ღირსი არკადი XI საუკუნეში სმოლენსკის მიწაზე, ქალაქ ვიაზმაში დაიბადა. სიყმაწვილიდანვე მას ღვთის დიდი სიყვარული ჰქონდა,
ამიტომაც მოიძაგა ამსოფლიური საცდურნი და მოუკლებელი ლოცვით ღმერთთან შეერთებას ცდილობდა. ღამეებს ქალაქგარეთ, ტყეში ერთ მთაზე ცრემლიან ლოცვაში ატარებდა. მდუმარებას იმარხავდა და მხოლოდ ვინმეს დასამოძღვრად, სანუგეშოდ თუ ამოიღებდა ხმას. მას ღვთისაგან წინასწარმეტყველების მადლიც მიეცა. რაღაც დროის შემდეგ ქალაქში წმინდა ეფრემი ჩამოვიდა სამოღვაწეოდ და არკადიმაც გადაწყვიტა მას დამოწაფებოდა. მდინარე ტვერცის მარჯვენა ნაპირზე აშენდა მონასტერი (1038). წმინდა არკადიმ საკუთარი ნება მოიკვეთა. ჩვეულებისამებრ დაყუდებულად ცხოვრობდა, მაგრამ ზოგჯერ მდუმარედ სხვებთან ერთად ასრულებდა საერთო საქმეს. 1058 წელს გარდაიცვალა წმინდა ეფრემი, წმინდა არკადიმ მოშურნედ გააგრძელა ღვაწლი და სულიერად უფრო წარმატებული გარდაიცვალა, ის თავისი მოძღვრის გვერდით დაკრძალეს.