ვაი, რომ ადამიანები ყველაფერს გვიან ვხვდებით...
ვაი, რომ ადამიანები ყველაფერს გვიან ვხვდებით...
ქალბატონმა მანანა ქავთარაძემ პირველად მაშინ მოგვმართა, ,,კარიბჭეში", მკითხველის გვერდზე, ერთი ახალგაზრდა ვაჟის, კახას, წერილი რომ წაიკითხა და მისი ვინაობის დაზუსტება გვთხოვა. ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ავტორს გვარი არ მიუთითებია. შემდეგ წერილიც გამოგვიგზავნა, რომელიც მკითხველის გვერდზე გამოქვეყნდა. იქიდან შევიტყვეთ, რომ ქალბატონ მანანას კახას წერილი თავისი ერთადერთი, ტრაგიკულად დაღუპული შვილისა ჰგონებია. ჩვენ შინ ვეწვიეთ ქალბატონ მანანას და მანაც გვიამბო თავისი უდიდესი სევდის შესახებ:

- ჩემი ცხოვრება არასოდეს ყოფილა ია-ვარდით მოფენილი, ერთადერთ ვაჟთან, კახასთან ერთად, ვუმკლავდებოდი სიძნელეებს. შვილი დაოჯახდა, გული ხარობდა მისი ბედნიერებით, მაგრამ მალე ჩვენი გზები გაიყარა: მე ისრაელში წავედი მატერიალური მდგომარეობის გამოსასწორებლად, შვილი კი, მეუღლესთან ერთად, ამერიკაში გაემგზავრა. წმინდა მიწაზე, უცხო გარემოში, ჩემი ერთადერთი შვება ღმერთი იყო. დავდიოდი სალოცავად იმ ადგილებში, სადაც მაცხოვარი დაიბადა და ფეხი დაუდგამს. ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, წმინდა გიორგის საფლავზე მდგარს თვალწინ შვილი დამიდგა და უნებლიე ცრემლი წამსკდა. ალბათ დედის გული განსაცდელის მოახლოებას გრძნობდა...

ჩემი კახას დაღუპვის ამბავი რომ შევიტყვე, ყველაფერმა აზრი დაკარგა და სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი. როგორ უნდა ანუგეშო დედა, რომელმაც ღვთისგან ბოძებული ერთადერთი შვილი დაკარგა... მაგრამ ღმერთი თურმე ყველას გვანუგეშებს. შვილი 4 დეკემბერს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს, ჩამომისვენეს. წესის აგება მოხდა ზუსტად იმ დროს, როცა სამების ტაძარზე ღვთივკურთხეულ ჯვარს აღმართავდნენ. ჩემი შვილის მეგობარმა, ხატმწერმა მალხაზ რატიანმა კახას სულის საოხად მთავარანგელოზ მიქაელის ხატი დაწერა და სამედიცინო ინსტიტუტის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარს შესწირა. ხატი აკურთხეს და კახას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინეს. მე ხშირად დავდივარ აქ, ვლოცულობ და დიდი სიმშვიდე და შვება მეუფლება.

ერთხელ, ,,კარიბჭეში", ახალგაზრდა, სახელად კახა, წერდა თავისი ცხოვრების შესახებ და იმაზე, თუ როგორ მივიდა ჭეშმარიტ რწმენამდე. ჩემი ვაჟის ცხოვრებას გავდა იქ აღწერილი ამბავი. ძალიან მინდა და თითქმის დარწმუნებულიც ვარ, რომ ეს მისი წერილია.

მენატრება ჩემი კახა, ძალიან მენატრება... მაგრამ ასეთი ყოფილა უფლის ნება და ალბათ მე, მისი დედა, იმიტომ დამტოვა ამქვეყნად, რომ ვილოცო შვილის სულისთვის, მისი ცოლ-შვილის დღეგრძელობისა და ბედნიერებისთვის.

ჩემი ვაჟის გარდაცვალების შემდეგ სულ სხვა თვალით დავუწყე ცხოვრებას ყურება. მე რომ ისრაელში არ წავსულიყავი, ჩემი კახა რომ ამერიკაში არ გამგზავრებულიყო, დღეს ერთად ვიქნებოდით. მართალია, გაჭირვებამ გადაგვადგმევინა ასეთი ნაბიჯი, მაგრამ... ღმერთი ხომ საზრდოს ჩიტებსაც უგზავნის, ჩიტებს, რომლებიც არ შრომობენ და განა, აქ რომ დავრჩენილიყავით, ჩვენ, მის შვილებს, დაგვივიწყებდა? მაგრამ ვაი, რომ ადამიანები ყველაფერს გვიან ვხვდებით...

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ წუთისოფელში ვცხოვრობთ და ადრე თუ გვიან ყველა გავალთ აქედან, ეს გარდაუვალია. მთავარია გვწამდეს ღმერთი, ვინანიებდეთ ცოდვებს და ერთმანეთს სიკეთეს ვუკეთებდეთ. მხოლოდ ასე გადავრჩებით და დავიმკვიდრებთ მარადიულ სასუფეველს...

მოამზადა
ნინო ჩარგეიშვილმა
ბეჭდვა
1კ1