ღირსი კიარანი - ირლანდიელი ხუროს ვაჟი გახლდათ, მშობლიური სახლი ძალზე ადრე დატოვა და
დუბლინის დასავლეთით მდებარე კლონარდის მონასტერს შეერთო, სადაც წმინდა ფინიანს (ხსენება 12 თებერვალს) დაემოწაფა.
ერთხელ ერთ-ერთმა მოწაფემ, რომელსაც წიგნი არ ჰქონდა, სახელმძღვანელო კიარანს სთხოვა. ხოლო როდესაც გაკვეთილის ჩაბარების ჟამი დადგა, კიარანმა დავალების მხოლოდ ნახევარი იცოდა.
სხვა მოწაფეებმა ამის გამო დაცინვა უწყეს: - კიარანმა მათეს სახარების ნახევარი იცისო!
მასწავლებელმა კი შეაჩერა და დასძინა:
- ამას გიჯობთ, თქვათ: - კიარანს - ნახევარი ირლანდიაო!
ეს წინასწარმეტყველება მართლაც ახდა, როდესაც სამღვდელო პატივით შემოსილი კიარანი ირლანდიის თორმეტ მოციქულს შორის გაბრწყინდა.
სწორედ მისი ხელით ინება უფალმა ირლანდიის უმნიშვნელოვანესი, კლონმაკნოისის სავანის დაფუძნება მდინარე შანობის მარჯვენა ნაპირთან.
ნეტარმა სხვა სავანენიც დააარსა, რომელთაც შესაბამისი წესდებაც შეუდგინა. ირლანდია კი ღვთივ ნაბოძები მადლით და სახარებისეული ნათლით აღავსო.
შიმშილობისას მონასტრის მთელი მარაგი დაუფიქრებლად დაარიგა, სავანის მკვიდრნი კი - ღვთის წმინდა ნებას მიანდო.
ღირსი მამა სრულიად ახალგაზრდა, - 30 წლისა, 549 წელს, ხანმოკლე სნეულების შემდგომ მიიცვალა.