თავი მესამე
ქრისტიანობის გამარჯვება
5. ეკლესიურ ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებები
კონსტანტინოპოლის მეორე მსოფლიო კრებით (381 წ.) სრულდება დიდი საღვთისმეტყველო დავების პირველი თავი. მართლმადიდებლობა ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაზე მიღწეულ გამარჯვებას ზეიმობს. მაგრამ თავად კონსტანტინოპოლის კრების მსვლელობაში არ იგრძნობა ისეთი სულიერი დღესასწაული, როგორითაც თავის დროზე ნიკეაში იკრიბებოდნენ ეპისკოპოსები. მათ ახლა მრავალწლიანი განხეთქილების შედეგად გაჩენილი ჭრილობების მოშუშება უხდებათ. შეიგრძნობოდა არიანული შფოთის დანატოვარი სიმძიმე. გარდაუვალი კომპრომისებისა და მსხვერპლის გაღების ხარჯზე უნდა გადაწყვეტილიყო მრავალი პიროვნული სადავო საკითხი. ასე მაგალითად, უმაღლეს საეკლესიო "პოლიტიკაში" გამოუცდელი, გულუბრყვილო გრიგოლ ღვთისმეტყველი, რომელიც არიანული მოძრაობის ცენტრში თავგამოდებით იცავდა ნიკეურ ჭეშმარიტებას, აქ, კონსტანტინოპოლში, ზედმეტი აღმოჩნდა და მას კრების დატოვება მოუხდა. ამ დღით მიყენებული ტკივილი მას ცხოვრების ბოლომდე გაჰყვება. ეკლესიას უჭირს "გარდაქმნა" და საკუთარ ახალ ოფიციალურ მდგომარეობასთან შეგუება. ყველას არ ჰყოფნის სიბრძნე, დამყოლობა და მოთმინება. დოგმატური ერთიანობის მიღწევის პროცესში შეიგრძნობა ახალი კონსტანტინოპოლის ეკლესიისადმი ძველი - ანტიოქიისა და ალექსანდრიის კათედრების ეჭვიანობა. კონსტანტინოპოლის ეკლესიის გაძლიერებას შორიდან სულ უფრო მეტ უხერხულობას უქმნის მოციქულ პეტრეს რომის კათედრა. ბიზანტიური მართლმადიდებლობის გაზაფხული იწურება. იწყება გრძელი, თაკარა სიცხით დამძიმებული დღეები...
ამ თავის დასასრულს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პიროვნება უნდა დავასახელოთ, - ეს არის იოანე ოქროპირი. მის ცხოვრებასა და ნაწერებში ყველაზე უკეთ მოჩანს და შეიგრძნობა საეკლესიო ცხოვრების ის ნამდვილი გარემოებები, რომლებითაც შესაძლებელია, დაწყებული პროცესების სიღრმე და სიძნელეები გაიზომოს. ანტიოქიელი პრესვიტერი, თავისი მქადაგებლური ნიჭით გამორჩეული მართლმადიდებელი იოანე, 398 წელს კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის ხარისხში იქნა აყვანილი. მის ბრწყინვალე ქადაგებებში ცენტრალური ადგილი მრევლის ქრისტიანულ ცხოვრებას უჭირავს. მის წინაშეა ხალხი, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო, მაგრამ რამდენადაც ახლოსაა ეს ხალხი წარმართობასთან, იმდენად ღრმად არის მათში ფესვგადგმული ქრისტიანისთვის შეუფერებელი ცოდვიანობა. ტაძარი ხალხითაა სავსე, მაგრამ მის მიღმა ისევ ისეთი აღვირახსნილი ცხოვრება, შური და უსამართლობა მძვინვარებს. იოანე ოქროპირი ყველაფერ ამას აღიხილავს, იესო ქრისტეს სწავლების ცეცხლში ატარებს, კეთილსა და ბოროტს უკომპრომისოდ აშორიშორებს. იოანე ოქროპირი არა მხოლოდ ქადაგებს, არამედ მოწყალე ქრისტიანულ ბუნებას საკუთარი მაგალითით წარმოაჩენს. ის აშენებს სახლებსა და ღატაკთა თავშესაფრებს, ამხელს მდიდრებს, დაუნდობლად კიცხავს ფუფუნებას. მისი სოციალური პათოსი უშუალოდ სახარების შინაარსიდან გამომდინარეობს. ყოველგვარი ბოროტება, - ბრძანებს იოანე ოქროპირი, - "ამ ცივი: "ჩემი" და "შენი"-დან გამომდინარეობს"... ყველა ადამიანი თანაბარია, ყველას ერთნაირი მოთხოვნილება და ერთნაირი უფლებები აქვს: "დააყენეთ თქვენი მონების ადგილას ღმერთი, თქვენ მათ ანდერძით უბრუნებთ თავისუფლებას... მაგრამ ეს არ არის საკმარისი; გაჭირვებიდან და უქონლობიდან გაათავისუფლეთ ქრისტე, ანუ ყოველი ადამიანი"... ოჯახი, საზოგადოება, თავად რელიგიის გაგება - ყველაფერი ქრისტეთი უნდა იყოს გასხივოსნებული. მთელ თავის ცხოვრებას ამ განახლებას უძღვნის წმინდა იოანე ოქროპირი. ის არ ერიდება თვით იმპერატორის უახლოესი ადამიანების ზნედაცემულობის მხილებას და შედეგიც არ აყოვნებს - ასეთი გაბედულების შემდეგ მისი პირადი გოლგოთა იწყება. წმინდა იოანე ოქროპირს უღალატეს უახლოესმა ადამიანებმა, რის შემდეგაც იმპერატორმა მას მსჯავრი დასდო და გადაასახლა. მაგრამ არც ერთი წმინდანისადმი არ გამოუჩენია ბიზანტიას ისეთი თაყვანისცემა, ისეთი სიყვარული და ერთგულება, როგორიც იოანე ოქროპირისადმი. ჭეშმარიტად ოქროპირია ბიზანტიის სინდისი და მისი სიტყვა არასოდეს დადუმდება; ამაში აშკარად ვრწმუნდებით მაშინაც, როცა თვალს გადავავლებთ მის თხზულებათა დღემდე მოღწეული ხელნაწერების სიმრავლეს.
ამრიგად, იოანე ოქროპირის მოღვაწეობით მთავრდება მეოთხე საუკუნე; და მის მოწამებრივ სიკვდილს მართლმადიდებლობის ისტორიის ახალ სივრცეში გადავყავართ.