წმინდა მოწამეები - ლეონი და პარიგორი (III) - 18 თებერვალი (3 მარტი ან 2 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა მოწამეები - ლეონი და პარიგორი (III) - 18 თებერვალი (3 მარტი ან 2 მარტი - ნაკიან წელს)
იმპერატორ ვალერიანეს დროს, ქრისტიანების დევნისას, დაახლოებით 258 წელს, ლიკიის ქალაქ პატარაში, ხალხის წინაშე მოწამებრივად აღესრულა წმინდა პარიგორი. მის წამებას შეესწრო ერთი მოხუცებული ქრისტიანი, სახელად ლეონი. მას საღმრთო აღძვრით წმინდა პარიგორივით მოწამეობის სურვილი გაუჩნდა. მალე აზიის ნაცვლის ოფიცერმა ქალაქის მკვიდრთ უბრძანა, კერპისთვის მსხვერპლი შეეწირა. ლეონმა დემონსტრაციულად გვერდი აუარა მოედანზე მოზეიმე წარმართებს და მოწამე პარიგორის საფლავის თაყვანისსაცემად წავიდა. შუაღამისას მას ძილში გამოეცხადა წმინდა პარიგორი და თავისთან უხმო, ოღონდ მანამდე აბობოქრებული მდინარე უნდა გადაელახა. დილით ლეონმა ღმერთი ადიდა და წმინდა პარიგორის საფლავისკენ გაემართა. გზად წარმართულ ტაძარში შევიდა, დაამსხვრია სასანთლეები, გადააყირავა ანთებული ლამპრები და ხმამაღლა შესძახა: "დაე, თქვენმა ღმერთებმა შური იძიონ შეურაცხყოფისთვის, თუ ამის თავი აქვთო!"

ლეონი იქვე დაიჭირეს და საწამებლად ჯალათს გადასცეს, იგი მხნედ დაითმენდა ტკივილებს, კვნესაც კი არ დასცდენია, პირიქით აღიარებდა ქრისტეს, კერპებს დასცინოდა და მსაჯულს არწმუნებდა ქრისტიანად მოქცეულიყო. მმართველს შეებრალა მოხუცი და შანსი მისცა სიკვდილს გადარჩენოდა, ოღონდ უნდა ეთქვა, რომ ღმერთები დიდებულები არიან. "დიახ, - უპასუხა მათ წმინდა ლეონმა, - დიდებულები არიან ღმერთები და თავიანთი მორწმუნეების დაღუპვა შეუძლიათ". შეურაცხყოფილმა მსაჯულმა მას სიკვდილის განაჩენი გამოუტანა, და ბრძანა, იქვე, ახლოს ჩანჩქერში გადაეგდოთ კლდიდან. ქრისტიანებმა წმინდანის სხეული სრულიად უვნებელი და მოღიმარი იპოვეს, ხოლო ის გაუვალი ადგილი, სადაც ის გადააგდეს, უსაფრთხო გახდა ადამიანებისა და ცხოველებისთვის.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1