მამა ვისაც ნათლავს, ის ძითაც ინათლება და იკურთხება, და ვინც ძით ინათლება, ის სულიწმინდის მიერ ნათლდება და იკურთხება საღმრთო მადლის ზემოქმედებით, რამეთუ წმინდა სამების ქმედება ერთიანია
მამა ვისაც ნათლავს, ის ძითაც ინათლება და იკურთხება, და ვინც ძით ინათლება, ის სულიწმინდის მიერ ნათლდება და იკურთხება საღმრთო მადლის ზემოქმედებით, რამეთუ წმინდა სამების ქმედება ერთიანია
ნათლისღების საიდუმლო წმინდა სამების სახელით აღესრულება, რამეთუ სწორედ სამებიდან მოგვენიჭება საღმრთო მადლი... ღმერთმა, არა როგორც რისამე არმქონემ და ნაკლულოვანმა, არამედ როგორც მამამ, თავისი სიბრძნით დააფუძნა ქვეყანა, ყოველივე შექმნა თავისაგან არსებული სიტყვით და წმინდა ემბაზსაც იგი მითვე აფუძნებს. რასაც არ უნდა იქმოდეს მამა, ყოველივეს იგი ძით იქმს სულის მიერ. ნათლისღების საღმრთო საიდუმლოშიც მამა ვისაც ნათლავს, ის ძითაც ინათლება და იკურთხება, და ვინც ძით ინათლება, ის სულიწმინდის მიერ ნათლდება და იკურთხება საღმრთო მადლის ზემოქმედებით, რამეთუ წმინდა სამების ქმედება ერთიანია.
წმინდა ათანასე ალექსანდრიელი

ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას წყალში სამგზის შთაფლვით თქვენც სამგზის კვდებოდით და სამგზისვე ხელახლა იშვებოდით, ასე რომ, ნათლისღების მაცხოვნებელი წყალი საფლავადაც შეიქმნა თქვენთვის და მშობელ დედადაც. მაგრამ ეს უბრალო მოგონება როდია უფალ იესო ქრისტეს სამდღიანი სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომისა, ეს სრულიად ახალი და უჩვეულო საქმეა. ჩვენ სინამდვილეში როდი ვკვდებით და ასევე სინამდვილეში როდი დავეფლვით, არც ნამდვილადვე ვეცმებით ჯვარს და შემდგომ მკვდრეთით აღვდგებით, - არა, არამედ ეს მიმსგავსება უფლის ვნებასა და მკვდრეთით აღდგომასთან მხოლოდ სახისმიერია, ხატოვანია, ჩვენი ხსნა - ცხონება კი ჭეშმარიტად, ნამდვილად აღესრულება.

***
ნათლისღების ემბაზში უბრალო წყალი კი არ არის, არამედ ქრისტეთი აღსავსე წყალია.

***
მირონცხებით მეორდება მორწმუნეებზე სულიწმინდის ის არსისმიერი გარდამოსვლა, რომელიც ქრისტეზე აღსრულდა მდინარე იორდანეზე, როცა მან იოანესაგან მიიღო ნათელი... და ეს ყოველივე თქვენზეც აღესრულება მირონცხების დროს სახისმიერად, ხატოვნად, იმიტომ, რომ თქვენ თვითონაც ქრისტეს ხატი ხართ.
წმინდა კირილე იერუსალიმელი

ვის მიმართ ნათელიღე? - მამისა მიმართ! კარგი. მაგრამ ეს ხომ იუდეველურიცაა... ძისა მიმართ! კარგი, ეს უკვე აღარაა იუდეველური, მაგრამ ჯერ არც სრულყოფილია. სულიწმინდის მიმართ! - შესანიშნავია, ეს უკვე სრულყოფილია. მაგრამ მხოლოდ მათ მიმართ და მათ მიერ ნათელიღე, თუ მათი საერთო სახელით? - დიახ, მათი საერთო სახელით - ყოვლადწმინდა სამების სახელით ნათელიღე. ეს სახელი - ჭეშმარიტი ღმერთის სახელია... ჰოდა, სწორედ ეს სახელი გწამდეს, "წარემართე და სუფევდი ჭეშმარიტებისთვის, სიმშვიდისა და სიმართლისა" (ფსალმუნი 44,5).
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

ქრისტეში ნათელღებულებს სამუდამოდ აქვთ მინიჭებული მადლი, რომელიც იმდენად მოქმედებს, რამდენადაც ვასრულებთ მცნებებს და განუწყვეტლივ გვეხმარება ფარულად. მაგრამ ჩვენს ხელშია, ვაკეთოთ თუ არ ვაკეთოთ სიკეთე ძალისაებრ ჩვენისა.
წმინდა მარკოზ განშორებული

ნათლისღებით ჩვენ ვხდებით ქრისტეს სხეულის ნაწილები და როცა ვცოდავთ, ამით ვხდებით ღვთის მკვლელები და ისევ უარვყოფთ ქრისტეს, მას შემდეგ, რაც შევუერთდით. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.

დაბოლოს, უკვე ნათელღებულებს შეგვიძლია ვეზიაროთ მის წმინდა ნაწილებს, რომელიც მაშინვე გვეძლევა, როგორც ნათლობის შემდეგ იორდანედან გამოსულ ქრისტეს მიეცა. და ჩვენ უკვე შეგვიძლია წავიდეთ აღსავლის კარისკენ, რომელშიც ჯერ ვერ შევალთ, მაგრამ რომლიდანაც გამოვა ქრისტე და გვაზიარებს თავის სისხლსა და ხორცს.

ამაშია ყველა სხვა საიდუმლოს არსიც.
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი
ბეჭდვა
1კ1