თავი 7
ორიგენეს მიხედვით, ადამიანის ცხოვრების მიზანი ღმერთის ჭვრეტაა. ეს ამოცანა ვნებებთან ბრძოლისა და მათი გავლენისგან განთავისუფლების შედეგად მიიღწევა. ორიგენე ღმერთის გარდა ყველაფრის მორჩილებას ვნებებად მიიჩნევდა. ის ფიქრობდა, რომ ვნებებისაგან გათავისუფლებულ პიროვნულ სულს ცოდვით დაცემულობამდელი სრულყოფილება და ღვთის ჭვრეტის უნარი უბრუნდება. ადამიანის ბუნების საწყისი სრულყოფილების შესახებ, ეკლესიის არაერთი მამის გამონათქვამი არსებობს, მაგრამ ორიგენეს სწავლებაში ეს სრულყოფილება წმინდა სულიერ, ნოეტურ (ბერძ. ნოეს - გონი) ხასიათს ატარებდა, რადგან ორიგენესათვის მატერიალურობის გაგება ღმერთისგან განრიდებას და ვნებების მორჩილებას ნიშნავს.
ფილონ ალექსანდრიელის (ფილონ იუდეველის) მსგავსად, მოსეს სინას მთაზე ასვლა, ორიგენესათვის ადამიანის სულის ღმერთთან საიდუმლო აღმასვლის ალეგორიული ხატია. მოგვიანებით ამ ალეგორიით წმინდა გრიგოლ ნოსელმაც ისარგებლა. ამ თემას ეძღვნება "ქებათა-ქება სოლომონისას" კომენტარები, სადაც მიჯნურთა საქორწინო შეერთება, ერთი მხრივ, ადამიანის პიროვნულ სულსა და ღმერთს შორის კავშირის შინაარსით არის წარმოდგენილი, ხოლო მეორე მხრივ, აღწერილია, როგორც ქრისტესა და ეკლესიის ერთიანობა.
მიუხედავად იმისა, რომ ევქარისტიის შესახებ საუბრის დროს ორიგენე არაერთხელ ახსენებს მაცხოვრის სხეულს და ხაზს უსვამს, რომ იესო ქრისტე რეალურ მსხვერპლად იქნა შეწირული, განმარტებათა რიგში ამგვარი ახსნა მისთვის მაინც მხოლოდ ერთ-ერთ ვარიანტად გვევლინება. ორიგენე ძირითადად ალეგორიული და სიმბოლური განმარტებების მომხრეა. მას მიაჩნია, რომ სწორედ ასეთი განმარტებაა ღმერთისათვის "შესაფერისი" და სწორედ ასეთი განმარტებაა "სწავლულთათვის" მისაღები. ევქარისტიის, ისევე როგორც წმინდა წერილის ბუკვალურ გაგებას, ორიგენე "უბრალო, გაუნათლებელი ადამიანების" საქმედ მიიჩნევს. ასეთივე დამოკიდებულებას ავლენს ორიგენე ნათლობის მიმართ, სადაც იგი ფაქტობრივად გამორიცხავს ყოველგვარ საკრამენტულობას. როგორც "სიტყვის ხორცს" და "ცხოვრების პურს" ზუსტად ისევე ხედავს ორიგენე "სიბრძნის ნაყოფს" და მისთვის "ქრისტეს სიკვდილიც მსგავსებაა", ანუ ნათლისღება მას ესმის, როგორც ასკეტიკური ძალისხმევა და არა ეკლესიურობით ზეციური ცხოვრებისაკენ გზის გაკვლევა, ანუ განღმრთობის დასაწყისი.
სამების მეორე პირი ძე, არის ძე მამისა, ანუ სრული ხატი, რომელმაც მამა წარმოგვიდგინა. მამისა და ძის ერთარსობიდან ორიგენე ასკვნის, რომ მამის მსგავსად ძეც უკვდავია. ამავე დროს, ცალკეულ შემთხვევებში, ორიგენე ძეს ისეთივე ქმნილს უწოდებს, როგორც დანარჩენ სამყაროს. ორიგენეს სისტემაში ღმერთი - თავისი ბუნებით ისეთი შემომქმედია, რომელიც მუდმივად ქმნის, ანუ მარადიულია ერთიცა და მეორეც, ამიტომ ქმნილებასა და შემომქმედს შორის არსობრივი ზღვარის დადება პრაქტიკულად შეუძლებელია. ძესთან ორიგენე იყენებს ტერმინს შობილი. როგორც ქმნილებას, ისე ძის შობას ორიგენე მარადიულ რეალობებს მიაკუთვნებს. ძის ბუნების ქმნილობის საბუთს ორიგენე ბიბლიიდან წარმოგვიდგენს: "უფალმა შემიძინა თავისი გზის დასაწყისში, თავის ქმნილებებამდე დასაბამით; უკუნითიდან დამადგინა, თავიდანვე, ქვეყნის დასაბამიდან" (იგავ. 8:22-23). (ძველი აღთქმის სიბრძნის წმინდა სამების მეორე პირთან გაიგივებამ ქრისტიანულ გადმოცემაში მყარი ადგილი დაიმკვიდრა.) მაგალითად, მოციქული პავლე ბრძანებს, რომ ქრისტე "ვინც არის ხატი უხილავი ღვთისა, ყველა ქმნილებაზე უწინარესი" (კოლ. 1:15). ორიგენეს ეკუთვნის ცნობილი გამოთქმა "(ისეთი დრო), როდესაც ის (ქრისტე) არ იყო", ანუ "ის (ქრისტე)ყოველთვის იყო". მაგრამ თუ ღმერთი ქმნიდა ყოველთვის, მაშინ გარკვეული თვალსაზრისით ნებისმიერი ქმნილების, მათ შორის ძისა და სულის შესახებაც იგივე შეიძლება ითქვას.
ყოველივე აღნიშნულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ორიგენესათვის არ არსებობდა ქმნილებასა და შობილს შორის განსხვავება. განსხვავება პირველმა წმინდა ათანასე დიდმა დაამკვიდრა და ეს განსხვავება ქვაკუთხედად იქცა ქრისტიანულ კოსმოლოგიაში. მაშინ, როდესაც ორიგენე მარადიულ შემოქმედ ღმერთზე საუბრობს, ჩვენ ვიტყვით, რომ ის არის მარადიული მამა. ჩვენ არ მივიჩნევთ ქმნილ სამყაროს ღმერთისათვის რაიმე აუცილებლობად, რადგან ღმერთი სრულიად თვითკმარია და რასაც ქმნის, მხოლოდ თავისი კეთილი ნებით ქმნის. სრულიად ტრანსცენდენტურ, ანუ თავისი ქმნილებისგან განსხვავებულ ღმერთსა და ქმნილებას შორის - გადაულახავი უფსკრულია. როდესაც ძისა და მამის ერთარსობასა და ძის ბუნების ქმნადობას ამტკიცებდა, სწორედ ამ უფსკრულზე ცდილობდა ხიდის გადებას ორიგენე. როგორც წმინდა სამების, ისე შესაქმის შესახებ სწავლებაში, სწორედ აქ არის ორიგენეს სისუსტე. მოგვიანებით ეს სისუსტე, როგორც თავად ორიგენესათვის, ისე მისი მიმდევრისათვისაც მრავალი გაუკუღმართებული სწავლების საფუძვლად გადაიქცა. მათ შორის გამორჩეული ადგილი ცნობილ ერესიარქ არიოზს უკავია.