოქტორი (1945 წელს, მისი დისერტაციის თემა იყო "წმინდა გრიგოლ პალამას ანთროპოლოგია").
1925 წლიდან ქალაქ ბიტოლას სერბული მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო სემინარიაში ასწავლიდა ლიტურგიკას, აპოლოგეტიკას და ბერძნულ ენას, ამავე დროს იყო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწე.
1927 წლის 2 აპრილს ბერად აღიკვეცა, 1927 წლის 3 აპრილიდან იეროდიაკონია, ხოლო 1927 წლის 7 აპრილიდან იერომონაზონი.
1928 წელს არქიმანდრიტია და ხელმძღვანელობს იერუსალიმის რუსულ მისიას. არქიმანდრიტი კვიპრიანე და არქიეპისკოპოსი ანასტასი (გრობანოვსკი), რომელიც იერუსალიმის რუსული მისიის დამკვირვებელი იყო, ერთმანეთს ვერ შეეწყვნენ და 1930 წელს კვიპრიანე სერბეთში დაბრუნდა. აქ მან მალევე გამოსცა მისიის ყოფილი ხელმძღვანელის არქიმანდრიტ ანტონისადმი (კაპუსტინი) მიძღვნილი მონოგრაფია.
მასზე დიდი ზეგავლენა მოახდინა მიტროპოლიტმა ანტონმა (ხრაპოვიცკი), მაგრამ ძალიან მალე არქიმანდრიტმა კვიპრიანემ უარი თქვა საზღვარგარეთ მოქმედი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციაში ყოფნაზე, რომელსაც მიტროპოლიტი ანტონი ხელმძღვანელობდა. 1930 წლის მის მოგონებებში ვკითხულობთ: "მიტროპოლიტ ანტონის იურისდიქციასთან მე საბოლოოდ გავწყვიტე კავშირი. თავად პიროვნება კვლავაც მიყვარდა, მაგრამ ჩემი გული ვერც "ანტონიევშინას" და ვერც "კარლოვურ" გარემოს ვერ შეეგუა. რუს მღვდელმთავრებთან ერთად და რუსულ ეკლესიაში მე აღარ ვწირავდი, ძალიან მეჩოთირებოდა მათი უკიდურესი პოლიტიკანობა და რუსული საეკლესიო საქმეებისადმი უკიდურესად პროვინციული დამოკიდებულება.
1931-1936 წლებში არქიმანდრიტი კვიპრიანე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა ბიტოლას სერბული მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო სემინარიაში.
1936 წელს პარიზში, მიტროპოლიტ ევლოგის (გიორგიევსკის) იურისდიქციაშია და წმინდა სერგის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში დოცენტის წოდებით ლიტურგიის კათედრაზე მუშაობს.
1936-1939 წლებში პარიზის ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ეკლესიის, ხოლო 1940-1960 წლებში კი პარიზიდან ათ კილომეტრში მდებარე ქალაქ კლამარის წმინდა კონსტანტინესა და ელენეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარია.
1941 წლიდან კვლავ პარიზის წმინდა სერგის სახელობის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის დოცენტია, ოღონდ ახლა უკვე პატროლოგიის კათედრაზე.
1944-1946-1948 წლებში პარიზის წმინდა სერგის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის ინსპექტორია.
1945-1960 წლებში ამავე ინსტიტუტის პატროლოგიის, ლიტურგიკისა და სამოძღვრო ღვთისმეტყველების პროფესორია.
პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის მოგონებებში ვკითხულობთ: "ერთი მხრივ, მამა კვიპრიანეში დაუხარჯავი იყო პიროვნული სიყვარულის, სათნოების, ერთგულების უშრეტი მარაგი, ხოლო მეორე მხრივ, მას ამ გრძნობების გამოვლინებისათვის საჭირო ცოდნა და უნარი აკლდა. მან თავად აირჩია მარტოობა და მარტოობის გამო თვითონვე იტანჯებოდა. ის იყო ბრწყინვალე მეგობარი, საინტერესი თანამოსაუბრე, ყველგან და ყოველთვის სასურველი სტუმარი; მაგრამ მახსენდება, - როგორც კი სტუმრად ყოფნის დროს საუბარი გაჩაღდებოდა, მასში მაშინვე შესამჩნევი ხდებოდა უხერხულება, რომელიც იზრდებოდა, შემდეგ უსაგნო წუხილად და წასვლის სურვილად გარდაიქმნებოდა. არქიმანდრიტი კვიპრიანე ამ დროს აშკარად გრძნობდა, რომ ყველაფერი ეს, მაინც "ის არ იყო", რომ იგი აქ მხოლოდ სტუმარია და სტუმრად მოსული ოჯახში დიდხანს არ უნდა რჩებოდეს, რადგან სტუმარი ოჯახის წევრი არ არის, ამიტომ საჭიროა წასვლა... და აი, ის კვლავ მასში არსებული დიდი სიყვარულის გაუმჟღავნებლად, გაუხსნელად, კვლავ თვითგამოუხატავად მიდიოდა და ისევ მარტოობას უბრუნდებოდა... პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი ასევე დარწმუნებული იყო, რომ მის ცხოვრებაში ერთადერთ ნამდვილ სიხარულს ღვთისმსახურება, ევქარისტია, ვნების შვიდეულის მისტიკური სიღრმეები, პასექი და დღესასწაულები წარმოადგენდა. აქვე უნდა ვიგულისხმოთ ეკლესიისადმი მისი ურყევი სიყვარული და მისდამი სრული ერთგულება.
ჟურნალი "კარიბჭე" მომდევნო ნომრიდან სწორედ ამ მონოგრაფიის ქართული თარგმანის ბეჭდვას იწყებს.