შვიდი პუნქტი მათთვის, ვისაც სურს ხსნა - მღვდელმონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)
შვიდი პუნქტი მათთვის, ვისაც სურს ხსნა - მღვდელმონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)
ჩვენ, ყველა ქრისტიანს, გვსურს ხსნა. იმისათვის, რომ გადავრჩეთ, საჭიროა ღვთის ნების აღსრულება.

რაში გამოიხატება ეს ღვთის ნება? წმინდა წერილის ყველა სიტყვაში, მაგრამ განსაკუთრებით მკაფიოდ, ნათლად და მოკლედ ის გამოხატულია პავლე მოციქულის სიტყვებში: "მარადის გიხაროდენ. მარადის ილოცევდით. ყოველსა შინა ჰმადლობდით: რამეთუ ესე არს ნება ღვთისა თქვენდა მიმართ ქრისტე იესოს მიერ" (1 თეს. 5:16).

მაგრამ როგორ შევასრულოთ ეს მცნებები? როგორ შეგვიძლია ყველაფერში და ყოველთვის გვიხაროდეს, როცა ირგვლივ მხოლოდ შეურაცხყოფაა, მხოლოდ უსიამოვნებები, მხოლოდ ბოროტება ყველა მხრიდან, არა მხოლოდ მტრებისგან, არამედ მეგობრებისგანაც?

დიახ, სანამ ადამიანი ნამდვილად არ იწამებს ღმერთს, მას არ შეუძლია სიხარული. რაში გამოიხატება ჩვენი რწმენა? მრწამსის ყველა 12 პუნქტში. ჩვენ ყველა ვკითხულობთ მას, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევთ პირველ სიტყვებს: "მრწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცისა და ქვეყნისა". რას ნიშნავს გწამდეს ერთი ღმერთი მამა, ყოვლისა მპყრობელი? რას ნიშნავს ყოვლისა მპყრობელი?

წმინდა მამები, კერძოდ წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი, ამბობენ, რომ ეს ნიშნავს გწამდეს, რომ უფალი თავის სრულ ძალაუფლებაში ფლობს ყველა ეშმაკს მათი ყველა ვერაგობით, ბოროტებით, კაცთმოძულეობით; ყველა ადამიანს მათი ყველა ცოდვით, ვნებით, თავისებურებით და ჩვენი ცხოვრების ყველა გარემოებას უწვრილეს დეტალებამდე, როგორც თქვა ქრისტემ: "თქვენი თავის თმებიც კი დათვლილია" (მთ. 10:30). ხოლო ჩვენ, როგორ უცნაურიც არ უნდა იყოს, არ ვფიქრობთ და არ ვავლენთ ასეთ რწმენას. არ გვწამს, რომ ჩვენს ყველა გარემოებას უფალი აწყობს ჩვენი ხსნისთვის. და თუ ის აწყობს ამ გარემოებებს, როგორ გვიხსნის? -ეს საყურადღებოა

როგორც ამბობს წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, უფალი პირველ რიგში გვეხმარება დავინახოთ ჩვენი ცოდვები, ჩვენი ვნებები, ჩვენი სისულელე,  ჩვენი უგუნურება, თვით... ჩვენი დაღუპვაც კი...
რისთვის ? - იმისთვის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ნამდვილად ვილოცოთ, თუ არ ვიგრძნობთ თავს დაღუპვის პირას მყოფად... ჩვენ ვერ შევალთ სასუფეველში, თუ არ ვიგრძნობთ თავს არაფრის მაქნის, უვარგის ცოდვილებად, რადგან მხოლოდ "გლახაკნი სულითა" შევლენ სასუფეველში და აი ამ სულიერ სიგლახაკეს გვიჩვენებს უფალი იმისთვის, რომ დავიწყოთ ლოცვა, როგორც დახრჩობის პირას მყოფმა პეტრემ: "უფალო! მიხსენ მე!" (მთ. 14:30).
მხოლოდ ამ სულიერი სიგლახაკიდან შეიძლება დაიწყოს სწორი, სინანულის იესოს ლოცვა.

ამრიგად, როდესაც გვაყენებენ შეურაცხყოფას, ჩვენ უნდა გავაკეთოთ შემდეგი.

პირველი
- გავიხსენოთ ჩვენი ცოდვები და დავიწყოთ მათში მონანიება. პავლე მოციქულმა თქვა: "იმასვე იქმ შენცა, რომელი განიკითხავ" (რომ. 2:2). როდესაც ვინმე ცილს გვწამებს, გვაბეზღებს, არ გვეხმარება, თუ რამით გვაწყენინა, ჩვენ უნდა დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა - მე ასე არ გავაკეთე? ( არ მოვიქეცი? )- რა თქმა უნდა, გავაკეთე ! გავიხსენოთ ცოდვები ბავშვობიდან! საბავშვო ბაღში, სკოლაში, უფრო მოწიფულ ასაკში რამდენი ცოდვა ჩავიდინეთ, ვაწყენინეთ ჩვენს ახლობლებს, ჩვენს მშობლებს, ჩვენს დებს და ძმებს?!

მეორე - მონანიების შემდეგ, ჩვენ სიხარულით უნდა მივუტევოთ ეს ცოდვა ჩვენს მოყვასს.
რატომ? - იმიტომ რომ ჩვენ ვკითხულობთ "მამაო ჩვენოს" და ვამბობთ: "და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა". ჩვენი ცოდვების მიტევება ყველაზე ადვილად მიიღწევა ჩვენი მოყვასისთვის წყენის მიტევებით.

მესამე
- ნათქვამია: "სძლიე კეთილითა ბოროტსა" (რომ. 12:21). ბოროტების სანაცვლოდ ჩვენ უნდა მივაგოთ სიკეთე. მაგალითად, თუ არის მატერიალური შესაძლებლობა - ფარულად ჩავურიცხოთ ფული ტელეფონის ანგარიშზე. თუ არა - ვილოცოთ მისთვის: "უფალო, შენთვის ცნობილი განგებულებით მოაწყვე მისი ხსნა!" შეგვიძლია წავიკითხოთ სახარების თავი ან გავაკეთოთ თუნდაც 3 მეტანია : "უფალო, მე მას ვპატიობ, და შენც მიუტევე მას".

მეოთხე -  ნათქვამია "ღვთის მოყვარულთ ყოველივე სასიკეთოდ შეეწევა" (რომ. 8:28). ჩვენ უნდა ვუმადლოდეთ ღმერთს, როგორც გვასწავლის წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი : "გმადლობ შენ, უფალო, ღმერთო ჩემო, ყველაფრისთვის რაც ჩემზე აღსრულდა! გმადლობ შენ ყველა ჭირისა და განსაცდელისთვის, რომლებიც მომივლინე ჩემი ცოდვებით დაწყლულებული სულისა და სხეულის განსაკურნებლად!" რადგან თავისი ბრძნული განგებულებით მოყვასის ვნებებისა და ცოდვების მეშვეობით, უფალი გვზრდის ჩვენ და გვაძლევს სულიერ სარგებელს.

მეხუთე -  ბოროტების სანაცვლოდ სიკეთის მიგებით, ჩვენ სიყვარულით უნდა მოვითმინოთ: "ურთიერთას სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი" (გალ. 6:2) და "თავს-იდებდით ურთიერთას სიყუარულით" (ეფ. 4:2). ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მცნებების შესრულების შანსები მოყვასთან მიმართებაში, რადგან შესრულებული მცნებები იზიდავს სულიწმინდის მადლს.  ამისთვის ვცხოვრობთ, როგორც ამბობს წმინდა სერაფიმე საროველი: "ქრისტიანული ცხოვრების მიზანია სულიწმინდის მადლის მოხვეჭა".

მეექვსე - როდესაც ვითმენთ შეურაცხყოფებს, დამცირებებს, წყენას, ცილისწამებას, თვით ღალატსაც კი, ეს უნდა გავაკეთოთ არა უაზროდ, არამედ იმისთვის, რომ დავემსგავსოთ ქრისტეს.
პავლე მოციქული ამბობს: "იყვენით უკუე მობაძავ ღმრთისა, ვითარცა შვილნი საყუარელნი" (ეფ. 5:1).
სწორედ ტანჯვით, მოთმინებით, ჩვენი მოყვასის სიმძიმის ტარებით  შეგვიძლია  დავემსგავსოთ ქრისტეს, მხოლოდ ამ პირობით შეგვიძლია გავხდეთ ქრისტიანები. - რატომ? -  იმიტომ, რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი გახდა ჭეშმარიტი ადამიანი და აიღო მთელი მსოფლიოს ცოდვები, ხოლო ჩვენ, რომ დავემსგავსოთ მას, უნდა ვზიდოთ ჩვენი მოყვასის სიმძიმე.  ვთქვათ,  დღეს ხუთმა ადამიანმა შეურაცხგვყო და ეს არის ხუთი შანსი დავემსგავსოთ ქრისტეს და მხოლოდ მაშინ გავხდეთ ქრისტიანები ან ბერები, რადგან აღთქმებში ნათქვამია: "გშიოდეს და გწყუროდეს, შეურაცხყოფა და გმობა, დამცირება და დევნა, და სხვა მრავალი ჭირი აიტანო, რომლებითაც ღვთის გზაზე ცხოვრება აღიბეჭდება".

მეშვიდე - ნათქვამია: "გიყუარდეთ მტერნი თქუენნი... და იყვნეთ ძენი მაღლისანი" (ლკ. 6:35).
გესმით, რა უდიდესი მადლის შეძენა შეგვიძლია? რომ  ჩვენ  გავხდეთ ღვთის შვილები ჩვენი მოყვასის ცოდვების მეშვეობით! ჩვენ შეგვიძლია შევიყვაროთ ჩვენი მტრები, შესაბამისად, ჩვენთვის გარანტირებულია ხსნა.

სიყვარული ჩვენი მტრების მიმართ უბრალოდ აუცილებელია ჩვენთვის, რადგან, როგორც თქვა წმინდა სილუან ათონელმა: "მხოლოდ მტრების სიყვარულის პირობით შევინარჩუნებთ სულიწმინდის მადლს ჩვენს სულში". აი, ჩვენ ვინანიებთ აღსარებაზე, ვეზიარებით, ვიღებთ სულიწმინდის მადლს და მას ვკარგავთ.- რატომ? -იმიტომ რომ ჩვენ არ ვპატიობთ ჩვენი მოყვასის ცოდვებს და არ ვავლენთ სიყვარულს მტრების მიმართ. ჩვენში არის წყენა, უკმაყოფილება, დრტვინვა. ჩვენ არ ვართ ქრისტიანები, ნუ მოვატყუებთ საკუთარ თავს, ჩვენ არ გვაქვს ქრისტეს სიყვარული  ცოდვილების მიმართ და ამიტომ ჩვენს სულებში სიბნელეა, სასოწარკვეთა, სევდა, სიმძიმე და სხვა ვნებები, რომლებიც გვტანჯავენ...

ამიტომ, თუ გვსურს გადარჩენა, ეს შვიდი პუნქტი ჩავიწეროთ, შევინახოთ, რომ ისინი ყოველთვის თვალწინ გვქონდეს. ასეთი მსჯელობისას ჩვენი შეურაცხმყოფელნი ხდებიან ჩვენი კეთილისმყოფელნი: პატიებით ვიღებთ ცოდვების მიტევებას,  მცნებების შესრულებით ვიძენთ სულიწმინდის მადლს; ბოროტების სანაცვლოდ სიკეთის ქმნით ვემსგავსებით ქრისტეს და შესაბამისად, ვცხონდებით - ჩვენ წინაშე იხსნება სასუფევლის კარიბჭე, როგორც გაეხსნა ზეცა პირველმოწამე სტეფანე მოციქულს, რომელმაც ილოცა თავისი მკვლელებისთვის ისევე, როგორც ქრისტემ და მაშინვე იხილა იესო, მდგომი ღვთის მარჯვნით.

და ჩვენ ვმადლობთ შეურაცხმყოფლებს, ვმადლობთ უფალს და ვთხოვთ მას, როგორც აგრძელებს წმინდა იგნატი: "შეიწყალე და აცხონე ის საშუალებები, რომლებიც შენ გამოიყენე ჩემს საკურნებლად ; ის ადამიანები, რომლებმაც მომაყენეს შეურაცხყოფა, აკურთხე ისინი ამ და მომავალ საუკუნეში! ჩაუთვალე მათ სათნოებად  ის, რასაც ჩემთვის აკეთებდნენ! მიეც მათ შენი მარადიული საუნჯიდან უხვი ჯილდოები".

აი, ასე უნდა ვრეაგირებდეთ შეურაცხყოფებზე, რომლებსაც ყოველდღიურად ვიღებთ , მაგრამ არა მხოლოდ შეურაცხყოფებზე, არამედ ასე უნდა ვრეაგირებდეთ  ნებისმიერ ცოდვაზე ჩვენი ძმისა. თუ ჩვენ უბრალოდ ამას გვერდიდან ვხედავთ - არ განვსაჯოთ, არ გავკიცხოთ, არამედ თანავუგრძნოთ და ვილოცოთ, როგორც გვიბრძანებს მცნება: "უკუეთუ ვინმე იხილოს ძმაჲ თჳსი, რომელი სცოდავს... ილოცოს" (1 ინ. 5:16).

და მაშინ ჩვენი სიყვარული ღვთისა და მოყვასის მიმართ იქნება არა ფარისევლური,  არამედ - გულწრფელი, მართალი, მაცხოვნებელი, ჩვენთვისაც და ყველა ჩვენს გარშემო მყოფთათვის, რადგან ჩვენ მოვიპოვებთ ქრისტეს სიმშვიდეს ჩვენს გულებში და ეს არის კიდეც ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების მიზანი : "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან".


გვიშველე უფალო!
------------------------------------------------------------------------------------

გთავაზობთ ინფორმაციას წერილის ავტორის, მღვდელმონაზონ კონსტანტინეს (კოვალჩუკის), შესახებ - ის ახლა უწერის მონასტერში მოღვაწეობს.


ეს არის წინსიტყვაობა მისი ერთ-ერთი წიგნისა:


„რა მელოდება მარადისობაში: სამოთხე თუ ჯოჯოხეთი?“ - ბავშვობიდანვე არ ასვენებდა ეს შეკითხვა ავტორს „საუბრებისა“, რომელსაც მკითხველს ვთავაზობთ.
მომავალი მღვდელ-მონაზონი კონსტანტინე (ერისკაცობაში მიხეილ კოვალჩუკი) დაიბადა 1950 წელს უკრაინაში, მორწმუნე ოჯახში, სადაც თითოეულმა ბავშვმა იმთავითვე იცოდა, რომ ღვთის თვალწინ ცხოვრობდა. მაგრამ იმ დროსაც კი ღმერთთან ურთიერთობის საკითხი მისი ნორჩი სულისთვის რუტინა და ყოველდღიურობა როდი იყო, არამედ ძლიერ აღელვებდა იგი და გულში უპასუხოდ დარჩენილ შეკითხვებს უგროვებდა.
ხანდახან, ჯერ კიდევ ჭაბუკი ქრისტიანი, ასე ფიქრობდა: მარადისობის ზღურბლის გადაბიჯების ჟამი რომ დამიდგება, ვაითუ, ყველა ადგილი დაკავებული დამხვდეს ცათა სასუფეველშიო... და ამგვარი ფიქრები სასოწარკვეთილებას ჰგვრიდა. მწუხარების მიზეზი კი იყო მისი მცდარი წარმოდგენა ღმერთისა და მასთან ურთიერთობის წესის შესახებ, განუცდელობა იმისა, თუ რაოდენ დიდი სიხარულით აღავსებს სინანულის ლოცვა ყოფიერებას კაცისას, რომელიც უსიტყვოდ მინდობია საღმრთო განგებას. ყოველივე ამას მამა კონსტანტინე მოგვიანებით გაგვიზიარებს, მას შემდეგ, რაც ათწლეულებს განლევს უდაბნოში ცხოვრებით, მას შემდეგ, რაც სულიერად დამწყემსავენ მამები, რომლებმაც წმიდა მამათა გზებით იარეს, გულში ღვთის სული მოიხვეჭეს და თავიანთი ლოცვითი გამოცდილება _ ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობის გამოცდილება - სათუთად გადასცეს მისი მიღების ყოველ მსურველს. ამის მსურველი იყო ისიც. ამ გზაზე თანამოაზრეებს ეძებდა, ამას ითხოვდა ღვთისგან და იპოვა კიდეც.

*   *   *

1973 წელს, როდესაც საყოველთაოდ აღიარებული უღმერთობის საბჭოური იდეოლოგია ახალგაზრდა თაობას არა მარტო „ნათელ მომავალს“, არამედ „დედამიწაზე სამოთხესაც“ კი ჰპირდებოდა, ორი მეგობარი (მომავალი მეუდაბნოე მონაზვნები დავითი და კონსტანტინე) სწორედ ამ დედამიწაზე ეძიებდა ზეციურ სამოთხეს _ ქრისტეს გზას, და თავად ქრისტეს. მათ სურდათ, თავიანთი ცხოვრება ღმერთისთვის მიეძღვნათ, უკანმოუხედავად შესდგომოდნენ მის კვალს, მაგრამ არ იცოდნენ, როგორ მიეღწიათ ამ მიზნისათვის. იმხანად მცნებების განუხრელი დაცვით ერში ცხოვრება სულიერი ცხოვრების გამოცდილების არმქონე ახალგაზრდებისათვის თითქმის შეუძლებელი იყო _ გაპარტახებული და დაკეტილი იყო მონასტრები. ერთადერთი გამოსავალი ჩანდა: ერისა და მისთვის დამახასიათებელი არსებობის ცოდვისმიერი წესის დატევება და ცივილიზაციიდან შორს, სადმე ტყეში ან მთებში წასვლა, სადაც ვერაფერი გარეგანი ხელს ვერ შეუშლიდათ გულისმიერი სუფთა ლოცვით წარდგომაში ღვთის წინაშე.
ღმერთმა აკურთხა ისინი _ ახალგაზრდებმა ამის შესახებ შეიტყვეს მჭვრეტელი უხუცესი ბერისგან († 1974), რომელიც იმ დროისთვის პოჩაევოს ლავრაში ცხოვრობდა. რომელი მიმართულებით უნდა წასულიყვნენ, ეს რკინიგზის სადგურში გამოფენილმა საბჭოთა კავშირის უზარმაზარმა რუკამ უკარნახა: აირჩიეს ხმელეთზე ყველაზე მსხვილი მწვანე `კუნძული~, რომელიც დასახლებული პუნქტების სიხალვათით გამოირჩეოდა.
კავკასია... აირჩიეს ამტყელის ტბის რაიონი. ცოცხალი რწმენისა და ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობის მაძიებელი ახალგაზრდების ყოველი ნაბიჯი უკვე განსაზღვრული იყო ორი _ ღვთისა და კაცობრივი _ ნების ურთიერთქმედებით. თუმცა ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდნენ ამას, მაგრამ სწამდათ, სასოებდნენ და ეძიებდნენ აშკარა მითითებას იმისა, რომ უსათუოდ თვით უფალი იზრუნებდა მათზე.
უკვე ცხადი იყო ზეგარდმო მზრუნველობა: აკი ამ ადგილის მომავალ საცხოვრისად არჩევისას ძმებმა არც იცოდნენ, რომ სწორედ ამ მიდამოებში უკვე საუკუნეების განმავლობაში მოღვაწეობდნენ მეუდაბნოეები, რომლებიც ღვთივსათნო ასკეტური ცხოვრების ძველ მონაზვნურ ტრადიციას, იმგვარ ცხოვრებას მისდევდნენ, როგორიც ესოდენ საწადელი იყო ორი ნორჩი სულისათვის. მართალია, მთაში თვეობით ცხოვრების შემდეგ შეხვდნენ პირველ მეუდაბნოეებს, მაგრამ ხომ აუხდინა მათ უფალმა გულის წადილი...

*   *   *

იმხანად უდაბნოს საძმოს მწყემსავდა ღირსი ბერი სქიმარქიმანდრიტი სერაფიმე (რომანცოვი, † 1976, სოხუმი). მისი გარდაცვალების შემდეგ ღმერთის განგებულებამ ორი ახალგაზრდა მეუდაბნოე იმჟამად ჯერ კიდევ სოხუმისა და აფხაზეთის მიტროპოლიტის, ხოლო ამჟამად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საფარველქვეშ მიიყვანა. 1977 წელს მეუფემ ისინი საბეროებად აღკვეცა სოხუმში, ხოლო ორი წლის შემდეგ, 1979 წელს, თბილისში მანვე (უკვე კათოლიკოს-პატრიარქმა) მონაზვნებად აღკვეცა ისინი, არგვეთის ქართველი მთავრების პატივსაცემად დავითი და კონსტანტინე უწოდა და აკურთხა, უწინდებურად მთებში დაბრუნებულიყვნენ.
ამის შემდეგ ბერი დავითი აღარ გამოსულა უდაბნოდან - შეუძლოდ იყო, ექვსი წლის შემდეგ კი, როგორც წინდაწინ განეცხადა, უფლისმიერ განისვენა (1985 წლის ნოემბერში). ბერმა კონსტანტინემ ორმოცდაორი წელი იცხოვრა მთაში... მისთვის  ეს იყო ღმერთთან ცოცხალი ლოცვითი ურთიერთობის სკოლა _ წმიდა წერილის მცნებებში გამჟღავნებული ღვთის წმიდა ნების შეცნობისა და აღსრულების სკოლა. საკუთარი გულის, აზრებისა და გრძნობების, თავისი ცხოვრების გარდაქმნის მიზნით, წმიდა მამათა გადმოცემებს სწავლობდა, უფროსი თაობის მეუდაბოე ასკეტთა გამოცდილებას აგროვებდა...

ჩვიდმეტი წლის განმავლობაში მამა კონსტანტინეს მოძღვრობას უწევდა სქიმარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო, † 1992). ადრე ეს უხუცესი ბერიც ამ მთებში მოსაგრეობდა, შემდეგ თბილისში, წმიდა ალექსანდრე ნეველის ტაძარში მსახურობდა, სადაც არის კიდეც დაკრძალული. მეუდაბნოეს მოძღვართან წერილობითი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევებში მთებს ტოვებდა, რათა რჩევისა და კურთხევის მისაღებად მამა ვიტალისთან თბილისში ჩასულიყო. იქ იგი ხვდებოდა წმიდა ბერებს: სქიმარქიმანდრიტ ანდრონიკეს (ლუკაში, † 1974), სქიმმიტროპოლიტ სერაფიმესა (მაჟუგა, † 1985) და არქიმანდრიტ გაბრიელს (ურგებაძე, † 1995), რომელთა ლოცვითი გამოცდილება და მხარდაჭერა ფასდაუდებელი იყო მისთვის.

*   *   *

მრავალი რამ შეიცვალა მამა კონსტანტინეს ცხოვრებაში, როდესაც უწმიდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა ილია II-მ 2014 წელს კვლავ მოიხმო თბილისში და მღვდელ-მონაზვნად აკურთხა. მეუდაბნოემ თავის ცხოვრებაში მომხდარი ეს ცვლილება ყოველი სულის ცხონებაზე მზრუნველი ღვთის ნებისადმი მორჩილებად მიიღო...
„რა მელოდება მარადისობაში: სამოთხე თუ ჯოჯოხეთი?“ - როგორც ყოველი ქრისტიანისთვის, მღვდელ-მონაზონ კონსტანტინესთვისაც დღემდე აქტუალურია ეს საკითხი. სხვაგვარად შეუძლებელიცაა - აკი ის, თუ როგორ შედეგს მოიტანს თითოეული სულის მიწიერი ყოფიერება, ღმერთისადმი მისი პირადი ცოცხალი ლოცვითი  მიმართვით განისაზღვრება - განისაზღვრება არჩეული ცხოვრების საზრისის მიხედვით.


ბეჭდვა
1კ1