წმინდა ასაფ ლლან-ელვიელი (დაახლ. 596/601) – 11 (24) მაისი.
წმინდა ასაფ ლლან-ელვიელი (დაახლ. 596/601) – 11 (24) მაისი.
წმინდა ასაფს ლლან-ელვიდან, ისევე როგორც წმინდა დანიელ ბანგორელს, გადმოცემა მიაკუთვნებს ლეგენდარული მეფე პაბო პოსტ პრიდაინის ( პაბო ბრიტანელთა სვეტი) შვილიშვილებს. მისი უელსური ცხოვრება არ არსებობს, მაგრამ ადგილობრივი ტრადიცია ინახავს ხსოვნას მისი იფნის, მისი ეკლესიის, მისი ჭის და მისი ხეობის ადგილმდებარეობის შესახებ - ტენგენელში ჰოლიველის მახლობლად, რაც მიუთითებს მისი მონასტრის ადგილმდებარეობაზე. თითქმის ყველაფერი, რაც ცნობილია წმინდა ასაფის შესახებ, მოიპოვება მისი მოძღვრის, წმინდა კენტიგერნის ცხოვრებაში, რომელიც შეადგინა ჯოსლინ ფურნესელმა XII საუკუნეში.

ასაფი იყო კენტიგერნის სულიერი შვილი და გაჰყვა მასწავლებელს, როდესაც მან დატოვა შოტლანდია დაახლოებით 545 წელს, რათა დევნას გაქცეოდა. ისინი ერთად ეწვიენ წმინდა დავითს მენევიაში, შემდეგ კი დააარსეს მონასტერი მიწაზე, რომელიც კენტიგერნს მისცა კადვალონმა, მაილგუნის მამამ, გვინედის მეფემ, ელვის მდინარის ხეობაში, რის გამოც მონასტერი დაერქვა ლლან-ელვი - ეკლესია-ელვიზე.

მონასტრის ტაძარი აშენდა "გათლილი ხისგან, ბრიტანელთა ნიმუშის მიხედვით, რადგან მათ ჯერ კიდევ არ შეეძლოთ ქვისგან შენება". წმინდა კენტიგერნის 965 მიმდევარი ბერი, რომელთაც ეკუთვნოდა ასაფიც, სამ ნაწილად იყვნენ დაყოფილნი: 300 უწიგნური ამუშავებდა მიწას, 300 მონასტრის ყოველდღიური საქმეებით იყო დაკავებული, ხოლო 365, წლის დღეთა რიცხვის შესაბამისად, ღვთისმსახურებას აღასრულებდა. უფროსები ამ უკანასკნელთაგან წმინდა კენტიგერნს ეხმარებოდნენ ეპარქიის მართვაში, დანარჩენები კი სამ უწყვეტად მსახურ გუნდად იყვნენ დაყოფილნი. "მხოლოდ ერთი გუნდი დაასრულებდა თუ არა მსახურებას ეკლესიაში, მაშინვე შედიოდა მეორე და იწყებდა მსახურებას, ხოლო მის დასრულებისას შედიოდა შემდეგი დღესასწაულის აღსანიშნავად".

წმინდა კენტიგერნი, სხვა კელტი მოღვაწეების მსგავსად, ხშირად ლოცულობდა მდინარის ყინულოვან წყალში მდგარი. ერთ განსაკუთრებით ცივ ღამეს მან შეასრულა თავისი წესი, რომელიც შედგებოდა ფსალმუნის ზეპირად კითხვისგან წყალში დგომისას, მაგრამ იმდენად ძლიერ იტანჯებოდა, რომ სიკვდილის პიას მივიდა. მან გაგზავნა მასთან მყოფი ასაფი ნაკვერჩხლის მოსატანად, რათა გამთბარიყო. წმინდა ასაფმა მოუტანა მას მოგიზგიზე ნახშირი თავის წინსაფარით, თავისი სხეულისა და ტანსაცმლის დაზიანების გარეშე, საიდანაც კენტიგერნმა შეიცნო თავისი მოწაფის სიწმინდე. ამიტომ მალევე მან ასაფი მღვდლად აკურთხა, ხოლო როდესაც კვლავ მიწვეული იქნა სტრატკლაიდში არდერაიდის ბრძოლის შემდეგ 573 წელს, ასაფი გახდა მონასტრის იღუმენი და ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული, გახდა რა ახალი ეპარქიის პირველი მღვდელმთავარი, რომელიც შემდგომში მისი სახელით იყო ცნობილი.

აღსასრული და თაყვანისცემა

წმინდანის გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ ეს მოხდა დაახლოებით 596 ან 601 წელს. მისი ხსენება აღინიშნება 11 მაისს, ასევე მისი წმინდა ნაწილების აღმოყვანების დღეს 1 მაისს.

ასაფი დაკრძალეს ლლან-ელვიში. შემდგომი 600 წლის განმავლობაში ხის ეკლესია შეიცვალა ქვის ეკლესიით, ხოლო ნორმანებმა აქ ააშენეს ამჟამინდელი საკათედრო ტაძარი, რომლის შენობების უმეტესი ნაწილი XIII საუკუნით თარიღდება. მონასტრის მახლობლად შემდგომში გაიზარდა ქალაქი, რომელსაც წმინდანის სახელი ეწოდა - სენტ-ასაფი.

ბეჭდვა
1კ1