წმინდა აუდომარი, ტერუანელი ეპისკოპოსი (+670) - 09 (22 ) სექტემბერი
წმინდა აუდომარი, ტერუანელი ეპისკოპოსი (+670) - 09 (22 ) სექტემბერი
წმინდა აუდომარი (ომერი) კუტანსის (ნორმანდიაში, საფრანგეთის მიწებზე) მახლობლად მდებარე ქალაქ ორვალში, დაახლოებით, 600 წელს დაიბადა.

დედის გარდაცვალების შემდგომ მამასთან ერთად წმინდა კოლუმბანის მიერ დაარსებულ ლუქსელის სავანეს მიაშურა, რომელსაც საიმდროოდ კოლუმბანის მოწაფე, ესტატე წინამძღვრობდა.

მოკლე ხანში აუდომარი სხვა მამათათვის სიქველის მაგალითად იქცა. დროსთან ერთად მისი ღვაწლი გაათმაგდა, სახელი მთელ სამეფოში განითქვა და მისი წმინდა ცხოვრების ამბავი თვით მეფე დეგობერტმაც (+639 წელი) შეიტყო, რომლის სურვილითაც ღირსი მამა ტერუანისა და ბულონის ეპისკოპოსად აირჩიეს.

ეპარქიაში ჩასულმა აუდომარმა აღმოაჩინა, რომ წმინდა ვიქტრიკე რუანელის (ხსენება 7 აგვისტოს) მიერ მოქცეული იქაურები კვლავ გაწარმართებულიყვნენ.

ღირსმა მამამ მყისვე დააწვევინა კერპები და უდიდესი ძალისხმევის შედეგად კვლავ განანათლა ეს მიწა, რაშიც დიდად შეეწივნენ მოწაფენი: - წმინდა ბერტინი, წმინდა მუმოლინი და წმინდა ებერტრამნი.

აუდომარმა ერთი იქაური დიდებულიც მოაქცია, რომელსაც წარმართობა არ ეთმობოდა. მის მიერ ნაწყალობევ მიწაზე ნეტარმა მონასტერი აღაშენა, რომელიც მისი სამისიონერო მოღვაწეობის ცენტრად იქცა, მოგვიანებით კი ქალაქ სენტ - ომერად.

ოცდაათწლიანი მღვდელმთავრობის შემდგომ ღირს მამას, ღვთის დაშვებით, თვალისჩინი წაერთვა, თუმცა, წმინდა ვედესტის (ხსენება 6 თებერვალს) წმინდა ნაწილთა გადაბრძანების ცერემონიალს მაინც დაესწრო და სიწმინდესთან მიახლების შემდგომ მხედველობა დაუბრუნდა.

თუმცა, მიხვდა, რომ ბრმადქმნილი უკეთ ჭვრეტდა იმას, რაც ხორციელი თვალისთვის დაფარულია და ნეტარ ვედესტს სნეულების დაბრუნება გამოსთხოვა.

ერთ-ერთი მისიისას, 667 თუ 670 წელს აუდომარს ციება შეეყარა და მოკლე ხანში გარდაიცვალა.

ბეჭდვა
1კ1