ღირსი ნავკრატიოსი დაახლოებით, 330 წელს იშვა და ბასილი დიდის უმცროსი ძმა გახლდათ.
თავის ძმებს გარეგნობითაც სჯობდა, გონიერებითაც, ძალითაც, აზროვნებითაც და მრავალი საჭირო საგნის ცოდნითაც, ხოლო 22 წლისამ ერთ-ერთ საჯარო ლექციაზე იმგვარი ორატორული ტალანტი გამოავლინა, მთელი კრებული გააოცა.
ამ დიდ სიკეთეთა მიუხედავად, მისმა ღვთისმოყვარე გულმა წუთისოფელს უარი უთხრა და პონტოში, მდინარე ირისთან (დღეს - ეშილ-ირმაკი) მდებარე უსიერ ტყეში განმარტოებულ ღვაწლს მიეცა, მას თან გაჰყვა მსახურიც, სახელად ქრისათე, შინიდან არა წაუყოლიებიათ, იმ ადგილს ისე შეეფარნენ და იმ ცხოვრებას მიეცნენ, ადამიანს ანგელოზთ რომ ამსგავსებს.
ამასთან, ნავკრატიოსი უწინდებურად ჰმორჩილებდა დედას, ქალიშვილთან, წმინდა მაკრინესთან (ხსენება 19 ივლისს) ერთად მისი სამყოფელიდან სამი დღის სავალზე რომ იღვწოდა.
წმინდა ჭაბუკი რამდენიმე სნეულ ხუცესს უვლიდა და საკუთარი ნანადირევი თევზით კვებავდა.
ასე იცხოვრა 5 წელიწადს, შემდეგ კი თავის ერთგულ თანამოღვაწესთან, - ქრისათესთან ერთად ნადირობისას, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.