ჩვეულებისამებრ, უპირველესად დეკანოზ გიორგი ჯიბუტს შევეხმიანე. გულწრფელი მოკითხვა და მადლიანი დალოცვა.
შემდეგ:
- ხვალ წალკაში მივდივარ.
გამახსენდა დიდი ლევან გოთუა და მისი პიესა "ჩაძირული სოფელი". კაშხლის აშენების გამო სოფელი უნდა დაიცალოს. მცხოვრებთა ამაო წინააღმდეგობა... სოფელი ნასოფლარი გახდა. მაგრამ დარჩა სოფლის ცენტრში ღვთის სახლი და მღვდელი, რომელმაც ტაძარი არ დატოვა... ტბამ ეკლესია მღვდელთან ერთად დაისაკუთრა - ღვთის სახლი და მღვდელი ჩაიძირა!
"საუკუნის წინანდელი სატკივარი დღევანდელობასთან შენივთებული" - აი, მართალი სიტყვის გაუტეხელი ძალა.
...2013 წლის 16 ნოემბერი. მამა გიორგი თავის სულიერ შვილებს - დავით მაღლაკელიძეს და ირინა გუდაძეს მაცნობს. მალე ქრისტინე სალუქვაძე და ელისო პაპასქუა შემოგვიერთდნენ. ქრისტინეს სადაურობას ვეკითხები.
- ჩემი დიდი ბაბუა ლიხაურელი იყო. მერე ფოთში დამკვიდრდნენ.
- ეს გოგონები მოხალისე პედაგოგები არიან. სხვადასხვა სოფლის არაქართულ სკოლებში ქართულ ენას ასწავლიან, - მითხრა მამა გიორგიმ.
მივყვებით გზას.
მზემ ღრუბლები ჩამოიშორა, თვალსაწიერში შორს ეკლესია აღიმართა.
- ჩვენი გზა სოფელ დაშბაში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრისკენ მიდის, - მიზუსტებს მამა გიორგი.
დღეს სომხურ სოფელში, X-XI საუკუნეებში, კლდეკარის ერისთავთ-ერისთავ რატი პირველის მიერ აგებული ჯვარგუმბათოვანი ეკლესია დგას.
საქართველოს წარსულისა და დღევანდელობის საერთო სატკივარი თვალწინ გვიდგას.
მომაგონდა ღვთისკაცი ექვთიმე - თაყაიშვილი - მის საღ გონებას, გულისმიერ და სულისმიერ ხედვას, ეროვნულ გრძნობას არც ეს კუთხე დარჩენია უნახავ-დაუნახავი და საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა სოფელ დაშბაშის წმინდა გიორგის ეკლესიის შესახებ, რომ ტაძარი შემკულია უნიკალური ჩუქურთმებით...
მხარის წარსულის გახსენებით შევდივართ სოფლის ორღობეში, ამოღმართებაში მამაკაცი დავინახეთ - ედიკ მელიქოვი გამოდგა. დამხვდურმა მოძღვარს შეჰღიმა:
- რა კარგია, რომ მობრძანდით... შინ ხომ არ გვეწვევით?
რამდენიმე მეტრიც არ გვქონდა გავლილი, რომ დავითმა მანქანა გააჩერა. ახლა ედიკ მელიქოვის ცოლი, ზინა შემოგვეგება.
- ამ სოფელში 2012 წლის აპრილში ამოვედით პირველად, მაშინაც ზინა შეგვხვდა. ეკლესიის გზაც მიგვასწავლა, გამოგვყვა კიდეც და მერე შინაც გვიმასპინძლა. მას შემდეგ ვმეგობრობთ, - გვეუბნება მამა გიორგი.
მათი თბილი შეხვედრის შემდეგ გზა გავაგრძელეთ. ტაძართან საქართველოს წარსული გველოდა.
ეს მხარე სადროშოს სარდლის, ვახუშტი ბაგრატიონის ნებით აღწერეს 1721 წელს. მხოლოდ ქართული გვარ-სახელები, კლდეკარის საერისთავოს ბაღვაშების რეზიდენცია. ბაღვაშები IX საუკუნის 80-იან წლებში არგვეთიდან ჩამოსახლდნენ, თრიალეთის ქედზე ააგეს კლდეკარის ციხე...
ახსოვს ისტორიას ერისთავთა თავდადებაც, ღალატიც, თურქთა თარეშიც და იქცა მხარე ნასახლარად... იყო რუსეთ-თურქეთის ომიც და... გაჩნდა ახალმოსახლეობა - სომხური დასახლება.
ახლა სომხურ სოფელში ვდგავართ ქართული ეკლესიის კედლებთან და ვუსმენთ მამა გიორგის, რომელიც ხმამაღლა კითხულობს ნუსხახუცურით ამოტვიფრულ სტრიქონებს: "მადლითა ღვთისაითა, ქრისტე, ადიდე რატი ერისთავთ-ერისთავი", "ქრისტე, შემიწყალე მელქისედეკ და შვილნი", "წმინდა გიორგი ნაქალაქევისა".
ტაძარში სიყვარულით შესცქერი ფრთოსან, წვერით გამოსახულ ანგელოსს, რომლის მსგავსი რაჭაში სხიერის ეკლესიაშია.
მოძღვარი პარაკლისს იხდის, ტაძარში საკმევლის, სანთლის სურნელი ტრიალებს, გალობა გულს, სულს და სმენას ატკბობს.
მამა გიორგი ლოცავს სრულიად საქართველოს, მრევლს. ასე მგონია, ეს ხმა მტრედების ღუღუნს შეუერთდა, მათი ფრთების ფარფატით თრიალეთის მთებს გადაწვდა და მთელ საქართველოს განეფინა.
მოძღვარი გვიყვება, როგორ შემოაღო პირველად ეკლესიის კარები მეუფე ანანიას ლოცვა-კურთხევით, როგორ მისცა უფალმა ძალა, სახელდახელოდ შეეკეთებინა ღვთის სახლი, ჩაესვა კარ-ფანჯრები. გაიმართა ტრაპეზი, სამკვეთლო, კრეტსაბმელი. ინებებს უფალი - იკურთხება ტაძარი, აღევლინება წირვა-ლოცვა და უფლის მადლი სხვაგვარად მოევლინება ადამიანებს, მთას და ბარს...
ფერდობზე დავეშვით. ამაღლებულ, გამორჩეულ ადგილას აღმართული ეკლესია გულსა და თვალში რჩება, საფლავებთან შევჩერდით.
აქაც თავისებური სიმშვიდეა! თუ ყურს მიუგდებთ, უთუოდ გაიგონებთ გარდასულთა ჩურჩულს - "ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე"...
მეგონა, გუშინდლად მექცა დღევანდელი-მეთქი. მამა გიორგიმ თბილად გაიღიმა:
- არა! ეს მრავლისმთქმელი დღე ისევ გრძელდება. სკოლაში გველოდებიან.
დაშბაშის სომხური საჯარო სკოლა - პედაგოგები, მშობლები, ეზოშივე გვეგებებიან. სიხარულით სავსე შეხვედრა. მაინც რაღაცას ვეძებ - გარეგნულად ლამაზი შენობა, მთების სიახლოვეს აგებული, მაგრამ ბავშვები?!
საფეხურებს ავყევით. ერთ-ერთი ოთახის კარი გაიღო და გაისმა ბავშვების აღტაცებული ხმები: ეხვევიან, კოცნიან მამა გიორგის.
ეს ურთიერთობაც შარშან, სოფელში პირველი სტუმრობისას დაწყებულია და გრძელდება. ახალ სასწავლო წელსაც ეწვია მამა გიორგი სკოლას, წიგნები, სასწავლო ნივთები აჩუქა ბავშვებს. მერე თბილისშიც წამოიყვანეს პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები. მოატარეს სამების ტაძარი, სახელმწიფო მუზეუმი, ზოოპარკი, მთაწმინდის ბომბორას პარკი, მაკდონალდსი... დაუვიწყარ შთაბეჭდილებად დარჩათ ეს დღე.
კონკურსიც მოაწყვეს სკოლაში ქართული ლექსების მხატვრულ კითხვაში. გამარჯვებულებს მამა გიორგიმ გადასცა წიგნები, ფულადი ჯილდო.
რა გამოიკვეთება დღეს? - გამოცხადებული იყო კონკურსი ქართულ კალიგრაფიაში.
მამა გიორგი, ქრისტინე და ელისო საკონკურსო სამუშაოს შემოწმებას შეუდგნენ. მეც ვათვალიერებ ბავშვების რვეულებს.
სტუმრად დაშბაშის სომხურ საჯარო სკოლაში
33 აბჯარში ჩასმული 33 ქართული ასო ლამაზად გამოკვეთილი წინადადებებით: "აი, ჩემი კარგი წიგნი", "მე ჩემი დედაენა სამუდმაოდ შევიყვარე", "შენს ამაგს ვინ გადაიხდის, საყვარელო საქართველო", "იაკობ გოგებაშვილი დიდი საბავშვო მწერალია", "საქართველოს მზეო, სულ იკაშკაშეო", "ტკბილი სიტყვა რკინის ჭიშკარს გააღებს", "უპატრონო თხაო მგელმა შეჭამაო", "ჩვენი ენა ქართული", "შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" შუქის მომტანია".
სანამ მე ამონარიდებს ვაკეთებდი (კონკურსში მონაწილეობდა 17 მოსწავლე, მე-2-დან მე-9 კლასის ჩათვლით), ჟიურიმ შედეგებიც გამოაცხადა: I ადგილი - ანეტა მარტიროსიანი, II ადგილი - ვოვა მელიკოვი, ვლადიმერ კალაჩიანი, III ადგილი - ალექსანდრა ატიუტუნიანი, ვლადიკ ზალოიანი, ანდრანიკ აგაჯანიანი.
მოძღვარმა გამარჯვებულებს განსაკუთრებული, ხოლო კონკურსის ყველა მონაწილეს - საჩუქრები გადასცა.
განა მხოლოდ კალიგრაფიის სილამაზით გაგვახარეს ბავშვებმა. ქართული სიმღერებით, ლექსებით. თითოეულს თვალებში საოცარი სითბო, მადლიერება ჩასახლებოდა.
და იცით, ვინ იყო ამ საოცარი დღის მოთავე და სულისჩამდგმელი - მამა გიორგი, სკოლის დირექტორი ევა კალაჩიანი, ქართული ენის მასწავლებელი მაია გრიგორიანი, მუსიკის მასწავლებელი ჟანა კალაჩიანი, სკოლის ყველა პედაგოგი და მშობელი.
ღონისძიების დამთავრების შემდეგ სკოლა დავათვალიერე. ჩემი მეგზური ქალბატონი ევაა: სკოლის ბიბლიოთეკა - ქართული წიგნებით, კედლის გაზეთი - "ქართული მწერლობა", "მასწავლებლის 10 მცნება", "ეთიკის კოდექსი". ჩილელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი გაბრიელა მისტრალი პედაგოგებს ჩააგონებს: "გახსოვდეს, შენი პროფესიულობა ხელობა კი არა, ღმრთისმსახურებაა".
ჩემი ყურადღება მიიქცია კედლის გაზეთმა "მე მიყვარს დაშბაში". იგი გარდაცვალების წინ საკუთარი ხელნაწერ-წერილებით სკოლისთვის სახსოვრად დაუტოვებია მოხალისე ახალგაზრდა პედაგოგს ეკა ნაროუშვილს, რომელიც გამოსათხოვარ წერილს ასე ამთავრებს: "უნდა წავიდე, უნდა შეგელიოთ, დროებით, არა - მშვიდობით!"
ქალბატონი ევა საოცარი სითბოთი წარმოთქვამს ეკას სახელს - სომეხ ბავშვებს შეაყვარა ქართული ენა, მწერლობა, ხელოვნებაო.
ეს - რაც იყო გუშინ და რაც არის დღეს, სახვალიოდ. მოძღვრის, პედაგოგების, მშობლების საერთო სურვილია, მოაწყონ საშობაო დღესასწაული, რომელშიც მთელი სოფელი მიიღებს მონაწილეობას.
გულთბილი შეხვედრა გულთბილი გამოთხოვებით და მომავალი შეხვედრის სურვილით დამთავრდა.
თბილისისკენ მომავალთ გრძნობამორეულებს ხმა კარგა ხანს არ ამოგვიღია. მერე გადავწყვიტე, მამა გიორგი გამეცნო მკითხველისთვის:
იგი 1961 წელს ჩოხატაურის რაიონის სოფელ შუა განახლებაში დაიბადა. შრომისმოყვარე და გამრჯე ჭიჭიკო და გუგული ჯიბუტები სამ შვილს ზრდიდნენ. მამა გიორგის კარგად ახსოვს, ექვსი წლის შვილიშვილს ბაბუა კალისტრატე როგორ ასწავლიდა პირჯვრის გადაწერას.
- საქართველოში ეკლესია და პატრიარქი რომ არსებობდა, იცით, როგორ გავიგე? - გაზეთ "კომუნისტში", მეოთხე გვერდზე პატარა ინფორმაცია იყო დაბეჭდილი - გარდაიცვალა საქართველოს პატრიარქი დავით მეხუთეო, - იგონებს მოძღვარი.
წმინდა ნინო, წმინდა გრიგოლი სომეხთა განმანათლებელი,
წმინდა რიფსიმე და წმინდა გაიანე
ბავშვური ინტერესი გაიზარდა, ისიც გაიგო, რომ ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯიხეთში იყო დედათა მონასტერი. მეათე კლასის მოსწავლე მშობლებმა ჯიხეთში წაიყვანეს.
- მაშინ პირველად დავანთე სანთლები! - დაფიქრებით ამბობს მამა გიორგი. და გაუნათა ამ სანთლებმა გზა: გახდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი. სტუდენტობისას ისევ წავიდა ჯიხეთის მონასტერში. აქ გაიცნო მამა თევდორე ჩიხლაძე - იგი ეზოში, კარავში ცხოვრობდა. მერე გაიცნო მამა მელქისედეკ მიქავა, დედა დუსია, რომელიც მონასტერს უვლიდა.
1980 წელს მამა მელქისედეკმა მონათლა. დაამთავრა უნივერსიტეტი და ეკონომისტად ჩარხმშენებელ ქარხანაში დაიწყო მუშაობა.
გული მაინც სხვას სთხოვდა - ეს იყო ღმრთის სახლი. ამიტომაც დაამთავრა ჯერ თბილისის სასულიერო სემინარია, შემდეგ აკადემია. ვინ იყვნენ მისი პედაგოგები, - ცნობილი პიროვნებები: მარიკა ლორთქიფანიძე, ზაზა ალექსიძე, გრივერ ფარულავა, სერგო ვარდოსანიძე.
რექტორი იყო მამა გიორგი გამრეკელი (ამჟამად მიტროპოლიტი იოანე). რა დამავიწყებს მის გულისხმიერებას, ყველას გვიცნობდა, იცოდა, რომ ეკონომიკურად მიჭირდა და ყოველ თვეში 100 მანეთს მჩუქნიდა.
განსაკუთრებული სიღრმით ახსოვს 1981 წლის ივნისი, როცა ჯვარი ირმა ყაჭეიშვილზე მენჯის (სენაკის რაიონი) მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში დასწერა ნათლიამ, მამა მელქისედეკ მიქავამ.
მერე უფრო ჩაერთო ღმრთისმსახურებაში - 1993 წლის აგვისტოში, ბათუმის ღმრთსმშობლის საკათედრო ტაძარში ბათუმ-შემოქმედელმა ეპისკოპოსმა იობმა (აქიაშვილი) მღვდლად აკურთხა და დაადგინა ერკეთისა და უდაბნოს ეკლესიებში. 2002 წლიდან თბილისის საბურთალოს ამაღლების ტაძრის მოძღვარია, 2003 წლიდან ვაკის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარია.
დღეს მამა გიორგი 9 შვილის მამაა, სამი დაოჯახებულია.
მადლიერია ბატონი პაატა ბურჭულაძისა და ფონდ "იავნანასი", რომელთაც საცხოვრებელი ბინა გადასცეს, სადაც მისი ახალდაქორწინებული შვილი ცხოვრობს.
ლოცვით და მოწიწებით წარმოთქვამს მამა გიორგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სახელს, რომელმაც შარშან, ამაღლების დღესასწაულზე, დეკანოზი გიორგი ჯიბუტი დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრით.
წლების მანძილზე თავად ვხედავდი, მამა გიორგი როგორ საგანმანათლებლო მოღვაწეობას ეწეოდა გურიაში. მისი რედაქტორობით გამოდიოდა გაზეთი "მნათობი" და ჟურნალი "უდაბნო", საგულისხმოა, რომ ის ამ გზას ისევ აგრძელებს.
კიდევ რამდენი რამის თქმა შეიძლება მის პიროვნებაზე, როგორც ღმრთისმსახურზე, მოქალაქეზე, ოჯახის თავკაცზე... რაოდენ ბევრის მთქმელია მისი მიმოსვლა წალკის რაიონის სოფელ დაშბაშში, ურთიერთობა პედაგოგებთან, მშობლებთან, მოსწავლეებთან.
16 ნოემბერი ჩემთვის (და არა მარტო ჩემთვის) იყო დღე დიდი შთაბეჭდილებისა, ისევ და ისევ დანახვა და გააზრება იმისა, რომ საქართველო ღმრთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, იყო, არის და იქნება ძმობის, სიყვარულის, ურთიერთობის გაფრთხილების სიმბოლო.
წამოვედით ტაძრიდან და გამოგვყვა ლოცვა წმინდანებისა, რომელთა ხატი ტაძარში მოწიწებით შეაბრძანა მამა გიორგიმ, ხატი, რომელიც საგანგებოდ ამ ტაძრისთვის დაიწერა. საოცარი იყო განცდა და მიახლება ტაძართან, რომელთანაც საქართველოს წარსული გველოდა. გმადლობთ, მამა გიორგი, მადლობა, უფალო, ყველაფრისთვის.
ეთერ ქადეიშვილი