წმინდა სილვანე წარმოშობით ღაზის გარეუბნიდან იყო და თავიდან მეომრად მსახურობდა. შემდეგ მიწიერი მეომრობა დაუტევა და უფალს შეუვრდა,
სამღვდელო ხელდასხმა მიიღო და შემდგომ მღვდელმთავრის პატივითაც შეიმოსა.
ღირსი მამა იმგვარი მოშურნეობით შეუდგა ღვაწლს და მადლმოსილი ცხოვრებით და სიტყვით იმდენი სული შესძინა სასუფეველს, რომ კერპთმსახურებმა შეიპყრეს და კესარიის სასამართლოს წარუდგინეს.
თავიდან უმოწყალოდ გვემეს, შემდეგ - სხეული დაუსერეს, ბოლოს კი სპილენძის საბადოებზე გაგზავნეს სამუშაოდ.
არაადამიანურმა შრომამ სრულიად გამოფიტა და დააძაბუნა სილვანე, მაგრამ ღვთის დიდებისმეტყველება არ შეუწყვეტია, რის გამოც მის მიერ გაქრისტიანებულ ორმოც მოწამესთან ერთად თავი წარკვეთეს.