1570 წლის თებერვალში გამძვინვარებული ივანე მრისხანე ნოვგოროდის გადაწვისა და სისხლიანი დარბევის შემდეგ მიადგა ფსკოვს,
რომლის მცხოვრებლებსაც ღალატში დებდა ბრალს. ფსკოვში ამ დროს მოღვაწეობდა სალოსი ბერი ნიკოლოზი, რომელსაც შემოქმედმა სასწაულმოქმედების და წინასწარმეტყველების მადლი მიანიჭა. სალოსმა ბერმა ქალაქის მთავარს ურჩია ხელისუფალი პატივით მიეღოთ. მთავრის ბრძანებით ფსკოველები ქუჩაში გამოეფინნენ. ყველას თავისი სახლის წინ მოეყარა მუხლი და პურსა და მარილს სთავაზობდა მეფეს. ივანე მრისხანემ ხოცვა-ჟლეტაზე ხელი აიღო, მაგრამ განზრახული ჰქონდა, გაეძარცვა ქალაქი. იგი სამების ტაძარში დაესწრო ლოცვას და ნეტარი ნიკოლოზისაგან კურთხევის მიღებაც მოიწადინა. წმინდა მამამ კელიაში მოსულ მეფეს ყველას გასაკვირად სისხლიანი ხორცი შესთავაზა. "მე ქრისტიანი ვარ და დიდ მარხვაში ხორცს არ ვჭამო", - იუარა გაბრაზებულმა მეფემ. "სამაგიეროდ, ადამიანთა სისხლს სვამო", - თამამად ამხილა სალოსმა და სთხოვა, ფსკოვი დაეტოვებინა. მართლაც, სინდისისგან მხილებული იოანე მალე დაბრუნდა მოსკოვში. ასე გადაარჩინა ნიკოლოზ სალოსმა ქალაქი ფსკოვი ივანე მრისხანისაგან დანგრევას.
წმინდანი გარდაიცვალა 1578 წლის 28 თებერვალს. იგი გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობდა ფსკოვის მფარველობას.