საღმრთო ლიტურგია და დაკრძალვის წესი მოსკოვის პატრიარქის კურთხევით ათონის პანტელეიმონის მონასტერში ჩასულმა სინოდის წარმომადგენელმა, სერგიევო-პოსადსკის არქიეპისკოპოსმა თეოგნოსტმა აღავლინა, რომელიც სინოდში მონასტერთა და მონაზონთა განყოფილებას ხელმძღვანელობს.
პანტელეიმონის მონასტრის ძმების მწუხარების გასაზიარებლად მონასტერში მივიდნენ ათონის ყველა მონასტრის წარმომადგენლები. იღუმენ იერემიასთან გამოსამშვიდობებლად პანტელეიმონის მონასტრის ძმობის ყველა წევრი, აგრეთვე მონასტრის დაქვემდებარებაში შემავალი ყველა სკიტის წინამძღოლები და ბერები, ათონის მთის ყველა რუსი კელიოტი შეიკრიბა.

მთელი ღამის განმავლობაში ცისკრის მსახურების დაწყებამდე მონასტერში, სადაც ახალგარდაცვლილი იღუმენი იყო დასვენებული, ბერები წმინდა სახარებას კითხულობდნენ.
ლიტურგიაში მონაწილეობა მიიღეს მონასტრის ძმებმა და სტუმრებმა. პანაშვიდს 300-მდე ადამიანი დაესწრო.

არქიეპისკოპოსმა თეოგნოსტმა გამოსათხოვარი სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც მამა იერემიას უდიდეს სულიერებასა და მონასტრის წინაშე მის დიდ დამსახურებაზე ისაუბრა.
დაკრძალვამდე მამა იერემიას ცხედარი წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის მთავარ ტაძარს შემოატარეს და შემდეგ სამხრეთის კედელთან დაკრძალეს, სადაც ტრადიციისამებრ კრძალავდნენ ამ მონასტრის წინამძოლებს. ათონური ტრადიციის თანახმად, სქემარქიმანდრიტ იერემიას სხეული კუბოს გარეშე იქნა დაკრძალული.

სქემარქიმანდრიტი იერემია პანტელეიმონის ამ ზღვისპირა მონასტრის მეათე იღუმენი იყო, ხოლო ზოგადად ათონის რუსული მონასტრის ისტორიაში იგი 91-ე იღუმენია 1016 წლიდან (პანტელეიმონის მონასტერი ამ ადგილას მე-18 საუკუნეში დაფუძნდა, მანამდე კი ის ზღვისგან მოშორებით მდებარეობდა).
იღუმენი იერემია 4 აგვისტოს 14 საათზე გარდაიცვალა სრულიად საღ გონებაზე და ცნობიერებაზე მყოფი, გარდაიცვალა მშვიდად 15 წუთში მას შემდეგ, რაც წმინდა ზიარება მიიღო. ბოლო წუთებში მის გვერდით მყოფი ძმები და ექიმები ამბობენ, რომ მამა იერემიას არ განუცდია ე.წ. სიკვდილისწინა აგონია, ის ჩაქრა, როგორც წმინდა სანთელი, უმტკივნეულოდ, მშვიდობიანად, რასაც ევედრებიან უფალს ყოველდღიურად მართლმადიდებელი ქრისტიანები.