გამთენიას ათონის მთიდან საქართველოში ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი ჩამოაბრძანეს, რომელიც სპეციალურად მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისთვის ფონდ "ივერიისას" ინიციატივით დაიწერა.
დღეს, 13:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ პარაკლისი გადაიხადა.
ხატი ხარების ბრწყინვალე დღესასწაულამდე (7 აპრილამდე) მახათას მშენებარე ტაძარში იქნება დაბრძანებული.
ხუთშაბათს, 7 აპრილს, 10 საათზე მშენებარე ტაძარში აღევლინება ხარების დღესასწაულის სამღვდელმთავრო წირვა.
ივერიის ღვთისმშობლის ხატთან ერთად საქართველოში ჩამობრძანდა ხატი ღირსი მამა გაბრიელ ათონელისა, რომელმაც გადმოცემის თანახმად მეთერთმეტე საუკუნეში ზღვიდან გამოაბრძანა ხმელეთზე ღვთისმშობლის ხატი.